ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ბებოს, რომელმაც 17 წელი ემიგრაციაში გაატარა, დანაპირები შეუსრულა – ჩემპიონი გახდა და ბებო ოჯახში დააბრუნა.
ეთერ წიკლაური: სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ ბედნიერების გამოსახატავად. თუმცა, სანამ მოიგებდა, მაშინ უფრო დიდ განცდებში ვიყავი, ახლა თითქოს ბოლომდე ვერც ვიაზრებ, რაც მოხდა. როცა ლაშიკო ჭიდაობს, ისე ვნერვიულობ, ეკრანს ვერ ვუყურებ, არ შემწევს ძალა და ნებისყოფა, ცუდად ვხდები. მერე, როცა „ფეისბუკზე“ შედეგები იდება და ტელეფონზე ზარები შემოდის, ვხვდები, რომ მოიგო. თუ არ მოიგო, არც არავინ დამირეკავს. მაგრამ სიმართლე გითხრათ, არავისი არ მჯერა, სანამ თვითონ ლაშიკო არ დამირეკავს და არ მეტყვის: ბებო, ხარ ახლა ბედნიერი?! ამ შეკითხვას ველოდები ხოლმე და მერე ვწყნარდები. „ნუთუ მართლა?!“ – ამას ვფიქრობდი, როცა ოლიმპიადიდანაც ამ სიტყვებით დამირეკა. მანამდეც დამირეკეს – ეს რა ბედნიერებაა, ცალი ხელით მოიგოო და ვერ ვიყავი კარგად, ვერ დავიჯერე. სხვებმა უფრო გაითავისეს ეს გამარჯვება და ყველას ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულშემატკივრობისთვის. ეს ხომ მარტო ერთი ადამიანის წარმატება არ არის, მთელი საქართველოს გამარჯვებაა და საკუთარი სამშობლო ყველას უყვარს, ამიტომაც ყველას უხარია.
– როდის მიიყვანეთ სპორტზე?
– ექვსი-შვიდი წლიდან დაიწყო. მამამისმა მიიყვანა, რადგან თვითონაც სპორტის დიდი მოყვარულია. ლაშიკოს თავიდან დიდად არ მოსწონდა. მაგრამ პირველად რომ გაიმარჯვა და მედალი ჩამოჰკიდეს, ისეთი სტიმული მიეცა, მას შემდეგ სულ ცდილობდა, ყველაფერი გაეკეთებინა გამარჯვებისთვის.
– თქვენ როდის წახვედით ემიგრაციაში?
– 2003 წელს წავედი. სამი ობოლი გავზარდე, ვასწავლე – ბიჭმა სასოფლო დაამთავრა, ლაშას დედიკომ ფიზიკა-ინფორმატიკის მიმართულება, პატარამ – საექთნო. 90-იან წლებში ძალიან გვიჭირდა სტუდენტების შენახვა. ეს წლები ყველასთვის ძალიან მძიმე იყო, მაგრამ სანამ სწავლას არ დაამთავრებდნენ, მანამდე ვერ დავტოვებდი და რომ მორჩნენ, მერე წავედი ემიგრაციაში. მერე უფროსმა გოგომ ოჯახი შექმნა, ჩემს ბიჭს სამსახური არ ჰქონდა, მაგრამ გულხელდაკრეფილი არ მჯდარა, საქმე სულ ჰქონდა და ოჯახის მარჩენლის როლს ასრულებდა. საუბედუროდ, 2007 წელს ავარიით გარდამეცვალა. ამის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და ორი წელი აქ ვცხოვრობდი. მეორე გოგო საბერძნეთში მყავდა თავის ოჯახით. შვილის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, გადავწყვიტე, ისევ წავსულიყავი, მაშინ ასე იყო საჭირო. ახლა ლაშიკოს დამსახურებით დავბრუნდი. მას ძალიან უყვარს დიდი ოჯახი, ყველა ერთად რომ ვართ, ბედნიერია. ახლა მოდის და სულ მეფერება, – რა ბედნიერებაა, არ მჯერა, რომ ჩვენთან ხარო.
– პირობა მოუცია თქვენთვის, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდები და სახლში დაგაბრუნებო. ეს როდის მოხდა?
– სამი წელია, ამას მეუბნება, შენ უნდა ჩამოგიყვანოო და აასრულა. ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ვერც ვიფიქრებდი, მაგრამ მისი მჯეროდა. რამეს რომ ჩაიფიქრებს, გამოსდის. ამ ოლიმპიადაზე იმხელა განცდა მქონდა, არ ვიცი, რა სახელი დავარქვა. რომ ვფიქრობ, ახლაც არ მჯერა. ექიმიდან ექიმთან გადადიოდა, ხელი ტრავმირებული ჰქონდა და უფრო მეტად ამის გამო ვნერვიულობდი.
– როგორი იყო ცხოვრება ემიგრაციაში?
– ემიგრაციაში ცხოვრება არავისთვის არის მარტივი. იქ ისეთ რამეს რომ ვხედავდი, რაც აქ არ მქონდა ნანახი, საკუთარი თავის მშურდა, საკუთარი თვალების მშურდა, იმიტომ, რომ მე ვხედავდი და ჩემი შვილები – ვერა. არ მინდოდა, რამე კარგი დამენახა ჩემი შვილების გარეშე. საერთო ჯამში 17 წელი გავატარე ემიგრაციაში. თუმცა საბუთი მქონდა და ჩამოვდიოდი ხოლმე, ზოგჯერ ექვსი თვითაც დავრჩენილვარ.
შვილის დაღუპვის შემდეგ საერთოდ აღარ ვფიქრობდი იქ წასვლაზე, მაგრამ ყოველდღე რომ გავდიოდი საფლავზე, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა იცვლება, საფლავზე იჯდები, სახლში თუ სხვა ქვეყანაში-მეთქი?! ასე იყო საჭირო და ისევ წავედი, მაგრამ პირველად ძალიან გამიჭირდა. სადაც მუშაობას დავიწყებდი, ყველგან საფლავებს ვეძებდი, რომ გავსულიყავი და ერთი ყვავილი მიმეტანა. საბერძნეთი ქრისტიანული ქვეყანაა, ბევრი საერთო გვაქვს, მცირედი სხვაობებით. საბედნიეროდ, ქართველებს გვქონდა ეკლესია ქართველი მამაოებით, სადაც ისინი წირვას ატარებდნენ. მაგრამ სადაც არ უნდა იყო, შენი სამშობლოსა და სახლის გარეშე ძალიან რთულია.
– მეუღლეც ადრე დაგეღუპათ?
– 29 წლის ვიყავი, ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა. 19 წლის გავთხოვდი და სამი შვილით დავქვრივდი. მეუღლე 36 წლის იყო, როცა დაიღუპა. სათევზაოდ იყვნენ წასულები და წყალში დაიხრჩო, გული გაუჩერდა. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა. ძალიან ახლო მეგობრებთან ერთად იყო და ისინი ტყუილს არ მეტყოდნენ.
– რთული იქნებოდა სამი შვილის ფეხზე დაყენება, თან სამივესთვის მიგიციათ განათლება.
– ჩემი მეუღლე 1986 წელს გარდაიცვალა. იმ დროს ასე არ გვიჭირდა საქართველოში. ფუფუნებაში არ ვცხოვრობდი, მაგრამ სამსახური მქონდა და ობლების დედა ვიყავი, ამიტომ ვიცოდი, რომ იმაზე მეტი უნდა მემუშავა, ვიდრე შემეძლო. როგორც ყველა ობლის დედა, ვცდილობდი, ისე გამეზარდა შვილები, რომ მატერიალურად მაინც არ ეგრძნოთ ობლობა. თავის მოვლისა და ძილის ფუფუნება, რა თქმა უნდა, მოკლებული მქონდა, ღამე საჭმელი უნდა გამეკეთებინა და ყველაფერი მომეწესრიგებინა, რომ მეორე დღეს სამსახურში წავსულიყავი. ნამდვილად შევძელი, მაგრამ მერე ფული რომ შეიცვალა და დრო აირია, ძალიან გამიჭირდა. ის პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. ჩემმა ბიჭმა ძალიან პატარა ასაკში აიღო პასუხისმგებლობა ოჯახის წინაშე. უცებ დიდი გახდა და ზრდასრული კაცივით მედგა გვერდით. ვოცნებობდი, ჩემი შვილები უსწავლელები არ დარჩენილიყვნენ.
– გამოგივიდათ და უფრო მეტიც – ოჯახში ოლიმპიური ჩემპიონიც აღზარდეთ.
– ახლა ლაშიკომ ყველაფერი შეცვალა. რაღაც მომენტებში ვერც ვითავისებ, რომ ეს მოხდა. ვფიქრობ ხოლმე: ნუთუ შეიძლება, ჩემნაირ უბედურ ქალს ბედნიერი დაერქვას-მეთქი. ლაშიკო ძალიან გულახდილია, ხალხი ძალიან უყვარს. ამბობს ხოლმე, ნეტა შემეძლოს, ყველას სათითაოდ ვუთხრა, რომ მიყვარსო. რაღაცნაირი ბავშვია, ძალიან მოსიყვარულე და მესაიდუმლედ გამიხდა. ახლა კი არა, ბავშვობიდან ისეთია, ვერაფერს დაუმალავ. ბოლომდე ჩაგკირკიტებს (იცინის). პატარაობიდანვე ძალიან უყვარდა მოხუცებულები. ახლაც, სოფელში რომ ჩავედით, სულ მოხუცებულებს ეძებდა, რომ ჩახუტებოდა. ძალიან მოძრავი ბავშვი იყო, ცხოველები უყვარს და სულ იცოდა, სოფელში ვის კურდღლები ჰყავდა, ვის – სხვა რამე, ყველაფერი აინტერესებდა. ნიჭიერი ბავშვი იყო, სკოლაში მოუსვენარი და მოუთმენელი. ვერ ითმენდა გაკვეთილის დამთავრებამდე, მასწავლებელი გაკვეთილს რომ უხსნიდა, მივიდოდა და კოცნას დაუწყებდა, უცნაური იყო (იცინის). ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი თავი ყველაფრის შემძლე მგონია, მაგრამ ამას რომ ვუყურებ, ისეთი დატვირთვა აქვს, ვფიქრობ ხოლმე, როგორ უძლებს ამდენს-მეთქი.
რაც დავბრუნდი, სადაც არ უნდა მიიპატიჟონ უნდა ყველგან წამიყვანოს, სულ თან დამატარებს. პატარაც ასეთი ყურადღებიანი იყო. ერთხელ ჩამოვედი და მეუბნება, გადასასვლელზე მარტო არ გადახვიდეო (იცინის). ძალიან გულიანი და ემოციურია. მასწავლებელი გარდაეცვალა და არ სცილდებოდა, ძალიან განიცდიდა. სხვა შვილიშვილებიც მყავს, მაგრამ ეს სხვანაირია. რამეზე ან ვინმეზე გული რომ დამწყვეტია, ეს მაშინვე მეუბნებოდა, არა, ეგრე არ იქნებოდაო.
ისეთია, საყვედურს ვერ მისცემ, შემოგხედავს და გეტყვის, აი, შენს თვალებში ვკითხულობ ყველაფერსო და გადაგაფიქრებინებს. უცებ იპოვის ხოლმე გამოსავალს (იცინის).
ადამიანი რაც არ უნდა გახარებული იყო, თუ შენი ბედნიერება ხალხმა არ გაიზიარა, რთულია. მე ვატყობ, რომ ხალხი ძალიან ახალისებს ლაშიკოს, ადამიანები დიდ სტიმულს აძლევენ. თვითონაც ძალიან მოსიყვარულეა და ღმერთმა ქნას, სულ ასეთი იყოს. ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის, ღმერთმა ყველა ასეთი გახარებულები გამყოფოთ.
წყარო: „თბილისელები“
კომენტარები