ჩვენ განვიხილავთ, რა შეგვიძლია, რეგიონში ერთმანეთის პოტენციალი უფრო გავზარდოთ, საუბარია ტრანზიტულ გზებზე, პროექტები ხორციელდება ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, ჩვენ განვიხილავთ პროექტებს და შესაძლო გადაწყვეტებიდან ყველაზე შედეგიან ვარიანტს მოვძებნით, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სომხეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა კოვიდ-პანდემიის პერიოდში ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას და ამ კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
„კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ჩვენი სპეციალისტები თანამშრომლობდნენ და თანამშრომლობენ, აქაც მზაობა გამოვთქვით, ამ ბოროტების წინააღმდეგ ერთობლივად ვიბრძოლოთ და გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები. ჩვენი ურთიერთობებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოში მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორის არსებობა და ვფიქრობთ, საქართველოს სომხები, როგორც საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები, გააგრძელებენ მხარდაჭერას და საქართველოს ერთიანობის, განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი აქტორები იქნებიან. მადლობას მოვახსენებ საქართველოს მთავრობას იმ შესაძლებლობებისთვის, რაც შექმნილია საქართველოს სომხების თვითმყოფადობის განვითარების შენარჩუნების საქმეში. ეს თემა ჩვენ გვაერთიანებს და ჩვენს ურთიერთობებს უფრო შედეგიანს და სტრატეგიულს ხდის. ჩვენ უამრავი საკითხი განვიხილეთ. ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგი ძალზე ფართოა. მნიშვნელოვანია, რომ დავაფიქსირეთ, რომ ორიენტაცია უნდა ავიღოთ იმაზე, რომ ჩვენი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროშიც აისახოს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
კომენტარები