„ძალიან გამოცდილი, პროფესიონალი კადრი, რომელსაც აქვს კარგი ცოდნა და ზუსტად იცის რა სჭირდება სიღნაღის მუნიციპალიტეტს,“- ამ სიტყვებით 14 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, მალხაზ ბეგიაშვილი წარადგინა.
მალხაზ ბეგიაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლად, კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილედ. 2004 წლიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო შემდგომ ფინანსთა მინისტრის მოადგილედ აგრძელებს კარიერულ მოღვაწეობას. მას აგრარული, რეგიონული მართვის და პოლიტიკის დარგებში საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცილება აქვს. 2019 წლიდან არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.
მერობის კანდიდატს, საინტერესო ხედვები და გეგმები აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა და მხარი დამიჭირა ჩემს მშობლიურ კუთხეში ვიყო მერობის კანდიდატი. ეს ჩემთვის დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ბოლო წლების განმავლობაში უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, რისთვისაც ცენტრალურ ხელისუფლებას დიდ მადლობას ვუხდით. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული და უახლოეს პერიოდში დასრულდება. ჩვენ მივდივართ წინ, თუმცა ვხედავთ, რომ არა ერთი საქმე კიდევ მოსაგვარებელია. მოგეხსენებათ, რომ 2019 წლიდან ვმუშაობ მერის მოადგილედ და ეს დრო საკმარისი იყო, რომ ზუსტად გამეგო და გამეთავისებინა ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც არის თითოეულ სოფელში”, – განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების კანდიდატს, მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმაც აქვს და მის შესასრულებლად, მომავალი 4 წლის განმავლობაში გუნდთან ერთად აქტიურად მუშობას აპირებს.
“რა მიმართულებით განვითარდეს მუნიციპალიტეტი, ამისთვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები და ინიციატივები, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ეს შეეხება როგორც ინფრასტრუქტურას – სოფლებში მოწესრიგებულ წყალმომარაგებას, შიდა სასოფლო გზებს, სკოლამდელი განათლების ხარისხიან ხელმისაწვდომობას, ახალგაზრდული ინიციატივებისათვის საჭირო სივრცეების უზრუნველყოფასა და მათი საქმიანობების მხარდაჭერას, ასევე, ტურიზმის, მათ შორის აგროტურიზმის, აგრომეურნეობებისა და გადამამუშავებელი თუ შემნახველი საწარმოების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ვფიქრობ, რომ სწორი, თანმიმდევრული და გამართული მუშაობით, მოსახლეობასთნ კომუნიკაციით და მათი უშუალო ჩართულობით გადავწყვიტოთ ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები. ზოგადად, ჩვენი მიდგომა ასეთია-რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს თვითმმართველობის საქმიანობაში. მინდა მივმართო ჩემს ამომრჩევლებს – ჩემო ქიზიყელებო, მე ვიცი ნდობის ფასი. ვიცი, რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ თითოეული თქვენგანის წინაშე. თუმცა მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ და ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ,“- განაცხადა „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2 ოქტომბერს გაიმართება.
კომენტარები