მურმან კაკაბაძე, სოციალურ ჯგუფში, “stopcov აჭარა” აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“დღეს ვიყავი აცრაზე უსაფრთხოდ წავედი სოფლიდან ბათუმში…”
31 აგვისტოს, მურმანი, იგივე ჯგუფში წერდა:
“გამარჯობა! კოვიდის საწინააღმდეგოდ ავიცერი პირველი დოზით, მეორე დოზა 7 ში მიწევს, მაგრამ ტრანსპორტი გააუქმეს. სოფლიდან მომავალი მიკროავტობუსები დადის მაგრამ ხალხი ტრანსპორტში “კილკასავით” დაპრესილია, მეშინია ასეთი ტრანსპორტით გადაადგილება. ჯანდაცვა რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით ნეტა?”
მაშინ, მურმანს ამ წერილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა და დახმარებას დაპირდა, თუმცა, ქალბატონმა ნინომ იქვე დასძინა:
“იმაშიც დარწმუნებული ვარ სხვა მიზეზით ყველა ახერხებს ქალაქში ჩამოსვლას, ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ვაქცინაციას”
ქალბატონო ნინო, პური როცა უნდათ და პროდუქტი კარგად დადიან გადავსებული ტრანსპორტით. კი, იძულებულნი არიან, მთავრობა ხდის ისევ იძულებულს, არ აკონტროლებს და არ ამატებს ტრანსპორტს. თუ უფრო გავუჭირვებთ, ჯერ საბარგულით წავლენ მოქალაქეები ასაცრელად და მერე ფეხით. კარგია, რომ გცოდნიათ, რომ სხვა დღეებში, პანდემიის პირობებში, გადავსებული ტრანსპორტით დადიან ადამიანები.
“ალია” კი შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ეხმარება ადამიანებს აცრის პუნქტამდე მისვლაში, “ალიას” არაერთი ადამიანი ურეკავს ამ პრობლემით.
“ალია” დაინტერესდა, რა უპასუხა მურმანს მინისტრმა, რომელიც ღიად დაპირდა დახმარებას კომენტარში, მურმანმა გვიპასუხა, რომ მინისტრმა, რომელმაც საჯაროდ უპასუხა და პირადი მონაცემის გადაგზავნა სთხოვა, რათა, “დახმარებოდა”, არც კი გახსნა მისი გაგზავნილი წერილი!
აქვე გეტყვით იმასაც, რომ საჯარო პოსტზე მინისტრი მოქალაქეს ამცრელი ბრიგადის გაგზავნას დაპირდა, ბევრად უფრო ადეკვატური იქნებოდა, პირიქით, მოქალაქის გადაყვანა მოეხდინათ ამცრელ პუნქტამდე და ამცრელი ბრიგადები შშმ და ხანდაზმულ პირებთან გაეგზავნათ. თუმცა, საბოლოოდ, როგორც ხედავთ, არც ერთი გააკეთეს, არც მეორე და ტრანსპორტიც “უსაფრთხოდ” გადატენილია.
კომენტარები