ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე.
– ბატონო დემურ, პანდემიის მართვის კუთხით, კატასტროფული ვითარებაა ქვეყანაში. არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ განმეორებულ მეორე, მესამე თუ მეოთხე ტალღის მერე, არ გაორმაგებულა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ჩვენს გარდა. დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, ყოველდღე ათასობით ადამიანია. რაც არ უნდა იძახონ, რომ ეს არის დაგვიანებული ვაქცინაციის, ხალხის ნაწილი რომ არ იცრება, იმის ბრალი, ხალხი რომ რეგულაციებს არ იცავს, იმის ბრალი, არ მჯერა. ეს არის უპირველესად, ხელისუფლების და კონკრეტულად, იმ სახელისუფლებო წრეების ბრალი, ვისაც პანდემიის მართვა ევალება და სხვა მიზეზებსა და ხალხის პასუხისმგებლობაზე მერე შეიძლება ვილაპარაკოთ. თქვენ სხვა მიზეზს ხედავთ?
– მე საკუთრივ სამედიცინო მხარეს არ შევეხები, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. თუმცა, ვაკვირდები ამ სიტუაციას და ცხადია, ვფლობ გარკვეულ ინფორმაციას. მთავარი, რაც საქართველოში მოხდა, ეს ნდობის დაკარგვაა. ნდობის დაკარგვაა ხელისუფლებისადმი, სამედიცინო სფეროსადმი, ნდობის დაკარგვა იმ ხალხის მიმართ, ვისაც უშუალოდ ევალება პანდემიის მართვა. ძალიან კარგად ვხვდებოდით, რა კატასტროფული რეფორმები გაატარა „დიდმა რეფორმატორმა “თავის დროზე, როდესაც, ფაქტობრივად, გაანადგურა ჯანდაცვის სისტემა მოდერნიზაციისა და მისი ცივილიზებულ რელსებზე გადაყვანის ნაცვლად…
– „დიდ რეფორმატორში“ კახა ბენდუქიძეს გულისხმობთ?
– დიახ, დიახ. სამედიცინო სფეროში რეფორმის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ სრული აბსურდი. საქართველოში განსხვავება არ არის სასურსათო მარკეტს, უნივერსიტეტსა და სამედიცინო დაწესებულებას მართვას შორის. ეს იყო სწორედ იმ ყალბი, ნეოლიბერალური შეხედულებების შედეგი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში სანაგვეზეა გადაგდებული, საქართველოს გარდა. ამიტომ, ნდობის მომენტი, ნდობის დეფიციტი არის და პლუს პროფესიული შეცდომები სამედიცინო სფეროდან და ხელისუფლებიდან პანდემიის მართვაში ჩართული ადამიანების მიმართ. მათ ვერ მოზომეს, მათმა დემაგოგიამ ადამიანები გააღიზიანა. მათმა არაკეთილსაიმედოობამ დაუკარგა ხალხში ნდობა. ამირან გამყრელიძეა და ინტერესთა კონფლიქტის სფეროში მოქმედებს. მისი მოადგილე, პაატა იმნაძეა და სრული დემაგოგიის გზას დაადგა. ცნობილ ვირუსოლოგს, შესანიშნავი ექიმს, თენგიზ ცერცვაძეს უსუსტესი მოქალაქეობრივი პოზიცია აქვს. როდესაც შენ პროფესიული ლექსიკის ნაცვლად, პროპაგანდისტული ლექსიკის გამოყენებას იწყებ, ამას ადამიანები ხვდებიან. ამ სამედიცინო ისტებლიშმენტმა და მასთან დაახლოებულმა სახელისუფლებო წრეებმა, საკუთარი ინტერესების ფარგლებში იმოქმედეს. ეს კი ძალიან ყვირის და მათ ნდობას უკარგავს. მე ვფიქრობ, ალბათ, მოვა დრო და ყველაფერი გაანალიზდება. შეუძლებელია, ექიმი გეუბნებოდეს იმას, რომ ელოდება მითითებას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისგან და მერე იმოქმედებენ, მისგან მიღებული დირექტივით თუ პროტოკოლით გიმკურნალებს. შენ გყავს შენი ავადმყოფი, რომელსაც არ შეიძლება დირექტივების დონეზე უმკურნალო, რადგან ყველა ადამიანში, ყველა დაავადება ინდივიდუალურია. მე ვფიქრობ, ეს ბევრი შეცდომის ბრალიც არის. ან მითითების ლოდინის ბრალიც არის. პროფესიული საქმიანობის ნაცვლად, წმინდა გავლენის სფეროში მოხვედრის შედეგია. არადა, რაშია საქმე, იცით? შემიძლია, ოჯახების დონეზე გითხრათ – ამერიკაში ექიმების საშუალო დონეზე, ჩვენი ექიმების საშუალო დონე გაცილებით მაღალია. ამერიკის ძლიერ სამედიცინო ცენტრებში, ცხადია, სულ სხვა სიტუაციაა, მაგრამ მოსახლების დონეზე, იმ სფეროებში, რომელსაც მასობრივად აქვთ ადამიანებს შეხება, საქართველოში ამ მხრივ უფრო მაღალი სამედიცინო დონეა. სამწუხაროდ, ჩვენი ექიმები მოექცნენ პოლიტიკოსთა გავლენის ქვეშ და მათ დაკრულზე დაიწყეს ცეკვა. პროფესიული ლექსიკა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ ექვემდებარება ხელისუფლების ზეწოლას და პროპაგანდისტულ პოლიტიკურ ინტერესებს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთან უკუღმა მოხდა და მედიცინა პოლიტიკურ ინტერესებს დაექვემდებარა. ამის სავალალო შედეგი კი სახეზე გვაქვს.
კომენტარები