საზარელი ტრაგედია მოხდა თბილისში, სადაც ახალგაზრდა კაცმა დედა მოკლა და დაწვა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ელის.
62 წლის ქალი, 29 წლის შვილთან ერთად ისანის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობდა. ოჯახი სოცილურად დაუცველი იყო, მატერიალურად უჭირდათ და მეზობლები ხშირად ეხმარებოდნენ. ქალი კარგად ხატავდა და ყოველ საღამოს რესტორნებსა და სახინკლეებში ხალხის დასახატად დადიოდა. მეზობლებს ხშირად უნახავთ, ღამით შინ მომავალი საჭმლის პარკით – რესტორნებიდან შვილისთვის მორჩენილი საჭმელი მოჰქონდა.
შვილი სიტყვიერ შეურაცხყოფას ხშირად აყენებდა დედას, ის კი მის დამშვიდებას ცდილობდა. მათივე თქმით, ქალს, რამდენიმე წლის წინ, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მან რეაბილიტაციის კურსი სტაციონარში გაიარა.
მეზობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებულ ახალგაზრდა კაცს უბანში კონფლიქტი არავისთან ჰქონია, თითქმის არავის ეკონტაქტებოდა და მორიდებული ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
მეზობლები ყვებიან, რომ 2 მარტს, საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. მხოლოდ ღამით თ.ტ. -ს დედა-შვილის ეზოში ძლიერი კვამლი შენიშნეს და ცეცხლის ჩასაქრობად გავიდნენ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდა კაცი ეზოს კართან იდგა, იგინებოდა და ეზოში არავის უშვებდა, თან მეზობლებს უყვიროდა, 5 წუთი მაცალეთ ნაგავს ვწვავო.
“მჭიდრო დასახლებაა, შეგვეშინდა ცეცხლი მეზობელ სახლებს არ მოსდებოდა და ვეხვეწებოდით, – შემოგვიშვი, ცეცხლს ჩავაქრობთო, ბოლოს თვითონ შევიდა და წყალი დაასხა. ცეცხლი მინელდა თუ არა, დავიშალეთ, მაგრამ მალევე სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟი მოვიდა და ეზოში შევიდნენ. სახანძრომაც წყლის ჭავლი გამოიყენა. ბიჭი ძალიან აგრესიული იყო, პატრულს აგინებდა, ამბობენ, ერთ-ერთს ხელიც ჰკრაო და ამ მიზეზით დააკავეს. როგორც ვიცით, მასაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ვდარდობდით, დედამისი რომ მოვა, რა ვუთხრათ, რატომ წაიყვანა პოლიციამო. ასეთ ამბავს როგორ წარმოვიდგენდით”.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავმა, უკვე დილით, ბ.ს. -ს ეზოში, ქალის სხეულის დამწვარი ნაწილები შენიშნეს, 62 წლის ქალის ცხედარი, ნოხში მჭიდროდ იყო გახვეული, ზემოდან ძონძები, საბნები და ტანსაცმლის გროვა ეყარა. ქალი ნახევრად დამწვარი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანაშაულის იარაღი – დანა. სავარაუდოდ, შვილმა დედა ჯერ დანით მოკლა, შემდეგ კი ცხედრის დაწვა სცადა”, – განაცხადეს მეზობლებმა.
“კვირის პალიტრა”
კომენტარები