გიორგი ჯავახაძე
დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდი და დაპირებული მუქარა, ღარიბაშვილს წინასაარჩევნო კამპანიას ჩავუშლითო, მუქარად დარჩა. მართალია, ჩვენი კოლეგები ამბობდნენ, სტუდიებში ფეხს არ შევადგამთ, სანამ 5 ივლისის საქმის ორგანიზატორები არ დაისჯებიან და პრემიერი არ გადადგებაო, მაგრამ… მერე ჯერ დაისვენეს, მერე სტუდიებშიც შევიდნენ, ახალი სტუდიებიც გააშენეს და ახალი „სისხლიანი“ პრემიერის მიერ დაჩაგრული, წინა „სისხლიანი“ პრემიერი მიიწვიეს კიდეც ეთერში.
დადის ეს ჩვენი პრემიერი ღარიბაშვილი და „აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამო“ დაიმღერის, ერთი კითხვა არ მოეწონა და „გაიყვანეთ ეს ჟურნალისტიო“, უბრძანა დაცვას, კაციშვილი აღარ ეკითხება, როდის გადადგები, ბატონო პრემიეროო, თითქოს არ ყოფილა 5 ივლისი, თითქოს მანამდე, ივანიშვილს ბიუჯეტისთვის ძირის გამოთხრის ბრძანებით არ გაეგდოს. ღარიბაშვილს კონსტიტუცია არ სცოდნიაო, ატყდა შაბათს ამბავი… რაში სჭირდება? პრემიერს, რომელსაც ხახვივით შერჩა 5 ივლისის საქმე, ბიუჯეტის ნათესავებისთვის ჩამორიგება, ევროკავშირის გაბრაზება, ევროკავშირისთვის სესხზე უარის თქმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ვაქცინის ჩუქებაზე უარის თქმა – კონსტიტუციის ცოდნა რაში სჭირდება? რატომ უნდა იცოდეს? რაში გამოიყენებს? 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯა უნდა და კონსტიტუცია არ იცის და იმიტომ არ სჯის? ასე გგონიათ? და ამაღამ რომ დაჯდეს, იმეცადინოს და ხვალ კონსტიტუცია ზეპირად ჩაგვაბაროს, შეიცვლება რამე? გგონიათ, კონსტიტუცია იმიტომ ჰკიდია ფეხზე, რომ არ იცის, შიგნით რა წერია? მე მაინც ჩემი კოლეგების მიკვირს – რა მნიშვნელობა აქვს, რა იცის პრემიერმა და რა არ იცის, რომელსაც იმხელა დანაშაული აქვს უკვე ჩადენილი, რომ გადადგომაც კი ბაირამობაა მისთვის?
ამასობაში, კინწლაობენ პრემიერი და ოპოზიცია, ვთქვი, თქვა, ვთქვი, თქვა, ვთქვი, ვთქვა… რაც მეტად პასუხობენ ღარიბაშვილს, მით მეტად შედის ეშხში და მით მეტ და მეტ სასაცილო რამეს ამბობს. რაც მეტად უადგილო რამეს ამბობს ღარიბაშვილი, მით მეტად წიწმატდება ოპოზიცია, აბა, რა, აბა, როგორ?
ამასობაში ყველას დაავიწყდა, რომ ეს წასასვლელად გადადებული პრემიერი, სულაც არ იყრის კენჭს არჩევნებში და სანამ მედია და ოპოზიცია მისი ლანძღვითაა დაკავებული, ქალაქების მერობის კანდიდატები მშვიდად, წყნარად, ტკბილად, თბილად ესაუბრებიან მოსახლეობას და უამრავ რამეს პირდებიან. მშვენიერი ფარია ღარიბაშვილი, ყველა დარტყმას საკუთარ თავზე იღებს, 5 ივლისის მერე, ერთი ტალახით ნაკლები და ერთი ტალახით მეტი, მისთვის რაღა ბედენაა? როგორც კულუარულად მიყვებიან, ღარიბაშვილს ერთობ საპატიო მისია ხვდა წილად, საკუთარ მხრებზე გადაატაროს არჩევნების მტვერი და სიბინძურე, გადაეფაროს კანდიდატებს და მათზე სასაუბროდ დრო აღარ დატოვოს. იმასაც გვიყვებიან, რომ თუ ამ საქმეს ბოლომდე გაართმევს თავს, სერიოზულ ჯილდოს უნდა ელოდოს ივანიშვილისგან, იმ ივანიშვილისგან, რომელიც წასულია და ყური და თვალი აქ აქვს დაგდებული. სხვათა შორის, ხმები იმის შესახებ, რომ გაშავების სანაცვლოდ ივანიშვილი ჩინოვნიკებს, უფრო კონკრეტულად კი პრემიერებს ფულს უხდიდა, პირველად არ მოგვდის, ერთ-ერთ წინა პრემიერს, როგორც „ალიას“ რამდენიმე წყარო უყვება, უკვე წლებია, პირობაც კი შესთავაზა, თუ წელიწადი მაინც გაუძლებდა ტალახსა და რისხვას, 2 მილიონს ჩაახუტებდა.
ფაქტი ერთი, ყურადღების გადატანას კანდიდატებიდან, ბრძოლის ნამდვილი ველიდან, საკუთარ თავზე, ღარიბაშვილი ჯერჯერობით წარმატებით ახერხებს.
უცნაურია ისაა, რატომ უწყობს ნაბიჯს ოპოზიცია ღარიბაშვილს დღის წესრიგს?
ამასობაში, გახარიამ რაიონებში „ოცნების“ ყოფილი ჩინოვნიკები შემოიკრიბა და გვარწმუნებს, მხოლოდ „ბოსებია“ ბუა, თორემ, პატარა ჩინოვნიკები კარგი ხალხია და პორტირებაც უკვე ვისღა უკვირსო. „ოცნება“ კი დასცინის, რა წასაყვანნი ეგენი იყვნენ, ისედაც ვაჩუქებდითო, მაგრამ არც მთლად ეგრეა საქმე – ამ „პატარა“ ადამიანებმა, როგორც მათ „ოცნება“ ეძახის, წინა არჩევნებისას რაიონებში არჩევნები მოაგებინეს მმართველ გუნდს, ხალხის მობილიზება მოახერხეს და დაამტკიცეს, რომ საქმის კეთება შეუძლიათ. წინა წელს თუ მოახერხეს ხალხის დარწმუნება, ოცნებისთვის, რომლის პირველი ნომერიც მაშინ გახარია იყო, ხმა მიეცათ, ახლა რა შეუშლით ხელს?
რა გამოვა ღარიბაშვილისა და ოპოზიციის პინგ-პონგიდან, რთული ამოსაცნობი არ უნდა იყოს, მით უფრო, რომ ჯერ არც პროგრამა ვიცით ოპოზიციის და არც ის ვიცით, რის თქმას და გაკეთებას აპირებენ 3 ოქტომბერს, თუ „ოცნების“ ციფრები იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ვარაუდობენ.
ამბობენ, ბიძინაც ქმნის თავის მესამე ძალას და ამ მესამე ძალაში ვერ მოხვდება ღარიბაშვილი, რომელიც ამ წინასაარჩევნო პერიოდში ისე გაშავდება, ვეღარ გათეთრდება, რამდენიც უნდა ხეხო. მაგრამ ამ მესამე ძალაში, შესაძლოა, იყოს გახარიას და კალაძის ადგილი.
ხალხი? ხალხი წყდება ამასობაში და ვერავინ ხსნის, რატომ გაიზარდა სიკვდილიანობის პროცენტი 1 -დან 1,35-მდე. აცრილი რომ არ ხართ, იმიტომო, იმნაძემ. სულ არ გვქონდა ვაქცინა გასულ წელს, მაგრამ 1 პროცენტი იყო სიკვდილიანობა. სხვაგან აცრილები არიანო, იმნაძემ. იმ სხვაგანაც, აუცრელები ხვდებიან მეტწილად კლინიკებში და საქართველოშიც, შესაბამისად, მსგავსი პაციენტები გვყავს და იმათ თუ 1 პროცენტიც არ ჰყავთ გარდაცვლილი, ჩვენ რა ჯანდაბა გვჭირს? – ჯანდაბა ცუდი სიტყვაა, იტყვის ახლა იმნაძე და არ მიპასუხებს! იმასაც შეგახსენებთ, ბარემ, რომ რეალურად ხალხი იცრება და იცრება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვაქცინა შემოიტანეს და ივლისში, დიდი ჩხუბის მერე, ძლივს დაიწყეს მასობრივი ვაქცინაცია, ამიტომ, რატომ გვეჯგიმება იმნაძე და ვის აბრალებს ვაქცინის გვიან შემოტანას, კიდევ მეტად გაუგებარია.
უამრავი ადამიანია ქვეყანაში თვითდასაქმებული, ადამიანები, რომელთა დღიური შემოსავალი 20-25 ლარი იყო, ახლა მათ ტაქსიში 15 ლარამდე სჭირდებათ და 5-10 ლარის გამო, სამუშაოდ ნამდვილად ვერ გავლენ. რა ეშველება ამდენ მშიერ ადამიანს? – ამაზეც არავის აქვს პასუხი.
სამაგიეროდ, სანახაობა გვაქვს ოხრად და ხალხის ნაწილს, ღარიბაშვილის და ოპოზიციის გაჩაღებული ომი ნამდვილი ჰგონია. მერე რა, რომ ღარიბაშვილი კენჭს არ იყრის და არც მერობის კანდიდატია, სამაგიეროდ, ხისტია, ამიტომ, მასთან ომი ისეთი სახალისოა, ისეთი სახალისო, არჩევნებს კი არა პანდემიასაც გადაგვატანინებს.
კომენტარები