ინტერნეტში გაჟონილი, სავარაუდოდ, სუს-ის მომზადებული საიდუმლო ფაილების მიხედვით, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა უსაფრთხოების სამსახურის სრული ოპერატიული თვალთვალის ქვეშ იყო. ფაილებში განხილულია მისი პიროვნების მადისკრედიტირებელი ინფორმაციების “მიზანმიმართულად ტირაჟირების”გეგმა, ასევე მის საცხოვრებელ ბინაში მიყურადების შესაძლებლობა.
საიდუმლო მასალებში, რომელთა ავთენტიკურობა დაუდგენელია, გვხვდება ფაილი სახელწოდებით “გეგმა 2019” შემდეგი სათაურით: “საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის შეჩერებისა და საპატრიარქოში უკანასკნელ პერიოდში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმა”.
ფაილი აღწერს 2019 წლის სექტემბრის ბოლოს გამართულ სინოდის სხდომასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. მაშინ მეუფე პეტრე ცაავამ პატრიარქზე განაცხადა, რომ “პიდარასტიის ცოდვით შეპყრობილია”.
მასალაში ვკითხულობთ, რომ “უპირველეს საფრთხეს წარმოადგენს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ბოლოდროინდელი აქტივობები, რომელიც მიმართულია ეკლესიის უმაღლეს იერარქ ილია მეორეს წინააღმდეგ”.
ფაილში ხსენებული “ოპერატიული დანაყოფი” პეტრე ცაავას მიმართ მოქმედების ორ გეგმას განიხილავენ.
ერთის თანახმად, პეტრე ცაავას განემარტებოდა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ მის მიერ წამოწყებული კამპანიის გაგრძელება გამოიწვევს არა ეკლესიის გაჯანსაღებას, არამედ, ეკლესიის, როგორც ავტორიტეტული ინსტიტუტის დისკრედიტაციას.სინოდის წევრებს კი ცაავასთვის, უნდა განემარტათ, რომ მღვდელმთავრების მიერ რჯულის კანონის მიხედვით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მისი წინადადებები და წარიმართება მუშაობა ეკლესიაში “უღირსი სასულიერო პირების” დასჯის და შესაბამის შემთხვევებში განკვეთის თაობაზე. ხოლო, თუკი პეტრე ცაავა შეთანხმებაზე უარს იტყოდა და არ დაემორჩილებოდა სინოდის გადაწყვეტილებას, ეკლესიიდან განიკვეთებოდა.
ცაავას მხრიდან შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, “ოპერატიულ დანაყოფს” ჰქონდა მეორე გეგმა, კერძოდ:
“ოპერატიულ კონტროლზე აეყვანათ პეტრე ცაავას ყველა კავშირი,
მიზანმიმართულად მოხდეს ცაავას პიროვნების მადისკრედიტერებელი ინფორმაციების ტირაჟირება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;
წარიმართის ანალოგიური სახის მუშაობა, ასევე ცაავას მხარდამჭერ თეოლოგებსა და სასულიერო პირებთან მიმართებით;
დადგენილ იქნას ცაავას ახლადშეძენილი ბინის ზუსტი მისამართი შემოწმებულ და შესწავლილ იქნას სამეზობლო, დაიგეგმოს ბინაში შესაძლო ოპერატიულ-ტექნიკური შეღწევის ღონისძიება;
განხორციელდეს მიტროპოლიტის გარემოცვის წევრების სრულყოფილი შემოწმება-შესწავლა, მათ შორის მოწყვლადი პირების გამოვლენის, შემდგომში გადმობირების და ჩვენს ინტერესებში გამოყენების მიზნით;
გამოიკვეთოს პ. ცაავას იდეოლოგიისა და შეხედულებების შესაძლო გამზიარებელი მაღალი იერარქები. მათი საქმიანობა აყვანილ იქნას განსაკუთრებულ კონტროლზე”.
რამდენიმე საათის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფაილები, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის შექმნილი და ასახავს სასულიერო პირების, მათთან დაკავშირებული ადამიანების პირად ცხოვრებასა და კავშირებს.
წყარო – ფორმულა
კომენტარები