ჟურნალისტი, თამო კეშელავა:
ზის მდინარის სათავესთან ერთი კაცი და წამლავს წყალს…
გავრცელდა საწამლავი წყალში, ჯერ თევზები დაიხოცნენ, მერე მდინარემ მიწა დაწამლა და უზარმაზარი ხეები დახმა, ხეს ხე მიჰყვა, წყალმა მიწაში ჩაიტანა ღრმად და მიწამ ზემოთ ამოიტანა, მოედო ნათესებს, შინაურ ცხოველებს, ავიდა ცად და წვიმად წამოვიდა…
ერთ დღესაც ადამიანებიც დაიწამლნენ, ზოგი ნელი სიკვდილით მოკვდა, ზოგი სწრაფი, ზოგი ზეზეულად… ჯერ ღმერთთან დააბარეს თხოვნა მამაოს, თან ექიმბაში მოიწვიეს, მერე ბოქაულს მიაკითხეს, ხან თავადს სთხოვეს დახმარება და ხან მეფეს მიუგზავნეს მასხარა, სიტყვა სიტყვას ცვლიდა, დღეს – ღამე, წვიმას – თოვლი და მზე ყოველ დილით წვავდა მიწის ზედაპირზე საწამლავს, მაგრამ ის ერთი კაცი, მდინარის სათავესთან იჯდა და ყოველ დილით და საღამოს წამლავდა წყალს.
ჯერ თქვეს, ცხოველის ხორცი გვწამლავსო… კიო, კი, აუბეს მხარი და ცალკე გამოამწყვდიეს ცხოველები…
მერე თქვეს, ხილი და ბოსტნეულია მოწამლულიო და არც ეგ იყო ტყუილი, დარჩნენ პურის და წყლის ამარა…
მერე ერთმა თქვა, წყალია, წყალი გვწამლავსო…
-ჭა იქნებაო – გაწმინდეს ჭები
-რუ იქნებაო, მიადგნენ რუს
-მდინარის შესართავი იქნებაო
გაწმინდეს მდინარის შესართავი და ჰოი, საოცრებავ, რამდენიმე დღე, ყველაფერი კარგად იყო, სანამ მდინარის შესართავში ისევ შემოაღწევდა საწამლავი, რომელსაც მდინარის სათავესთან მჯდომი კაცი ყრიდა წყალში…
კვირაში ორჯერ წმენდნენ მდინარის შესართავს და ერთმანეთს აბრალებდნენ, არა, შენ გაწმინდე ცუდად და არა შენაო…
ასე გადიოდა დღეები, თვეები, წლები…
ხალხი ნელ-ნელა ტოვებდა სოფელს…
ზოგჯერ ვიღაც აბუნტდებოდა, მიუვარდებოდა ბოქაულს, ატყდებოდა ამბავი, შეცვლიდნენ ბოქაულს და… სოფელში კი არაფერი იცვლებოდა, რადგან, წყალს ყოველ დღე წამლავდა მდინარის სათავესთან მჯდომი კაცი.
-სანამ სათავე არ გაიწმინდება, არაფერი გვეშველებაო, ამოიოხრებს ხოლმე სოფლის განაპირას მცხოვრები ბრძენი, რომელსაც აღარავინ უსმენს, მერე გაძვალტყავებულ მუხლებზე გადაისვამს გალეულ ხელს, ყალიონს სამჯერ მოიქნევს ჰაერში და უძლური მზერით გახედავს მთას, რომლის გადაღმაც მისი ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე შვილიშვილები არიან გადახვეწილნი, რათა დღეს და ახლა გადარჩნენ…
რა იქნება მერე, აყვება ხალხი მდინარეს და ავლენ სათავემდე, თუ არ დაგვრჩება ამის ძალა, არავინ იცის!”
კომენტარები