სექტემბერის დასაწყისში ბერლინში, სასამართლო პროცესი დაიწყო გერმანიის მოქალაქის საქმეზე, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის ბუნდესტაგის შენობის გეგმების გადაცემაშია ბრალდებული. დაკავებულის სრული სახელი არ ხმაურდება და მას როგორც „იენს ფ.“ მოიხსენიებენ. გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ მას ბრალი 2021 წლის 12 თებერვალს წაუყენა.
56 წლის იენს ფ. კერძო კომპანიაში მუშაობდა, რომელიც გერმანიის პარლამენტის შენობებში პორტატული ელექტრო მოწყობილობების შემოწმებასა და შეკეთებას ახორციელებდა. შესაბამისად, მას ხელი მიუწვდებოდა PDF ფორმატის ფაილებზე, რომლებზეც პარლამენტის შენობების ნახაზები იყო დატანილი.
გერმანელი სამართალდამცავების განცხადებით, ბრალდებულმა აღნიშნული PDF ფაილები კომპაქტ-დისკზე ჩაწერა და 2017 წელს რუსეთის საელჩოს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელს, გრუ-ს ოფიცერს გადასცა. რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელში მოხვედრილი საიდუმლო ფაილები გერმანიის პარლამენტის სხვადასხვა შენობა-ნაგებობის 300-ზე მეტი სართულის ნახაზს შეიცავდა.
ბოლო პერიოდში, რუსული სპეცსამსახურები გერმანიაში აქტიურობით გამოირჩევიან. ამას მოწმობს ზაფხულის დასაწყისში გერმანიის აუგსბურგის უნივერსიტეტის, სამეცნიერო-ტექნიკური კათედრის 29 წლის, ეროვნებით რუსი მკვლევარ-ასისტენტის დაკავება, რომელიც თანხის სანაცვლოდ რუსულ სპეცსამსახურს უნივერსიტეტში მუშაობის შესახებ ინფორმაციას გადასცემდა. ილნურ ნ. 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე სულ მცირე სამჯერ შეხვდა რუსული დაზვერვის წარმომადგენელს.
არ წყდება კიბერთავდასხმებიც. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გერმანიამ რუსეთი პოლიტიკოსების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევაში დაადანაშაულა და ოფიციალური საჩივრის ნოტა გაუგზავნა. ამასთან, გერმანიის მთავრობამ მკაცრად მოუწოდა რუსეთს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 26 სექტემბერს გაიმართება.
6 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებით, არსებობს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ჰაკერული თავდასხმები რუსეთიდან მომდინარეობდა და მის უკან რუსული სამხედრო დაზვერვის (გრუ) კიბერდაჯგუფება Ghostwriter-ი იდგა. როგორც საგარეო უწყების პრესსპიკერმა ანდრეა ზასემ აღნიშნა, რუსი ჰაკერები იყენებენ როგორც ტრადიციულ კიბერშეტევებს, ასევე დეზინფორმაციას და გავლენის ოპერაციებს.
გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რუსული კიბერთავდასხმა 2015 წელს განხორციელდა, რამაც ბუნდესტაგის ქვედა პალატის კომპიუტერული ქსელის სრული პარალიზება გამოიწვია. შეტევა 30 აპრილიდან 20 მაისამდე გრძელდებოდა, რა დროსაც თავდამსხმელებმა 16 გიგაბაიტზე მეტი მოცულობის დოკუმენტები ჩაიგდეს ხელში, მათ შორის იყო გერმანელი დეპუტატების მიმოწერები. გამოცემა „შპიგელის“ ინფორმაციით, რომელიც გერმანულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით წერდა, შეტევა ორგანიზებული იყო ჰაკერთა ჯგუფ – ATP28-ს, იგივე Fancy Bear-ის მიერ, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) მიერ მართულ ჯგუფს წარმოადგენს.
რუსეთის ხელისუფლების არაკანონიერ ქმედებებს წითელი ხაზი არ გააჩნია და მათ მიერ მართულ სპეცსამსახურებს ყველა სახის დანაშაულზე შეუძლიათ წასვლა. გერმანიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი თომას ჰალდევანგი გაზეთ „Welt am Sonntag“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ რუსეთი გერმანიაში შესამჩნევად არის გააქტიურებული. მისივე სიტყვებით, „მოსკოვი მოქმედებს უფრო უხეშად და საშუალებები რასაც ის იყენებს, უფრო სასტიკი ხდება“. მაგალითად მან მოიყვანა საქართველოს მოქალაქის, პანკისელი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა, რომელიც 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში, ცენტრალური მეჩეთისკენ მიმავალი, ერთ-ერთ სკვერში მოკლეს.
როგორც ცნობილი გახდა, ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაკავებული პირი გერმანიაში რუსული პასპორტით ჩავიდა, რომელიც ვადიმ სოკოლოვის სახელზე იყო გაცემული. სოკოლოვს პასპორტი მკვლელობამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჰქონდა აღებული. დოკუმენტის მიღებიდან 10 დღეში მან საფრანგეთის ვიზა მოითხოვა და საფრანგეთში ჩაფრინდა, საიდანაც, სავარაუდოდ, პოლონეთში გადაფრინდა, მიიღო ცეცხლსასროლი იარაღი და შემდეგ ავტომობილით ბერლინში გაემგზავრა. სოკოლოვის პასპორტი რუსეთის სახელმწიფოს არცერთ მონაცემთა ბაზაში არ იყო რეგისტრირებული, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ იგი რუსეთის სპეცსამსახურების გარეშე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ აიღებდა და შესაბამისად ვერც რუსეთის საზღვრებს დატოვებდა.
გიორგი ბაკურიძე
კომენტარები