კომპანია BLB-ის მმართველი დირექტორი, კახა შარაბიძე ჰყვება ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის შესახებ, რომელიც გიგანტი ამერიკული არხის „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ კალიფორნიაში შეიტანეს. თავიდან ცნობილ ქართველ მოჭადრაკეს არ ჰქონია განზრახვა ჩივილის, მაგრამ „ნეტფლიქსის“ ცინიკური პასუხის შემდეგ გადაწყვიტა, სასამართლოში სარჩელი შეეტანა.
კახა შარაბიძის თქმით, ამ საქმეზე მოსამართლე უკვე დანიშნულია, ვირჯინია ფილიპსი განიხილავს დავას, რომელიც ამერიკულ სასამართლო სისტემაში ცნობილია, როგორც ძალიან ავტორიტეტული, გამოცდილი და პატივსაცემი ადამიანი.
კახა შარაბიძემ ამ თემაზე „დილის პალიტრის“ ეთერში თქვა:
„როდესაც „ნეტფლიქსმა“ შეწყვიტა ჩვენთან კომუნიკაცია და უარი თქვა ძალიან ცინიკური ფორმით, ჩვენმა იურისტებმა ამერიკიდან გვითხრეს, რომ შეიძლება, მათი ამ საქციელის მიზეზი ის იყო, რომ ვერ წარმოედგინათ, რომ ნონა გაფრინდაშვილი გააგრძელებდა ბრძოლას და სასამართლომდე მივიდოდა. სასამართლომდე მისვლა არ არის ადვილი, მაგრამ ნონა გაფრინდაშვილის სტილი ჭადრაკში აგრესიული შეტევა იყო და მან თქვა, არა, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.
ჩვენ დაახლოებით უკვე ვიცით, რა იქნება „ნეტფლიქსის“ მონახაზი. დიდი კომპანიაა, მისი შემოსავალი მხოლოდ შარშან იყო 30 მილიარდი დოლარი და წარმოგიდგენიათ, რა დონის იურისტებს ჩართავს ამ ბრძოლაში? თუმცა სიმართლე ჩვენს მხარეზეა და ქალბატონ ნონას ძალიან მძიმეწონიანი იურისტები ჰყავს ირგვლივ. ველოდებით წინააღმდეგობას, მაგრამ ქალბატონი ნონას სტილში ვაპირებთ შეტევას“.
ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსს“ უჩივის და კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს
კომენტარები