ანი დვალიშვილი, ალია
არც თუ დიდი ხნის წინ დავწერეთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ფარული ჩანაწერების ომი დაიწყებოდა, თუმცა ძნელი წარმოსადგენი იყო, ეს ყველაფერი ასეთ მასშტაბებს თუ მიიღებდა, რადგან წყარომ, რომელმაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, გვითხრა, რომ სუს-ის არქივებიდან გატანილი იყო რამდენიმე ფაილი, რომელიც ხელს გახარიას კადრებმა გააყოლეს. ვერ გეტყვით, იყო თუ არა ეს მინიშნება პირდაპირ ხოჯევანიშვილზე, მაგრამ ისე ჩანს, ხელისუფლებას საფუძვლიანი ეჭვი სწორედ მასზე აქვს. მასშტაბებში შევცდით თქო, კი ვამბობთ, მაგრამ როგორც ჩანს, „ოცნების“ ხელისუფლებამ აამუშავა სპეციალური ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც 2011 წელს ივანე მერაბიშვილის ბრძანებით შემოიტანეს საქართველოში, თუმცა საბოლოო ჯამში, მისი სრულად გამოყენება ვერ მოესწრო. რას მოიცავს ეს მოწყობილობა? ის იწერს ყველას და ყველაფერს, ანუ კონკრეტულ ადამიანებს კი არა, ყველას და შემდეგ ხდება გაფილტვრა. ფილტრაცია სამ თვეში ერთხელ ხორციელდება და რიგითი ადამიანების საუბრები იშლება, დანარჩენი კი არქივდება და საჭირო დროს, ძალოვნებს შესაძლებლობა აქვთ, თვალი გადაავლონ (უფრო ზუსტი იქნება, ყური გადაავლონ) ფაილებს და საჭირო ინფორმაცია მიიღონ. თუმცა, შესაძლოა ისიც, რომ 2011 წლის აპარატურა მოძველებული იქნებოდა და ხელისუფლება ახალსაც შემოიტანდა. საიდან თანხები? ერთხელ, როცა ამერიკელმა კონგრესმენმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ უსაფრთხოებაზე არაოფიციალურად მილიარდები იხარჯებოდა, გულუბრყვილოდ იკითხა – საიდან ფული და მას ღიმილით უპასუხეს, „თქვენ რა გგონიათ, უნიტაზი და ტუალეტის ქაღალდი მართლა 30 ათასი დოლარი ჯდება? ასეა ააქაც – თუ ვინმეს ჰგონია, რომ რომელიმე მინისტრის ოთახში დასადგმელი კარადა მართლა 80 ათასი ლარი ღირს, ძალიან ცდება.“
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პოლიტიკოსები უფრო წუხან გავრცელებულ მასალებზე, ვიდრე რიგითი ადამიანები. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ ყველა მიჩვეული ვართ იმას, რომ გვისმენენ და რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, კიდევ კარგა ხნის განმავლობაში, მნიშვნელოვან საკითხებზე რიგითი ადამიანებიც კი ტელეფონით მაინც არ ისაუბრებენ. ანუ, ეს ყველაფერი მასისთვის მოულოდნელი არ იყო და წესით, არც პოლიტიკოსებისთვის უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, მაგრამ… გულზე ხელი დაიდეთ და ალალად თქვით, რამდენს გჯერათ, რომ ამ სკანდალის შემდეგაც კი არ გრძელდება მოსმენა და არ გაგრძელდება მაშინაც, როცა ხელისუფლება შეიცვლება?
კომენტარები