მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ წინასაარჩევნო შეხვედრა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’’ მთაწმინდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართა, მათთან რაიონის განვითარების პერსპექტივები განიხილა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელა.
შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოსწევრობის კანდიდატებმა – გიგა ახვლედიანმა, ლევან აბაშიძემ და ნიკო კახეთელიძემ მიიღეს.
ზურაბ აბაშიძემ ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყანას ჰყავს გამორჩეული ახალი თაობა განსაკუთრებული შესაძლებლობებით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდებს თვითრეალიზებისა და განვითარების საშუალება მიეცეთ.
“იმ ენერგიასა და შემართებას, რაც თქვენ გაქვთ, განსაკუთრებული დაფასება სჭირდება და ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ახალგაზრდების შესაძლებლობები რაიონის განვითარების მთავარი საფუძველი გავხადოთ.
მაქსიმალურად მხარს დავუჭერ თითოეული თქვენგანის პიროვნულ განვითარებას და, თქვენი მხარდაჭერით, ვიზრუნებ ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის წახალისებაზე. ყოველგვარი წინასაარჩევნო კამპანიის მიღმა, მიგულეთ თქვენს გვერდით. მე პირადად, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად შევეცდები ხელი შევუწყო თქვენი წამოწყებების, ინიციატივებისა და მიზნების განხორციელებას.” – მიმართა ზურაბ აბაშიძემ ახალგაზრდებს.
მაჟორიტარობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე მუშაობის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მათი დიდი ნაწილი წელს პირველად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი თაობა ორიენტირებულია პროგრესზე, რაც აუცილებელია როგორც ქალაქის, ასევე, ქვეყნის განვითარებისთვის.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: რაიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერება, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და მათთვის დამატებითი სივრცეების მოწყობა.
კომენტარები