„სახალხო პარტი“-ის ლიდერი, მამუკა გიორგაძე, ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩანაწერების გავრცელებით, ქართული სახელმწიფო დაზარალდა, რაც მის საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად აისახება.
„ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შორსმიმავალ გეგმებს ამჯერად არ შევეხებით, რომელიც ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს. შევეხებით იმ მოვლენებს, რომელიც თვალნათელია და ხელისგულზე დევს, თუ რა ზარალი განიცადა ქართულმა სახელმწიფომ.
პირველი – საზოგადოებრივი შიდა დაპირისპირების ხელშეწყობა, მასალების ეკლესიის წინააღმდეგ გამოყენება მებრძოლთა ცხოველური ჟინის გაძლიერება. ადამიანის სრული დაუცველობის წარმოჩინება, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა, დემოკრატიის ელემენტარული ნორმების უგულებელყოფა და საქართველოს ცივილიზებული საზოგადოებისთვის არასანდო, არაპროგნოზირებად სახელმწიფოდ წარმოჩინება. თუ პირველ პუნქტებზე ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს რეაგირება, ბოლო პუნქტზე უკვე მკაფიო გზავნილები გააჟღერა დოპლომატიურმა კორპუსმა.
მათი პროტესტი დიდი ალბათობით აღმავალი ხაზით გაგრძელდება, რაც პირდაპირ აისახება მათი მხრიდან, საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური დახმარების შემდგომ პერსპექტივაზე.
ხელისუფლების წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებები, რომ თითქოს ბუნებრივია დიპლობატების თვალთვალი, კიდევ უფრო ამძაფრებს ვითარებას და თავის გავლენას იქონიებს როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესებზე, ასევე საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობის პერსპექტივაზე.”
კომენტარები