გიორგი ჯავახაძე, ალია
მიშას გეგმა
როგორც კულუარულად გვატყობინებს სააკაშვილთან დაახლოებული პირი, სააკაშვილის კონკრეტული გეგმა აქვს ქვეყანაში დასაბრუნებლად. მან უკვე გამართა შეხვედრა ევროპის არაერთ ქვეყანაში ემიგრანტებთან, თუმცა, მხოლოდ ბოლო, გერმანიაში გამართული შეხვედრა იყო ყველაზე მასშტაბური და ყველაზე ვრცლად ის გაშუქდა. „ემიგრანტების მობილიზება დაწყებულია. 25 სექტემბერს მიშა შეხვდება სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრანტების წარმომადგენლებს, იმ ადამაინებს, რომლებიც თავის მხრივ, იმ ქვეყნის ემიგრაციაზე აქვთ ინფორმაცია, სადაც ცხოვრობენ. ისინი გაცვლიან ინფორმაციას, ემიგრანტები უამბობენ, რომელი ქვეყნიდან ვინ წამოვა ქვეყნისკენ პირველივე დაძახებაზე, რამდენკაციანი სია აქვთ და მიშა კი ეტყვის მათ, როდის უნდა იყვნენ მზად და რა გზით აპირებენ ქვეყანაში შემოსვლას… სხვათა შორის, როგორც ვიცი, გენერალი გოგი თათუხაშვილიც აპირებს საქართველოში დაბრუნებას, თუ რამე არ შეიცვალა, ბოლო კვირის მანძილზე, ყოველ შემთხვევაში, იგი ნამდვილად იყო გერმანიაში სააკაშვილთან შეხვედრაზე, სადაც ქვეყანაში დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა“ – გვიყვება სააკაშვილთან დაახლოებული პირი.
– აეროპორტი, თუ სარფის საზღვარი? – ამ კითხვას ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი ასე პასუხობს: „მე როგორც საუბრიდან შევატყვე, მიშა ქვეყანაში ხმელეთიდან აპირებს შემოსვლას. იგი დაელოდება 2 ოქტომბრის 8 საათს, რათა წინასწარი შედეგები მოისმინოს, თუ „ოცნება“ გამარჯვებას „გაიფორმებს“, იგი უკვე დაიძვრება საქართველოსკენ, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მისი ჩამოსვლა ისედაც აღარ იქნება პრობლემა და შესაბამისად, მომხრეების მობილიზების გარეშე შეძლებს ჩამოსვლას. სააკაშვილის გეგმაში არ შედის, მელიასთან და „ენმ“-ის სხვა ლიდერებთან ერთად ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მან ზეპირად იცის, ვინ რას ამბობდა მასზე, ვინ როგორ ლანძღავდა და ამას არავის აპატიებს, მათ შორის არც იმათ, ვისაც დღეს უღიმის.
მისი გეგმა ახალ წლამდე, ვადამდელ არჩევნებამდე ახალი პარტიიის შექმნაა, ან სრულიად ახალ ძალას შექმნის, ან „ენმ“-იდან ლიდერებს გაწევს და ამჟამინდელი ლიდერების გარეშე წარუძღვება პარტიას. არ ვიცი ჯერ, რომელ სცენარს აირჩევს, მაგრამ ამ ეტაპზე, მხოლოდ ამ ორ სცენარზე ფიქრობს. რაც შეეხება ივანიშვილს, მან უკვე დატოვა ქვეყანა და „ოცნება“, ყველაზე ბოლოს ამას ღარიბაშვილი მიხვდა, აწი ღარიბაშვილი მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე იზრუნებს. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, იგი აღარ დაიწყებს ინტერვიუებს და კომენტარებს ფრაზით, მადლობა, ბატონ ბიძინას… იგი, აწი აქცენტს საკუთარ თავზე გააკეთებს, სწორედ ამას ეცადა ბოლო, რუსთავი2-ე გასულ ინტერვიუში, როცა გახარიაზე სცადა ხელების შეხოცვა და მეტი აქცენტი სწორედ იმაზე გააკეთა, თვითონ როგორი კარგი და საყვარელია. სხვათა შორის, ახლა უფრო საშიშია ღარიბაშვილი, რადგან, აქამდე თუ მითითებს ჯერ კიდევ ელოდა ივანიშვილისგან, ახლა უკვე, როცა მიხვდა კობახიძის იმედადაა დარჩენილი, არავინ იცის რას მოიმოქმედებს, რამდენად გამოავლენს აგრესიას და რაზე იქნება წამსვლელი ტყავის გადასარჩენად.
და ბოლო, მეგის ქარდავას ექსტრადირებას უნდა შევეხო. ჩემი ინფორმაციით, მისი საქართველოში გამოშვება სააკაშვილის სურვილი იყო. მაქვს ინფორმაცია, რომ მიშას ქარდავა საქართველოში სჭირდებოდა, თორემ, „ენმ“-ის ყოფილი წევრების მეტი რა არის უკრაინაში, მათ შორის, იმათიც, ვისაც ქარდავაზე მეტი წონა აქვს. ქარდავა არ არის ხელწამოსაკრავი ფიგურა, მან და რომან შაფათავამ ბევრი ზიანი მიაყენებს ოკუპანტებს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზევე ისე, რომ თავად უვნებლად გადარჩნენ. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, რა გეგმა შეიძლება ჰქონდა ქარდავასთან დაკავშირებით, სამაგიეროდ, ვიცი, რომ არანაირი გეგმა აღარ აქვს მერაბიშვილთან დაკავშირებით, რომელსაც ახალაიას ღალატს და პარტიის ჩამოქცევას არ აპატიებს. ამ ჯერზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, დაველოდოთ, როგორც განვითარდება მოვლენები. “
კომენტარები