“პატრიოტთა ალიანსი“ 25 აპრილს, თბილისში მასშტაბურ აქციას გამართავს. ამის შესახებ “2020NEWS”-თან პარტიის საპარლამენტო მდივანმა გოჩა თევდორაძემ განაცხადა. მისი თქმით, მასშტაბურ აქციაზე, თბილისში, “თავისუფლების მოედანზე 100 ათას კაცზე მეტი ადამიანი შეიკრიბება“.
ამასთან, როგორც თევდორაძემ განაცხადა, აქციის გამართვა საარჩევნო სისტემას, დავით გარეჯის საკითხსა და სამხედრო მიუმხრომლობას შეეხება.
„პატრიოტთა ალიანსი“ არ ფიქრობს, რომ 25 აპრილის აქცია დაგვიანებული იქნება. იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო სისტემის საკითხი უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს.
“დაგვიანებული რატომ იქნება?! შეიძლება შეთანხმება იყოს მიღწეული ოპოზიციურ სპექტრსა და სახელისუფლებო ძალას შორის. ამის შემდეგ ეს პროცესები უნდა გადავიდეს საქართველოს პარლამენტში. პარლამენტში გადასული პროცესი ჩვენ ორჯერ ვიხილეთ – 2016 წელს და 2019 წლის ბოლოს, როდესაც ხელისუფლებამ თქვა და შემდეგ დაპირებული თემები აღარ გაიტანა“, – აცხადებს გოჩა თევდორაძემ.
მისივე თმით, “პატრიოტთა ალიანსი“ 110/40-ზე ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას მხარს არ დაუჭერს.
შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსულტაციების ვადა იწურება. შედგება თუ არა კონსენსუსი ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის, კვირის ბოლომდე გაირკვევა.
კომენტარები