ლევან ჯავახიშვილი
ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ სუს–დან გამოჟონილი ფაილების სკანდალს? გამოდის, ყველას უსმენდნენ, ვისი მოსმენაც არ ეზარებოდათ?
– ეს არის ძალიან დიდი სკანდალი. მოსმენები ამათი ექსკლუზივი არ არის. ყველა უსმენს, მაგრამ არ უნდა გამოაშკარავდე. თუ გამოაშკარავდი, მაშინ ტყდება ვაი–უშველებელი. ამას კი აუცილებლად რეაგირება მოჰყვება. ზარქუას ბიჭი რომ არის, პარლამენტარი „ქართლი ოცნებიდან“, ის და მისთანები ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ საერთაშორისო დონის სკანდალი სახეზეა და მეტი რაღა უნდა მოხდეს? მოსმენები უცხო ხილი არ არის. ხომ გახსოვთ, „ვიკილიქსმა“ ცნობილი მასალები რომ გაასაჯაროვა? მაშინ გაირკვა, რომ ამერიკა მგონი, მთელ მსოფლიოს უსმენდა, ათეულობით ქვეყნის პირველ პირებს, მინისტრებს, ელჩებს და სხვა რანგის პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს. ნორმალურ ქვეყნებში პასუხი უნდა აგოს უშიშროების სამსახურმა, სადაც ამხელა ხვრელები გაჩნდა. უნდა ჩატარდეს გამოძიება და დაისაჯონ ის პირები, ვისი დაკვეთითაც უსმენენ, ისინიც, ვინც ეს ფაილები გამოიტანა. კი, უზნეობაა სხვისი მოსმენა, როდესაც ის ქვეყნის უსაფრთხოებას და სხვა სახელმწიფო მიზანს არ ემსახურება, მაგრამ ეს ფაილები საიდუმლო იყო და არ უნდა გასაჯაროებულიყო. მოსმენებზე დამკვეთიც უნდა დაისაჯოს და ამ საიდუმლოს გამომტანიც, მე ასე ვფიქრობ. გამოძიება ჩვენთან ობიექტურად არ ჩატარდება. იბარებენ ხალხს პროკურატურაში და ეკითხებიან, ასეთი და ასეთი საუბარი ამასთან და ამასთან გქონდაო? კიო, უმეტესობა ადასტურებს. მერე? შემდეგი ეტაპი რა იქნება? ადასტურებენ, ე.ი. დანაშულებები სახეზეა და უნდა დასაჯო დამნაშვენი, მაგრამ არავინ დაისჯება.
– არა, ზოგიერთები არ ადასტურებენ იმ სკრებსებში მოყვანილი სატელეფონო საუბრების შინაარსებს.
– უმეტესობა ადასტურებს, მაგრამ ვინც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულია, რაღაც სარგებელი აქვს მისგან, ისინი არ ადასტურებენ, რადგან ამით ხელისუფლებას არ დაარტყან. ისედაც მძიმე დღეშია ხელისუფლება, ხედავენ და აღარ უნდათ, თავიანთ მხრიდან კიდევ დაუმატონ. ეს ხალხი შეურაცხყოფილია, მაგრამ იმდენად დიდი ხეირი აქვთ „ქართული ოცნებისგან“, რომ უარყოფენ, ტყულია, ასეთი რამ არ გვილაპარაკიაო. არიან ისეთებიც, რომლებიც არც თუ ისე ლამაზად წარმოჩინდნენ ამ საუბრებში თუ სკრებსებში და ცხადია, არც ისინი დაადასტურებენ.
– ეს ხელისუფლება ამ საქმეს რომ არ გამოიძიებს, ეს მეც ვიცი. გამოსავალი საპარლამენტო–საგამოძიებო კომისიის შექმნა ხომ არ იქნება? კანონით, კომისიაში უმრავლესობა ოპოზიციონერი იქნება და მისი თავმჯდომარეც.
– არა მგონი, ამგვარმა კომისიამ პირუთვნელად გამოიძიოს ეს სკანდალური დანაშული. პარლამენტში „ქართული ოცნების“ გარდა, არიან „ევროპელი სოციალისტები“ და ხელისუფლებასთან ლოიალურად განწყობილი სხვა პარტიები და საბოლოოდ, ვერ დადებენ იმ შედეგს, რაც საჭიროა. ეს წყლის ნაყვა მგონია. ეს უკვე ჩიხია. გამოძიების გარეშე, ვერდიქტს ვერ გამოიტან და ვერ იტყვი, ვინ არიან დამნაშავენი. ზოგადად, ცხადია, ხელისუფლებაა დამნაშავე, მაგრამ ეს არაფერს გვაძლევს. კონკრეტული პირები უნდა გამოვლინდნენ.
– თქვენ „ვიკილიქსის“ გასაჯაროებული ამერიკის ხელისუფლების სხვა და სხვა სტრუქტურების მიერ მოსმენებს ფაქტი გაიხსენეთ. კი, ბატონო, ამერიკა უსმენდა ძალიან ბევრ უცხოელ პოლიტიკოსს, მაგრამ ამერიკამ ყველა ქვეყანას ბოდიში მოუხადა. პრეზიდენტი ობამა გამოვიდა და მოუხადა ბოდიში, ვისაც უსმენდნენ ყველას. შემდეგ, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რამდენიმე ქვეყანაში სპეციალური ვიზიტით ჩავიდა და იმ ქვეყნების პირველ პირებს პირადად მოუბოდიშა, ვისაც უსმენდნენ. მახსოვს, კლინტონმა გერმანიიდან დაიწყო ეს ტურნე და მერე საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, კანადა, ავსტრალია მოიარა. ეს რაც უცებ გამახსენდა, ის ქვეყნებია.
– კი, ბატონო, ეგ ნამდვილად ეგრე იყო. ამერიკა რომ ამერიკაა, იმ მომენტში მას არ აპატიეს საიდუმლოდ რომ უსმენდნენ. თუმცა, ის ამერიკაა და ყველა ქვეყანამ მალევე დაივიწყა, რადგან არავის სურდა ზესახელმწიფოსთან ურთიერთობის დაძაბვა, ყველას სჭირდება ამერიკა და მასთან ნორმალური ურთიერთობა. დიპლომატიურ საყვედურებს და ამ ბოდიშებს არ გასცდენია ეს ამხელა, მსოფლიო მასშტაბის სკანდალი.
– თუმცა, ჩვენ ზესახელმწიფო არ ვართ და სუს–ი უსმენდა იმავე ამერიკისა და ისრაელის საელჩოებს, უსმენდა ევროკავშირის წარმომადგენლობას, პირადად, ელჩს კარლ ჰარცელს. ჩვენი ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს ბრიუსელში. რა შედეგები მოჰყვება ამას? რას დაკარგავს საქართველო საერთაშორისო პოლიტიკაში დამკვიდრებული ამ „წითელი ხაზების“ გადაკვეთით?
– ვფიქრობ, ყველა საელჩო დაიბარებს ჩვენს ელჩებს, ვისაც უსმენდნენ. ევროკავშირით დაიწყო. ევროკავშირის წარმომადგენლის საუბრების მოსმენა ნიშნავს, რომ მის წევრ ყველა ქვეყანას უსმენ. ცხადია, ჩვენს ელჩს უსაყვედურებენ და მოუწევს ბოდიშის მოხდა ჩვენს ხელისუფლებას. თუმცა, დანაკარგები მერე და მერე გამოჩნდება. ამას ჩვენ გვიან გავიგებთ, ან შეიძლება საერთოდ ვერ გავიგოთ, მაგრამ ეს სახელმწიფოს განვითარებაზე აისახება. აღარ მოგვცემენ და შეგვიმცირებენ ფინანსური და სხვა სახის დახმარების იმ პაკეტებს, რომელთაც გვაძლევდნენ. კი, ახლა ევროკავშირის სესხზე უარი თქვა ჩვენმა ხელისუფლებამ, მაგრამ მალე მიადგებიან ევროკავშირსაც, ამერიკასაც და იმ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსაც, რომლებზეც მათ დიდი გავლენა აქვთ. ადგებიან და უარს გვეტყვიან შეღავათიან სესხებზე. ევროპის ქვეყნები და უფრო მეტად ამერიკა, ბევრ პროგრამას შეაჩერებენ. რა ვიცი, პოლიციელები, სამხედროების, სპეცსამსახურების თანამშრომელთა გადამზადება მეტწილად ამერიკაში ხდებოდა და თუ სულ არ შეჩერებენ ამ პროექტებს, შეამცირებენ გადასამზადებელი ხალხის რაოდენობას. აღარ მოგვცემენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში გვჭირდება. რამდენი ახალგაზრდა მიჰყავდათ ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის მისაღებად? საკმაოდ ბევრი და მათი რაოდენობაც შემცირდება. ზიანი და დანაკარგი ბევრი იქნება, მაგრამ ეს ერთბაშად არ მოხდება, ეტაპობრივად გვაგებინებენ პასუხს ამ სიბრიყვეზე. ისე, მართლა რამხელა ბრიყვი უნდა არა, ამერიკის საელჩოს, ევროკავშირის ელჩს და მთელი დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორს, ისრაელის საელჩოს რომ მოუსმინო?!
– უფრო შორს ხომ არ წავა ეს დაძაბულობა და უთანხმოება? საფრთხე ხომ არ დაემუქრება ევროპასთან ასოცირებისა და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებებს? ხომ არ შეჩერდებს დროებით ან ხომ არ გააუქმებენ ამ ხელშეკრულებებს?
– არა, ასე შორს საქმე არ წავა. რაც გითხარით, იმ სანქციებით შემოიფარგლებიან.
– შურისძიების მიზნით, დასავლეთი ადგილობრივ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხომ არ დაანახებს თავის ძალას? ვთქვათ, რეალურად არჩევნები წააგო „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ის შედეგები დაიწერეს, რაც მათ გამარჯვებას უზრუნველყოფს. შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნებმა, მათმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არ აღიარონ არჩევნები ლეგიტიმურად და ამით, რევოლუციური პროცესების დაწყების ოფიციალური საფუძველი მისცეს? ხალხის ქუჩაში გამოსვლას შეუწყოს ხელი?
– არა, ამგვარ რაღასაც არ ველოდები. ხომ გითხარით, მყისიერი საპასუხო ღონისძიებები არ იქნება დასავლეთის მხრიდან, არ ჩაერევიან არჩევნებში. იქნება დარღვევები და ამას დააფიქსირებენ, მაგრამ საბოლოდ იტყვიან, რომ ისეთი დარღვევები არ ყოფილა, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დააყენებსო. „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში. პრინციპში, ამაში დარწმუნებული ვარ. ისე, არჩევნების მერე კი იქნება დიდი ორომტრიალი და ეს საკმაო ხანს გაგრძელდება. შესაბამისად, არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ ისეთი ამბები მოხდება, მერე ყველას გადაავიწყდება ეს „მოსმენების სკანდალი“.
– ბევრი ფიქრობს, რომ სუს–ი რუსეთის დავალებით უსმენდა დასავლეთის ქვეყნების საელჩოებს. რამდენიმე სატელეფონი საუბრის მოკლე შინაარსი ამ სკრებსებში რუსულად არის ნათარგმნი და ამ სახით მიაწოდეს ზემდგომებს. ამ ვარაუდის მომხრეებს, ეს ფაქტი იმ ეჭვს უძლიერებს, რომ სუს–ი რუსეთის ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა და მასალებს რუსეთის შესაბამის სტრუქტურებს აწვდიდნენ. თქვენ რას ფიქრობთ?
– ისევ „ვიკილიქსს“ და ამერიკას უნდა დავუბრუნდე. ამერიკას ახდევინა ბოდიშები ცივილიზებულმა სამყარომ უკანონო მოსმენებზე. დავიჯერო, ისე გათავხედდა საქართველოს ხელისუფლება, რომ საკუთარი ნებით ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოებს უსმენს? ცოტა ძნელი დასაჯერებელია, არა? ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ იმ აზრამდე მივალთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ასრულებდა კონკრეტული ქვეყნის ინტერესებს, რომელსაც დასავლეთის მიმართ ინტერესები და საკუთარი ანგარიშები აქვს. ასეთი ქვეყანა და თან დიდი ქვეყანა, რუსეთია. რუსულად ნათარგმნ ტექსტები კი, ცხადია, ამ ვერსიას აძლიერებს. სუს–შიც, ჩვენი ხელისუფლების სხვა სტრუქტურებშიც, არ მოიძებნება მაღალი თანამდებობის პირი, ვინც ქართული კითხვა არ იცოდეს და აბა, რუსულად რატომ თარგმნიდნენ ტექსტებს? სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ინფორმაცია რუსეთში მიდიოდა.
კომენტარები