ომის ვეტერანს, ვახტანგ გორგასლის ორდენოსან, „შავნაბადას” ბატალიონის ყოფილ ასმეთაურს – მალხაზ თოფურიას იგივე ,,მახაჩას“ აფხაზეთის ომიდან ვიცნობ… გუმისთის გაღმა, გუდაუთასთან მდებარე სოფელ ახალსოფელში გავიცანი ქართველების გამოყვანის დროს და როგორც დიდი მეგობრობის დასაწყისში ხდება ხოლმე, ჩვენი პირველი დიალოგი ჩხუბით დაიწყო…. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს ვეჩხუბებოდი – ჩვენ გუმისთის გამოღმა მცხოვრები აფხაზები უვნებლად ჩამოგიყვანეთ, დეპუტატ ნათელა აკაბას მშობლების უსაფრთხოებას პირადად ვაკონტროლებდი გუდაუთამდე, ისევე როგორც სოხუმში მცხოვრები უამრავი ოჯახისა და თქვენ ასე მასობრივად როგორ გადაცელეთ და ჩაცხრილეთ ქართველების სოფელი, არ გრცხვენიათ-თქოო? აფხაზეთის მთავრობის წევრები კარგად მიცნობდნენ, რადგან ომამდე იქ ვმუშაობდი, მეგობრულ ურთიერთობაში ვიყავით ერთმანეთთან, არც ჩემი პირდაპირობა უკვირდათ და აქედან გამომდინარე, ჩხუბში არ ამყვნენ…. მაგრამ ეს არ იცოდა, მახაჩამ და წარამარა მეუბნებოდა – მოიცა, გავიყვანოთ ეს ხალხი მშვიდობით და მერე რამდენიც გინდა იჩხუბე, კონფლიქტურ სიტუაციას ნუ ქმნი, გაიხედე მათ ავტომატიანი ხალხი იცავს, სროლა არ ატეხონო….
– მალხაზ, გახსოვს აფხაზეთში როგორ გაგიცანიი?
– მაგას რა დამავიწყებს? მაგრამ რა მიკვირდა იციი? შენ ლანძღავდი და ისინი მაინც გიღიმოდნენ, არ გეკამათებოდნენ და გავიფიქრე, ალბათ გიჟია ეს ქალი და პასუხის ღირსადაც არ თვლიან, თორემ რასაც შენ მათ ეუბნებოდი, ბევრი ვერ მოითმენდა და შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამდნენ….. მერე მახსოვს გზაში მომიყევი, მათთან რა ურთიერთობა გქონდა ომამდე და ეს ძალიან კარგია, მტერიც რომ გაფასებს !
ეეჰ, რამდენი უბედურება გამოვიარეთ ერთად, ჩემო ირინა? და, რამდენი უბედურება გამოიარა ჩვენთან ერთად როგორც ქართველმა, ისე აფხაზმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ? ჩვენ ხომ ერთმანეთის ჭირისუფლები ვართ და ერთად უნდა ვეძებოთ ამ უბედური რეალობიდან გამოსასვლელი გზები? ჩვენ ხომ პრაქტიკული გზები უნდა მოვძებნოთ და ერთმანეთისკენ გადასადგმელი ნაბიჯებიც დავაჩქაროთ, თორემ მერამდენე თაობაა უკვე დაბადებული ორივე მხარეს, რომლებსაც ერთმანეთისადმი მტრობის მეტი არაფერი სმენიათ?
ჩემი მისვლა „პატრიოტთა ალიანსში“ სწორედ ამან განაპირობა! რომ გადავხედე – არცერთ პარტიას არც პროგრამაში და არც საქმით, არათუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რეალური გეგმა არ ჰქონდა, არამედ სიტყვა „აფხაზეთის“ ხსენებასაც ერიდებოდნენ!
მე საჯარო სამსახურიდან წავედი „პატრიოტთა ალიანში“, არც არავის გავუგდივარ და არც რაიმე უკმაყოფილება მქონდა ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტში, კარგი ხელფასიც მქონდა და გარშემოც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ხალხი მეხვია! ერთადერთი, რაზეც სულ ვფიქრობდი, ის იყო, რომ მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ტერიტორიების აღდგენაში და რომ გადავხედე, ამის რეალური შანსი „პატრიოტთა ალიანსში“ დავინახე, რადგან მათ საამისოდ რეალური ნაბიჯები უკვე გადადგმული ჰქონდათ, იგივე რუსეთთან დიალოგის დაწყების კუთხით!
მართლაც ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც არათუ ფიქრის, მოქმედების რეალური გეგმა გაგვაჩნია და თქვენ წარმოიდგინეთ, როცა პარტიის თავმჯდომარე ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია აფხაზეთში, ილორის მონასტერში ჩავიდნენ – ვის არ მოეწონა ეს? ვის და მკვეთრად სეპარატისტულად განწყობილ მცირე ჯგუფს და აქაურ ლიბერალებს, ხომ? აფხაზური საზოგადოების უდიდეს ნაწილში უარყოფითი გამოხმაურება არ ყოფილა და მეტიც, ბესარიონ აპლია, რომელიც აფხაზური ეკლესიის რადიკალურ ფრთას წარმოადგენს, მანაც კი დაგმო ის ფაქტი, რომ ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ირმა ინაშვილმა და გიორგი ლომიამ ილორში დააბრძანეს, ასე სამარცხვინოდ არ უნდა გაძევებულიყო ტაძრიდან!!! ამის დასტური იყო სწორედ ის, რომ ხატის გამობრძანება, აფხაზმა სასულიერო პირებმა, გლოვის ზარის თანხლებით ისურვეს და ამით სილა გააწნეს იმ სეპარატისტულ ჯგუფებს, რომლებიც ხატის გამოძევებას ითხოვდნენ აფხაზეთიდან!!! რამდენიც არ უნდა იყბედონ აქაურმა თუ აფხაზთა სეპარატისტულმა ჯგუფებმა, ეს ფაქტი ისტორიული და გარდამტეხი ეტაპის მნიშვნელობისაა, რადგან აქაც და აფხაზეთშიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აღშფოთება და კონსოლიდაცია მოჰყვა! ანუ ჩვენ და აფხაზები ღვთისმშობელმა გაგვაერთიანა და მომავალშიც ასე ინებებს!!!
– საბურთალოს რაიონის საკრებულოში სად ხედავ თავს, ან რამდენად სჭირდება იგივე „ქართულ ოცნებას“ და „ნაც.მოძრაობას“ შენისთანა ნაომარი, შემტევი, განათლებული და წესიერი ადამიანი? ვინ არის შენი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“?
– მოდით, ამ კითხვაზე მოკლე და კონკრეტულ პასუხს გაგცემ…ის ვინც ახლა საბურთალოზე კენჭს იყრის, ანუ მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე, რით დაამახსოვრდა ხალხს? ხაბეიშვილისთვის თავში წარტყმის მეტი, რასთან ასოცირდება მისი გვარი? ანდა ჩემი კონკურენტი ცინცაძე ავიღოთ, რა გაუკეთებია მას სასიკეთო არამხოლოდ თბილისისთვის, არამედ საქართველოსთვის? რას ვაძლევთ ხმას? ფაქტობრივად, არაფერს, ხომ?ან ეს ყავლგასული სიტყვა „ინიცირება“ რა არის? რის ინიცირება, რა ინიცირება, ქვეყანა თავზე გვემხობა?
ჩემთვის პრიორიტეტულია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმ პრობლემების მიტანა და განხორციელებაა, რომელიც მოსახლეობისთვის ამ ძნელბედობის დროს – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ბიუჯეტის გარეშეც შეიძლება უამრავი სასიკეთო საქმის გაკეთება და მე ჩემს საარჩევნო პროგრამაშიც მიწერია ეს! იგივე მუნიციპალური აფთიაქების გახსნა, განა დიდი სირთულეაა? სააფთიაქო და სახელისუფლებო მაფია, რომლებიც 400% მოგებაზე გადიან, განა არ უნდა დასრულდეს? ამ გაუბედურებული პენსიონერებისთვის, ვეტერანებისთვის, ზოგადად ხალხისთვის, განა ქალაქში არ უნდა იყოს ისეთი აფთიაქი, სადაც მივლენ და იაფად შეიძენენ მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებს? ანდა, ტაქსის ბიზნესის მონსტრებს, რომლებსაც იმიტომ რომ კერძო კომპანიები არიან და მათ საქმიანობაში არ ერევა სახელმწიფო, არ შეიძლება თუნდაც ფორს-მაჟორში, ხელშეკრულებით დაუკანონდეს ის, რომ – ფასი 4 ჯერ არ გაზარდონ? ვნახეთ ხომ პანდემიის დროს, ანუ მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებისას, როგორი ფასები დაედო მათ მომსახურებას? ჩვენ ხომ მშვენივრად გვესმის, რომ მძღოლებს ამ დროს იგივე შემოსავალი აქვთ რაც ჰქონდათ, მაგრამ გაზრდილი ტარიფის სრული მოგება რომ კომპანიას მიაქვს და ისიც ასეთ დროს, ამაზე ქალაქის მერიას რეაქცია არ უნდა ჰქონდეს და არ უნდა ეუბნებოდეს ამ კომპანიის მფლობელს – რას სჩადიხართ და დაახვიეთ აქედანოო? სიცოცხლით სავსე ქალაქიო, რომ ამბობს დღევანდელი მერი, განა ირონია არ არის? სიცოცხლით სავსე ქალაქი კი არა შპრიცებით სავსე ქალაქია თბილისი და თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვხედავთ ასეთი შპრიცებით სავსე სადარბაზოებს, სკვერებს და გული გვიკვდება, რომ ამას ვერაფრით ვეწინააღმდეგებით!
ის ჩირქიანი პროპაგანდა, რომელიც ყოველდღიურად მოედინება ტელევიზიებიდან და მათ შორის სახელისუფლებო მედიიდანაც, განა არ შეიძლება ჯანმრთელი პროპაგანდით ჩავანაცვლოთ? უბედურ 90-ებში ტარდებოდა ათასი ტურნირები, იგივე აფხაზეთში დაღუპული კარგი ბიჭის, ბენდელას სახელობის ტურნირი და დღეს როცა ამის ყველანაირი საშუალება არსებობს, რა გვიშლის ხელს, ეს ტრადიცია აღვადგინოთ და ახალგაზრდებიც ჩავრთოთ ამ ჯანმრთელ პროპაგანდაში? ამდენი გაბრუებული ახალგაზრდა სჭირდება საქართველოს თუ ჯანმრთელი თაობაა? რომ გამოდიან ეს პოლიტიკოსები და ენას უჩლექენ, ებოდიშებიან ამ გაბრუებულებს, ერთმანეთის დაჭმაში რომ აღებინებენ მონაწილეობას, ეგ არის საქვეყნო საქმე და ხვალინდელი დღის ხედვა? იქნება სიკვდილზე გამარჯვების გზები დავანახოთ ასეთ ახალგაზრდებს და სიცოცხლის მოტივაცია დავუბრუნოთ? ამაზე დიდი საქვეყნო საქმე რა არის, გამაგებინეთ ერთი? ნარკომანიის ჭაობში იძირება საქართველო და ამათ გირჩი და ჩირქი ერთად წამოსვეს პარლამენტში უფრო მეტად რომ ჩაძირონ ქვეყნის მომავალი თაობაა?! სპორტული დარბაზები გადავსებული იყო ტურნირების დროს ახალგაზრდა თუ ჭარმაგი გულშემატკივრებით და მოდით ეს ტრადიციები დავაბრუნოთ ცარიელი სიტყვების რახარუხის ნაცვლად, ძნელიაა?! ქალაქის მერიაში ათასი საქალაქო სამსახური, სრულიად უფუნქციო დეპარტამენტი არსებობს მაღალი ხელფასებით, სადაც დასაქმებული ჰყავთ უვიცები, ნათესავები, საყვარლები, სიდედრები და რავიცი ვინ აღარ, მაგრამ რა კეთდება ამ სამსახურებში ყავის სმის, ხელფასის აღების და ჭორაობის მეტი? არც არაფერი, ხომ ასეაა? ვიმეორებ, 80-90-ებში დუღდა სიცოცხლე იგივე სპორტის თვალსაზრისით და დღეს 2021 წელს, ჩამკვდარია ყველაფერი!!!
საშინელებას ჩავდივართ, გენოციდს ჩავდივართ და ამ ყველაფერს წერტილი დროულად უნდა დაესვას, რადგან დრო ჩვენს სასრგებლოდ ნამდვილად აღარ მუშაობს!
– რამდენად გაქვს იმის იმედი, რომ გაიმარჯვებ და საბურთალოს მოსახლეობა მხარს დაგიჭერს?
– ვერაფერს გეტყვით, გულახდილად ვამბობ, რადგან სრულიად უფინანსებოდ ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას სულ რაღაც 1000 საარჩევნო პლაკატით, განსხვავებით ჩემი ძალიან მდიდარი კონკურენტებისგან!
სადაც ის აკადრეს თბილისს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ,,გირჩის“ წევრი დაასახელა კანდიდატად, რაღაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ორგანიზაცია, რომლისთვისაც ჯარში მსახურება მიუღებელია, რომლისთვისაც პრიორიტეტი ნარკოტიკებია და საკუთარი ეკლესიაც კი აქვთ, როგორ შეიძლება მე დამიყენონ კონკურენტად?
ანდა ის გაურკვეველი ლოზუნგი რომ გამოფინეს ,,ჩემპიონები ირჩევენ ჩემპიონებს“ აი, ეს რას ნიშნავს – ვინ არის ჩემპიონი, რომელ სახეობაში, ის მაინც გვითხრან? ვიღაც ანანისტი გირჩელი, რომლის სამარცხვინო კადრებიც გაეპარათ ერთ-ერთი ფარული ჩანაწერების გამომზეურებისას?
ძალიან არ მინდა მჯეროდეს, რომ კახი კალაძეს თავის სიაში ვინც ჰყავს, მისი დამსახურებაა, მაგრამ რა დამსახურება აქვს ამ ხალხს ქალაქის წინაშე, ხომ უნდა ვიცოდეთ გარდა იმისა, რომ კობახიძე მდინარაძის მდივნები იყვნენ?! ყავის მოდუღებისა და კობახიძე – მდინარაძის ლობირებისა, რა იციან ამ ადამიანებმა და რა გაუკეთებიათ ოდესმე? ვინ დაგვწყევლა ასე?! რა დააშავა თბილისმა და თბილისელებმა ასეთი?
ეს ნასუფრალზე მოსული უნამუსო ტიპები, რომელსაც თავდაპირველ ,,ქართულ ოცნებასთან“ არავითარი კავშირი არ აქვთ, როდემდე უნდა გვკარნახობდნენ დღის წესრიგს და ქვეყნის დამღუპველ პოლიტიკას?! პირდაპირ გეუბნებით, ირაკლი კობახიძე იყო ტელეკომპანია „ობიექტივის“ წარუმატებელი ადვოკატი და მივაბრძანეთ კიდეც, მაგრამ დღეს „ქართული ოცნების“ ,,წარმატებული“ პოლიტიკოსია, ადეიშვილის ხელის ბიჭის, სხვისი ქონებების გადაფორმებით დაკავებულ მამუკა მდინარაძესთან ერთად! მათი კლანი მეფობს დღეს „ქართულ ოცნებაში“, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია აღარ არსებობს და ამ სამარცხვინო ადამიანებით ეწევა საარჩევნო პროპაგანდას!!!
– „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო კომისიის წევრები აღარ ჰყავს, რაც აპრიორი იმას ნიშნავს რომ თქვენი ხმები მარტივად შეეძლებათ მიაკუთვნონ მათ, ვის გვერდითაც „ქართულ ოცნებას“ სურს კოჰაბიტაცია, ანუ თანაცხოვრება! აბა, მაშ რისი იმედი გაქვთ? ფინანსები – არა! პლუს არც კომისიის წევრები….
– ეს იმას ნიშნავს, რომ სახელისუფლებო პარტიამ ვენეციის კომისიას თავზე გადაახია ის მოთხოვნა სადაც ეწერა რომ პატრიოტთა ალიანსს უნდა ჰყოლოდა კომისიის წევრები! ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენი 3 700 კომისიის წევრი „ქართულმა ოცნებამ“ შეისრუტა და აითვისა „პატრიოტთა ალიანსიდან“ წასული 4 ბიზნესმენის წყალობით, რომლებიც აგრეთვე პარლამენტში შევიდნენ და სრულიად აბსურდული სახელიც დაირქვეს ევროპელი სოციალისტები… ეს გააკეთა „იურისტმა“ კობახიძემ და მერწმუნეთ, მოვა დრო, ეს გარეწარი ამ და სხვა უკანონობაზე პასუხსაც აგებს! ამ ყველაფრიდან გამომდინარე რაზეც ახლა გესაუბრებით მმართველი პარტია ისეთ ჩიხშია შესული, ისეთ ჩიხშია, რომ უკვე სუს-ი აკომპლექტებს საარჩევნო სიებსა თუ კომისიის წევრებს და ეს არის გამოლპობის ბოლო სტადია!!! აქ მეორე მომენტიცაა და ჩემი აზრით მეტად საგულისხმო….
ხიფათია და რეალობასთან ძალიან ახლოსაა ის, რომ შესაძლებელია რევანშისტული, სისხლიანი ძალა შემობრუნდეს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად და ამიტომ მივმართავ მოსახლეობას: შემოხაზეთ N8, „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც არის ამ ქვეყნის უბედურებიდან და სტაგნაციიდან გამომყვანი ძალა და ის ძალა, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი არასდროს არ მოუტყუებია! ძალა რომელსაც ძალუძს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დიალოგის გზით! ძალა, რომელიც თავისი ხალხის გვერდით დგას გაჭირვებაში და ძალა რომელსაც ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, რაც დასტურდება იმ მრავალათასიანი აქციებით, რომელსაც პატრიოტთა ალიანსი მართავს დედაქალაქსა თუ რეგიონებში!
ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვებაა!!!
შემოხაზეთ N 8 პატრიოტთა ალიანსი!!!
ინტერვიუ მოამზადა ირინე გოგოსაშვილმა
კომენტარები