ფილოლოგიის დოქტორი, მაკა სახურია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩემი მეუღლე, ბიძინა გუჯაბიძე, მოულოდნელად გარდაიცვალა 2020 წლის 12 ნოემბერს.
არასოდეს უავადმყოფია, არაფერი აწუხებდა, მხნედ და ჯანმრთელად გრძნობდა თავს. სახლიდან გავიდა, ელიავას ბაზრობასთან, ხოშარაულის ქუჩაზე, დაზიანებული საჭრელი აპარატი (ე.წ. ბალგარკა) მიიტანა შესაკეთებლად, იქვე მოუვიდა გულის შეტევა და სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა. მას თან ახლდა ახლობელი, რომელმაც ყველაფერი დაინახა და მოისმინა. ეჭვი არავის შეპარვია, რომ ეს ბუნებრივი სიკვდილი იყო და გულის შეტევით მსგავსი ფორმით სიკვდილიანობა ძალიან ხშირია. ასე გარდაიცვალა ბიძინას სულ ახალგაზრდა ძმა და მამაც, მაგრამ რადგან შემთხვევა ქუჩაში მოხდა, რასაკვირველია, იქ გაჩნდა პოლიციაც და ცხედრის სახლში წამოსვენების უფლება არ მომცეს. ექსპერტიზა აუცილებელიაო და ამას ვერ შევეწინააღმდეგებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ სიკვდილზე ეჭვის შესატანი საერთოდ არაფერი იყო იმ სიტუაციაში. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმ საღამოს დატოვეს და მხოლოდ მეორე დღეს გამომატანეს, შუადღისას.
საქმეს იძიებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიცია და პროკურატურა, დავიკითხეთ ყველა, მეც, თვითმხილველებიც, მძღოლიც. მისი პირადი ნივთები დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა რამინ ებანოიძემ დალუქა, მათ შორის ბიძინას მობილური ტელეფონიც. ექსპერტიზა რომ მძიმე რამაა, აქამდეც გამიგია, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ასე გულის შეტევით გარდაცვლილი ადამიანისთვის უნდა ამოეჭრათ ყველა ორგანო და დაეჩეხათ ცხედარი. ეს ჭირისუფლისთვის უმძიმესია. ფაქტობრივად, ნახევარ კაცს ასაფლავებ და როცა მოგივა ექსპერტიზის დასკვნა, რომ თურმე 385 გრამს იწონის მისი გული, ამოჭრეს და აწონეს, დაამუშავეს თირკმელი თუ სხვა ორგანოები, შენს სასოწარკვეთას საზღვარი არ აქვს. დასკვნა რომ წავიკითხე, რამდენიმე დღე გონს ვერ მოვდიოდი… მითხრეს, რომ ექსპერტიზის დასკვნას დასჭირდებოდა 45 სამუშაო დღე. მე მეჩქარებოდა დასკვნის მიღება, რათა დამებრუნებინა მისი ტელეფონი და გამესწორებინა საბანკო ვალდებულებები, ასევე მიმეღო მისი სიცოცხლის დაზღვევის ანაზღაურება. ბანკები და სადაზღვევო ექსპერტიზის დასკვნას მთხოვდნენ.
თვეების მანძილზე ვურეკავდი სამხარაულის ბიუროს, მაგრამ ცხელ ხაზზე მხოლოდ იმას მპასუხობდნენ, რომ დასკვნა მზად არ არის, ხოლო თუ რატომ არ არის ან დაახლოებით როდის შეიძლება იყოს, არავინ მიმხელდა. თავი რომ არ შეგაწყინოთ, 2020 წლის 12 ნოემბრიდან, 45 სამუშაო დღის ნაცვლად, 8 თვეზე მეტი დასჭირდათ ექსპერტებს, რომ დაეწერათ არაფრისმთქმელი დიაგნოზი, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ბიძინა გუჯაბიძე ინფარქტით გარდაიცვალა. არ გეგონოთ, რომ ამ 8 თვეში ექსპერტებმა საკუთარი კეთილი ნებით დადეს ეს დასკვნა. სანამ არ ჩავრიე გავლენიანი ხალხი, არაფერი გაკეთდა და როცა გაკეთდა, მითხრეს, რომ უბრალოდ მიგდებული იყო, რომ არა ამ ხალხის მონდომება, დასკვნა თვეები და წლები არ მეღირსებოდა.
28 ივლისის მერე ყოველი კვირის დასაწყისში ვურეკავ გამომძიებელ რამინ ებანოიძეს და ვთხოვ, რომ დამიბრუნოს მეუღლის მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი სახსოვარია და ბევრს ნიშნავს, ის ყოველ ჯერზე მპირდება, რომ ამ კვირის ბოლოს დამიბრუნებს, მაგრამ კვირის ბოლოს მეუბნება, რომ ან ახლა თავადაა შვებულებაში, ან მერე საქმის პროკურორი გავიდა შვებულებაში, ხან პროკურორი არის მივლინებაში და სანამ ის საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ დაწერს, ტელეფონს ვერ დამიბრუნებს, ხან მეუბნება, რომ საქმის შეწყვეტის გარეშეც კი მომცემდა ტელეფონს, მაგრამ სადღაც საცავში ინახება და მან წერილი უნდა მისწეროს იმ საცავს, რომ გამოუტანონ ტელეფონი და როგორც ჩანს, ამ წერილის მიწერა ავიწყდება. ბოლოსწინა დარეკვაზე მითხრა, რომ თქვენი მრცხვენიაო და მომდევნო კვირის ბოლომდე უეჭველად დაგიბრუნებთო. ყოველთვის მელაპარაკება გულგრილად და უხეშად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. ამ პარასკევსაც რომ არ დამიბრუნა, გავცხარდი და ვუთხარი, რომ ეს არის უპატვიცემულობა, ყველას და ყველაფრის ფეხებზე დაკიდება და სამსახურებრივი გულგრილობა. ჯიბრში ჩამიდგა, ვაპირებდი მოცემას და ახლა აღარ მოგცემთ, პროკურორს და იმის ზემდგომს დაველოდები და თქვენც ელოდეთო. ანუ უკვე 2 თვეა პოლიციამ და პროკურატურამ მიიღო სამხარაულის ბიუროს დასკვნა და იციან, რომ გამოძიების გაგრძელება საჭირო აღარ არის, ადამიანი ბუნებრივად გარდაიცვალა, მაგრამ რა ქნას რამინმა, რომ სულ ფეხებზე ჰკიდია გუჯაბიძეც, მისი საქმის გამოძიებაც, მისი მეუღლეც, საქართველოს ყველა მოქალაქეც და საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობებიც?
ჰუმანიზმსა და ადამიანურ მოპყრობაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ. მე კიდევ შემიძლია შევაწუხო ბიძინას მეგობრები, რომ ამჯერად ამ ადამიანისგან დამიხსნან, დავიბრუნო მეუღლის ნივთი, საკმაოდ ძვირადღირებულიც, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ მისი სახსოვარი… მაგრამ სპეციალურად არ ვეუბნები არავის, მაინტერესებს, სანამდე მივა პოლიციელის გულგრილობა და უხეშობა?! თავს დამცირებულად და დაჩაგრულად ვგრძნობ. რატომ უნდა მჭირდებოდეს სხვების შეწუხება? რამეს გაურკვევლად ვეუბნები და უკანონოს ვითხოვ თუ რა? ერთი უბრალო და უპრეტენზიო მასწავლებელი ვარ და რადგან გავლენა და ცნობადობა არ მაქვს, ასე ფეხებზე უნდა დამიკიდოს პოლიციელმა? აი, ასეთი ხალხი არ აძლევს ამ სახელმწიფოს წინსვლის შესაძლებლობას. აქ მოქალაქის ინტერესი ფეხებზე ჰკიდია მოხელეთა უმრავლესობას. მე კი ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანების გამო შესაძლოა სადაზღვევო კომპანიამ უარი მითხრას სიცოცხლის დაზღვევის კომპენსაციაზე მაშინ, როცა ჩემს მეუღლეს ამ სადაზღვევო კომპანიისთვის სოლიდური თანხა აქვს გადახდილი, ყველაფერს თავისი ვადები აქვს, როცა ჩვენს ვალდებულებებზეა საუბარი, შეიძლება ბანკმა მისი სესხი პრობლემურად მიქციოს ამ დაგვიანებების გამო და მორალურ ზიანს რომ თავი დავანებოთ, ფინანსური ზიანი მომადგეს სერიოზული. ყველაფერ ამას თავაზიანად ვეუბნები ამ ადამიანებს, მაგრამ “ჩემი ჩივილი ვის ესმის?”
ახლა მოგმართავთ შსს-ში, პროკურატურასა და სხვა ოფიციალურ უწყებებში დასაქმებულ ჩემს ახლობლებს, გამომძიებელ რამინ ებანოიძისა და პროკურორ ლაშა გამყრელიძის ამგვარი ქცევა ნორმალურია? შეიძლება ასე უხეთქონ გული ადამიანებს? აშენდება ასე სახელმწიფო?
მე პირადად არანაირი ნდობა არც სამხარაულის ბიუროსა და არც ამ ადამიანებისადმი არ მაქვს. ასე ყველაფრის გაბიაბრუება უბრალოდ მომაკვდინებელია სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, თორემ ჯანდაბას ერთი მაკა სახურია და ბიძინა გუჯაბიძე…
და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა თურმე არსებობს მთავარი პროკურორის ბრძანება, რომ ყველა ნივთმტკიცება დროულად და შეუფერხებლად დაუბრუნონ მფლობელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
კომენტარები