ქირურგი-ოფთალმოლოგი კონსტანტინე ჩიქოვანი ექიმების დინასტიიდანაა და ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს, ეს სფერო მისთვის ბავშოვბიდან ორგანული იყო, ადამიანებზე ზრუნვა და მათი ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ბრძოლა ყოველთვის იზიდავდა და პროფესიულმა არჩევანმა ეს მის ყოვედღიურობად აქცია.
კონსტანტინე ჩიქოვანი: ადამიანებზე ზრუნვა ბავშვობიდანვე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ექიმების ოჯახში გავიზარდე: მამა – მალხაზ ჩიქოვანი, ბაბუა – კონსტანტინე ჩიქოვანი, შესაბამისად პროფესიულ არჩევანზე ბევრი არ მიფიქრია. რაც შეეხება მიმართულებას, მიუხედავად იმისა რომ ოფთალმოლოგია საკმაოდ ვიწრო სპეციალობაა, მედიცინის მაღალტექნოლოგიური დარგია, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და ძალიან სწრაფად პროგრესირებს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა განაპირობეს ასეთი ვიწრო სპეციალობების კიდევ უფრო დიდი სიჩქარით განვითარება. ჩვენს დარგში უამრავი სიახლეა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი შევუნარჩუნოთ, გავუუმჯობესოთ და დავუბრუნოთ მხედველობა ადამიანებს. ამიტომ, ეს სპეციალობა ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.
– ძირითადად, რა პრობლემებით მოდიან თქვენთან პაციენტები, რომელმა დაავადებებმა იმატა?
– დაავადებების ნუსხა გაიზარდა, რაც შესაძლოა, დიაგნოსტიკური მეთოდების დახვეწას უკავშირდებოდეს. არის დაავადებები, რომელთა დიაგნოსტირება გარკვეულ ასაკამდე არ ხდებოდა და დღეს უკვე გვაქვს მათი ახალგაზრდა ასაკში აღმოჩენისა და სწორად მართვის შესაძლებლობა. გაიზარდა და გაახალგაზრდავდა, მაგალითად, ენდოკრინული დაავადებებიც, რაც თავლებზეც აისახება და უკვე არსებული დაავადებების გამწვავებას ან ახალი დაავადებების წარმოჩენას იწვევს.
– რა კვალს ტოვებს კოვიდ 19-ის ვირუსი მხედველობაზე?
– კოვიდ 19 ორგანიზმში უამრავ დარღვევას იწვევს. რაც შეეხება მხედველობას, პაციენტების გარკვეულ ნაწილში აღინიშნება ვირუსული კონიუნქტივიტი. ინფორმაციები ნელ-ნელა გროვდება და უახლოეს წლებში გვეცოდინება, რა სავარაუდო მძიმე შედეგები შეიძლება, დატოვოს ამ ვირუსით ინფიცირებამ.
– რა უნდა იცოდნენ დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა, როგორ უნდა მოუფრთხილდნენ თვალს რომ მხედველობა შეინარჩუნონ?
– დიაბეტით დაავადებულებმა მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა, მათ არ ჰქონდეთ მხედველობასთან დაკავშირებული ჩივილები, წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გაიარონ გეგმიური კვლევები ოფთალმოლოგთან. არის დიაბეტით გამოწვეული, თვალის უამრავი პათოლოგია, რომლებიც ძალიან ნელა ვითარდებიან და თავიდანვე არ იწვევენ მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას. როცა პაციენტს მხედველობის პრობლემა შეაწუხებს , შესაძლოა, უკვე გვიანი იყოს.
– როგორ მივხვდეთ, რომ თვალის პათოლოგიასთან გვაქვს საქმე?
–პაციენტებისთვის გასაგებ ენაზე რომ ავხსნა ჩვენ შეგვიძლია თვალი გავყოთ ორ ნაწილად: ერთია ხილული ნაწილი და მეორე – თვალის შიდა ნაწილი, რომლის დანახვაც მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. თუ პაციენტმა სარკეში ყურებისას შეამჩნია რომ ქუთუთოებზე ან თვალის ხილულ ნაწილებზე გაჩნდა ახალი წანაზარდი, ან ქსოვილმა შეიცვალა ფერი, ეს იმის ნიშანია რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, არის სხვა უხილავი პათოლოგიები რომლებსაც გეგმიური კვლევების გარეშე ვერ გაიგებთ და ისინი მხოლოდ მხედველობის მკვეთრ დაქვეითებაში აისახება.
– როგორ უნდა მოვუაროთ თვალს, რომ დიდხანს დავინახოთ მზე?
– რადგან მზე ახსენეთ, პირველ რიგში, გეტყვით რომ მზის ულტრაიისფერი გამოსხივება მთლად კარგად არ აისახება ჩვენს თვალებზე, ამიტომ უპირველეს ყოვლისა, გირჩევთ, რომ მზიან ამინდში გარეთ მზისგან დამცავი სათვალის გარეშე არ გახვიდეთ, რომლის მინაც შესაბამისი ხარისხის უნდა იყოს. გარდა ამისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვალის დაცვა ქარისგან და მტვრისგანაც.
თანამედროვე სამყაროში მუშაობა, ძირითადად, ახლო დისტანციაზე გვიწევს, ყველა საგანი, რასთანაც ურთიერთქმედებას ვახდენთ, ერთ მეტრზე ნაკლებ დისტანციაზეა. როდესაც გამოსახულებას ახლო მანძილზე ვუყურებთ, თვალი იძაბება, თუ გვაწუხებთ თვალის დაძაბულობა, დაღლილობის შეგრძნება, ამიტომ 30-40-წუთიანი მუშაობის შემდეგ ადექით და 10 წუთი იყურეთ ფანჯრიდან ან უყურეთ ნებისმიერ საგანს შორ მანძილზე, ეს თვალისთვის იდეალური დასვენებაა. უკეთესია, თუ თვალებს დახუჭავთ.
– ხშირია თვალის ალერგია, რა იწვევს მას?
– ალიერგიები შეგვიძლია, დავყოთ ორ ნაწილად: პირველია სეზონური ალერგიები და მეორე – სხვადასხვა ქიმიური საშუალებები. თვალის ნებისმიერი გაღიზიანებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ხანგრძლივმა ანთებითმა პროცესებმა კი – თვალის სხვა პათოლოგიები, ამიტომ აუცილებელია, ყველა ჩივილს დროულად მივხედოთ.
– რა ტიპის ოპერაციებს აკეთებთ და რა შედეგი მოგცათ ტექნოლოგიურმა პროგრესმა?
– ჩემთან პაციენტები, ძირითადად, რეფრაქციული დარღვევებით მოდიან. ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოგვიტანა ის შედეგი, რომ შეგვიძლია, ოპერაციის შემდეგ პაციენტებს მხედველობის გაცილებით უკეთესი ხარისხი მივცეთ. ყურადღებას კატარაქტის ქირურგიაზე გავამახვილებ, რადგან ამ მიმართულებით ბოლო წლებში ბევრი სიახლეა. ადრე, როდესაც კატარაქტის დიაგნოზი ისმებოდა, პაციენტმა იცოდა, რომ ოპერაციის შემდგომ, უკეთეს შემთხვევაში, შორ დისტანციაზე დაინახავდა საგნებს, მაგრამ არამკაფიოდ და ფერთა აღქმა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ახალგაზრდობაში. კატარაქტის ქირურგიის დროს ადამიანის ბუნებრივ შემღვრეულ ბროლს ვანაცვლებთ ხელოვნური ბროლით, რომლებიც ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, დაიხვეწნენ. გამოუშვეს ისეთი ბროლები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ფერების უფრო მკაფიოდ აღქმა, გამოსახულების სხვადასხვა დისტანციაზე ფიკუსირება, თუ ადრე ოპერაციის შემდეგ ადამიანს ახლო მანძილზე სამუშაოდ სათვალე მაინც სჭირდებოდა, თანამედროვე ხელოვნური ლინზების საშუალებით სათვალე არც ერთ დისტანციაზე აღარ სჭირდება. თანამედროვე ლინზების მეშვეობით პაციენტების ცხოვრების ხარისხი კიდევ უფრო უკეთესი გახდა.
– შეგიძლიათ, გაიხსენოთ ყველაზე რთული ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა?
– ერთია ოპერაცია, რომელიც რთულად შესასრულებელია და მეორეა , როდესაც მდგომარეობა რთულია პაციენტის ანამნეზიდან გამომდინარე. თუ სხვადასხვა მიზეზების გამო პაციენტი ბავშვობიდანვე ვერ ხედავს კარგად, რთულია კარგი შედეგის მიღება. გარკვეული პერიოდის წინ მოვიდა ქალბატონი, რომელსაც მიღებული ტრავმის შედეგად, დაახლოებით, 50 წლის წინ ერთ თვალზე ქონდა მოცილებული თავისი ბუნებრივი ბროლი. მთელი ეს პერიოდი ერთი თვალით ხედავდა კარგად, ხოლო მეორე თვალით არაფერი დაუნახავს. არ ვიცი, ასეთი გვიანი მომართვა თუ ყოფილა საქართველოში. ეს ოპერაცია ტექნიკურადაც რთული შესასრულებელი იყო და სავარაუდო შედეგიც – არაპროგნოზირებადი. ოპერაციიდან, დაახლოებით, ორი თვე გავიდა და თუ თავიდან პაციენტი სახის წინ ძლივს არჩევდა ხელის მოძრაობას, ახლა მას 5 მეტრის დისტანციიდან შეუძლია, ჩვენი დაფის პირველი ორი ხაზის დანახვა და სავარაუდოდ, ეს სრული შედეგი არ არის, როდესაც ანთებითი რეაქცია ბოლომდე ჩაცხრება, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტს დაინახავს.
ნინო მახარაძე
კომენტარები