პარტია ‘საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია, “ტვ პირველის” ეთერში, ამბობს:
„ყველა ძალიან მძაფრად აღვიქვამთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, მაგრამ ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არ გვქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ! როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მთავრობა მტკიცდებოდა – ჩვენ მაშინ მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ დეოკუპაციის სტრატეგიის შექმნა და ამას ძალიან პრაქტიკული მიზანი აქვს – შეუძლებელია, საქართველოს არ ჰქონდეს გააზრებული დეოკუპაციის სტრატეგია, რომელიც ეროვნულ დონეზე იქნება შეთანხმებული. ჩვენ შეიძლება პოლიტიკურ ჭრილში ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ და უმძიმეს კონკურენციაში ვიყოთ ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ ყველა ქართველები ვართ და ერთი სახელმწიფოს შვილები ვართ. უნდა გვქონდეს ზეპარტიული საკითხი, რაზეც მოვახერხებთ ნაციონალურ კონსენსუსს და დეოკუპაცია ერთ-ერთი საკითხია, სადაც საერთო პოლიტიკური კონსენსუსი უნდა გვქონდეს! ეს არის პირველი ეტაპი.
მეორე ეტაპია – ჩვენი დეოკუპაციის სტრატეგია უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და შემდგომ, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის სტრატეგია უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. და, რა თქმა უნდა, ჩვენი დეოკუპაციის სტრატეგიით უნდა დავიწყოთ ლაპარაკი მტერთანაც, ოკუპანტთანაც! უნდა გვესმოდეს, რომ არავინ ჩვენს მაგივრად ამას არ გააკეთებს!
ჩვენს პასუხისმგებლობად მიმაჩნია, როგორც სახელმწიფოს გვქონდეს შემუშავებული დეოკუპაციის სტრატეგია, რომელზეც ვიმუშავებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებთან! სხვანაირად შეუძლებელია ქვეყნის ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების სერიოზული განხილვა, როგორიც არის ეკონომიკური განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობა და ასე შემდეგ. ჩვენ, ქართველებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან თუ არ გვექნა ჩვენი საერთო მომავლის ხედვა 5, 10, 20 წლის პერსპექტივაში – არავინ ჩვენ ჩვენს გარემოცვაში, რეგიონში, მსოფლიოში, სერიოზულად არ აღგვიქვამს.“
კომენტარები