ირინე გოგოსაშვილი, ალია
პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, სულ ახლახან „ქართული ოცნების“ სათაყვანო და პარტიული საარჩევნო სიის N1, ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას „კოკაინშიკს“ ეძახის და მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ გახარია კოკაინზე ქალბატონმა „შესვა“….
თუმცა კობახიძემდე კახი კალაძემ მოუწოდა კონკურენტებს – თბილისის მერობის ყველა კანდიდატს ნარკოტესტი გაეკეთებინა და შემდეგ განეგძო საარჩევნო მარათონი!
დღე არ გავიდოდა, გახარიას ნარკომანობაზე მინიშნება არ გაეკეთებინათ „ქართული ოცნების“ რჩეულებს და გახარიაც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე ერთერთ კლინიკას ეწვია, რათა მის მიმართ აგორებული არცთუ სასიამოვნო ჭორები გაექარწყლებინა, ავსტრიაში მიღებული ლაბორატორიული კვლევებით დადგენილი პასუხით!
სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა და მათ შორის „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, ავსტრიული კლინიკის დასკვნაც იხილეს, რომ გიორგი გახარიას ორგანიზმში ნარკოტიკების კვალი არ იყო და ეს დასკვნა „ფეისბუქზე“ თავად გიორგი გახარიამ გამოაქვეყნა!
ამის შემდეგ ქარიშხალი თითქოს ჩადგა, მაგრამ სახელისუფლებო მედიის, კერძოდ ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით, მათმა კორესპონდენტმა ევროპაში ქეთი ქარდავამ, ტელეკომპანიისგან მიიღო დავალება, ჩასულიყო ვენაში და ის ექიმი მოეძებნა, ჩაეწერა მასთან ინტერვიუ, ვისი ხელმოწერაც გახარიას მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე იყო დაფიქსირებული!
მართლაც, სრულიად საქართველომ იხილა ის კლინიკა, სადაც გახარიამ ნარკოტესტი ჩაიტარა, თუმცა მაყურებელს არ უნახავს და არ მოუსმენია არცერთი სინქრონი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ჟურნალისტი ქარდავა ტელეფონით ესაუბრება კლინიკის მიმღებში მომუშავე პერსონალს, ანდა დაცვას, რომელსაც თავადვე ამბობს, რომ ესაუბრა და მათ უთხრეს, რომ გახარიას ამ კლინიკისთვის არსდროს მოუმართავსო!!!
ელემენტარული ეთიკაა, პაციენტის როგორც სახელ-გვარის, ისე დიაგნოზის გაუთქმელობა და ეს ევროპელმა ექიმებმა არათუ ძალიან კარგად იციან, არამედ ზედმიწევნით იცავენ კანონით დარეგულირებულ ამ ნორმას და ისიც იციან, თუკი ისინი გახდებიან ინფორმაციის გამტანები, რა სასჯელი ემუქრებათ მათ ასევე კანონით გაწერილი ნორმით!
ჩემმა მეგობარმა და კოლეგა გიორგი ფოფხაძემ, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობს, ასევე კარგად იცის ევროპული კანონმდებლობა და მართალი გითხრათ, ცოტა გამიკვირდა, თუნდაც ბეჭდური მედიიდან რატომ არავინ შეეხმიანა ამ საკითხზე?
სწორედ ამიტომ ,,ალიამ“ გადაწყვიტა მისგან მოესმინა ბევრი დეტალი ევროპაში მოქმედი კლინიკების შესახებ და აგრეთვე ეკითხა მისთვის, რამდენად იყო შესაძლებელი, ჩვეულებრივ ავსტრიულ კლინიკაში ნარკოლაბორატორიული კვლევის ჩატარება და ხომ არ არსებობს იქ საამისოდ სპეციალური კლინიკები და მხოლოდ იქ ხომ არ ტარდება მსგავსი კვლევები?
– გამარჯობა გიორგი, რაღაც არ ჩანხარ ქართულ მედიაში, არადა ამხელა ამბავია ატეხილი ევროპაში ნარკოტესტის გასაკეთებლად ჩამოსული გიორგი გახარიას გარშემო…
– მოგესალმები ირინა, შენც და „ალიას“ მკითხველსაც!კი ბატონო, ასეა ნამდვილად, სოციალური ქსელის და „ალიას“ გარდა არსად აღარ ვჩანვარ ქართულ მედიაში. ნუ აქ ორი ფაქტორია, პირველი ის, რომ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ მედიას დიდად გულზე არ ვეხატები ჯერ კიდევ ნაცების მმართველობიდან მოყოლებული, როცა ისინი სამთავრობო მედია იყვნენ და მეორე, ქოცურ მედიას უფრო მეტად არ ვეხატები გულზე და დირექტივებიც აქვთ მიცემული – «ოღონდაც ფოფხაძე არა და ვინც გინდა სხვა იყოს“, ხოდა ვმუშაობ ჩემთვის ფრანგულ ჟურნალისტიკაში, ასევე ვაკეთებ «იუთუბ არხზე» ევროპულ მიმოხილვებს და ვწერ ფეისბუკზე ძირითადად «საღლიცინო» პოსტებს მაგრამ, საკმაოდ კრიტიკულს და რეალობას… აბა, ამათ სერიოზული თვალით უყურა მტერმა!
თუმცა, მე ფეისბუქზე გამოვეხმაურე ,,იმედში“ გასულ სიუჟეტს და დავწერე, რომ ევროპაში ნებისმიერ, ჩვეულებრივ კლინიკებშიც აკეთებენ ნარკოკვლევებს და ,,იმედი“ იტყუება-თქოოო. საერთოდ ამ ბოლო დროს გიორგი გახარიაზე და მის პარტიაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან იმაზე მეტი შტურმი მიდის, ვიდრე ნაცებზე, თუმცა დღევანდელი „ქართული ოცნება“ ძირითადად ან «არსაიდან მოსული» ადამიანებით არის დაკომპლექტებული ან ყოფილი ნაცებით, რომელთა უმრავლესობასაც მეც და შენც პირადად ვებრძოდით სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ამიტომ გახარიასადმი ასე მიზანმიმართული შტურმი ჩემთვის არაა გასაკვირი. რაც შეეხება თავად იმ ფაქტს, რაც მოხდა ნარკოტესტის საკითხში, მინდა დაგარწმუნო, რომ საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, თუნდაც პოლონეთში, რუმინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, არ არსებობს საავადმყოფო, დიდი თუ პატარა კლინიკა და ლაბორატორია, რომელსაც ლიცენზია არ ქონდეს ნარკოტესტის გაკეთების, უფრო მეტსაც გეტყვი…. როდესაც ევროპულ კლინიკაში შედიხარ სამკურნალოდ, სამ აუცილებელ კვლევას გიკეთებენ სასწრაფო წესით 1. რენტგენი 2. სისხლის საერთო ანალიზი 3. ნარკო და ალკოტესტი..
– რატომ ნარკო და ალკოტესტი?
– იმიტომ რომ, ღმერთმა დაიფაროს და სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაცია დაჭირდეს პაციენტს, ანესთეზიოლოგს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რა დოზით და როგორ გააკეთოს ნარკოზი ასე, რომ კიდევ ვიმეორებ, ფართო სპექტრის ნარკო ტესტებით ევროპული ნებისმიერი კლინიკა, საავადმყოფო და ლაბორატორიაა აღჭურვილი!
ეგ კი არადა, ფრანგულ პოლიციას და ჟანდარმერიას ჰყავს სპეციალური მიკრო ავტობუსი – ლაბორატორიები სადაც ადგილზევე აკეთებენ ასეთ კვლევას. ასე რომ, ქართული ოცნების «მოძახილი» იმის თაობაზე, რომ გახარიამ არალიცენზირებულ კლინიკაში ჩაიტარა კვლევა არის «ტყუილი, ტყუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში»!!!
ახლა მეორე სისულელეს რომ იძახიან, იცით რააო, კოკაინი ისეთი ნარკოტიკიაო, რომელიც 15 საათის შემდეგ გადის ორგანიზმიდანო, კი ბატონო ასეა მაგრამ, ჯერ ერთი, ბატონმა გახარიამ ჩაიტარა თმის სპექტრული ანალიზი, რომელიც ახალი კვლევის მეთოდია და საშუალებას იძლევა ბოლო სამი თვეში მოხმარებული, ნებისმიერი სახის ნარკოტიკული ნივთიერების კვალი აღმოაჩინო და მეორე, თვითონ კოკაინია ისეთი მძიმე ნარკოტიკი, რომელიც მყისიერ მიჩვევას იწვევს სამი თუ ოთხი მოხმარების შემდეგ და არ არსებობს კოკაინზე დამოკიდებული ადამიანი, რომელმაც 15 საათი «კოკაინის დოზის» გარეშე გაძლოს.. ნუ დაგავიწყდებათ ერთი გარემოება, მე სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე და კარგად ვიცი, რასაც ვამბობ…
ირინა, მე არ ვიცნობ გიორგი გახარიას და არ ვიცი, რა მოხდა და როგორ მოხდა, საიდან აღმოჩნდა ავსტრიულ კლინიკაში მაგრამ, ფაქტი ერთია, რომ ევროპაში ასე «ჰოოპ» და ლაბორატორიაში მივედი და ანალიზი ამიღეს, არ ხდება, აქ ყველაფერი წინასწარი ჩაწერით და «ოჯახის ექიმის» მიმართვით ხდება…
აგერ მე პირადად, კბილის ექიმთან ვარ მისასვლელი და სექტემბრის დასაწყისი იყო როცა კბილის ექიმის კაბინეტს დავუკავშირდი და 27 ოქტომბრისთვის დამინიშნეს ვიზიტი. ამიტომ, ჩემი «შერლოკ ჰომსული» დედუქციის პრინციპით ვვარაუდობ, რომ ალბათ გიორგი გახარიამ დაურეკა თავის რომელიმე მეგობარს ავსტრიაში, რომელმაც უთხრა, რომ ამ შემთხვევაში ერთად ერთი გამოსავალი იყო, არა ლაბორატორიაში მისვლა, არამედ კლინიკაში და ამ კლინიკის «სასწრაფო მიმღები» განყოფილებიდან შესვლა, დავუშვათ გულის პრობლემის ან მაღალი წნევის დასახელებით და უკვე მიმღებ განყოფილებაში რეგისტრაცია გავლილმა მოითხოვა ნარკოლოგიური ტესტის უახლესი ტექნოლოგიით, თმის ანალიზით ჩატარება!.
– მეც მინდოდა იტალიაში ზოგადი გამოკვლევის ჩატარება, მაგრამ ვიზიტი 2 თვის შემდეგ დამინიშნეს და ძალიან არ მომეწონა ეს ფაქტი! თუმცა იქვე მითხრეს, რომ თუ გადავიხდიდი სოლიდურ თანხას მეორე დღესვე შემეძლო მიმემართა კლინიკისთვის და 1 კვირაში სრული გამოკვლევის პასუხებს ჩამაბარებდნენ!
– რა თქმა უნდა, სწორედ ასეა ევროპაში და გახარიაც, ორმაგ თანხას გადაიხდიდა იმიტომ რომ, ის არაა ავსტრიის მოქალაქე და ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის რეზიდენტი, მას მოუწევდა საკუთარი ჯიბიდან გადაეხადა ნარკოტესტის საფასური. რამდენად სოლიდური იქნებოდა ეს თანხა, ვერ გეტყვი მაგრამ, ჩემი აზრით, ალბათ 200-300 ევროს გადახდა ნამდვილად მოუწევდა, სამაგიეროდ ავსტრიულ კლინიკაში ჩატარებული კვლევის სისწორეში მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას ეჭვი არ შეეპარებოდა საქართველოს გარდა, უფრო სწორად, „ქართული ოცნების“ „ლიდერშიპის“ გარდა!!!
– ქეთი ქარდავას რეპორტაჟს უყურე?
– კი ბატონო, მეც ვნახე ეს რეპორტაჟი… გულახდილად გეტყვი, იცი, რაშია ირინა საქმე? აქ ჟურნალისტის პასუხისმგებლობას მე ნაკლებად ვხედავ, ეს პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ტელეკომპანია „იმედს“, რომელიც ნაცების დროს ამ პარტიის რუპირი იყო 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და დღეს „ქართული ოცნების“ ჯიბის მედიაა!!!. ჟურნალისტმა გააკეთა ის, რაც უთხრეს და როგორც უთხრეს. ამიტომ მე საერთოდ მოვხსნი ამ შემთხვევაში ჟურნალისტის პასუხისმგებლობას და ვისაუბრებ იმ აქცენტებზე რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ დასვა:
1. რატომ მოაწერა ხელი ნერვოპათოლოგმა გახარიას კვლევის დოკუმენტზე ხელიი? – იმიტომ რომ ევროპაში ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს მკურნალობენ სწორედაც რომ ნერვოპათოლოგები და ფსიქიატრები!!! ასე რომ, სწორედაც რომ ნერვოპათოლოგის ხელმოწერაა დასკვნაზე და ჩემგან გადაეცით „ქართული ოცნების“ „ძვირფას“ მესვეურებს და ტელე-იმედის რუპორ ბოსებს, ელემენტარული წარმოდგენა რომ ჰქონდეთ ევროპულ მედიცინაზე, ამ საკითხს ასე არ დასვამდნენ!!!
2. ექიმმა, რომელსაც „იმედის“ ჟურნალისტი ეკითხებოდა გახარიას შესახებ, დარწმუნებული ვარ, რომ საერთოდ არ იცის გიორგი გახარიას არსებობა და მისი ეროვნული წარმომავლობაც კი, იმიტომ რომ, ლაბორატორიიდან ამ ექიმს როგორც ნარკოტესტებზე პასუხისმგებელს, მიუტანდნენ კვლევის შედეგს, ის წაიკითხავდა ანალიზის პასუხს, მოაწერდა ხელს, დაუსვამდა ბეჭედს და გაუგზავნიდა პაციენტს, სულ ესაა და ეს..!!!
– რომც სცოდნოდა გახარიას შესახებ და პირადადაც ენახა, ექიმი გასცემდა ჟურნალისტთან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პაციენტი გახარია მართლაც იყო მასთან მისულიი?
– რა თქმა უნდა, არ გასცემდა პაციენტის ინფორმაციას! ეს ევროპაში სასტიკად დასჯადია!!! ევროპაში პაციენტის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა ციხით და სოლიდური თანხით ისჯება!!! ასე რომ, ექიმი ამ შემთხვევაში 200%-იანია, როცა ეკითხებოდა ჟურნალისტს თქვენ საიდან გაქვთ ეს დასკვნა, ვინ მოგცათოო? ელემენტარულს გეტყვი, ირინა…. ჩემმა ოჯახის ექიმმა რამდენიმე კვირის უკან ჩემ შვილზე არ მომცა რეცეპტი, არ შეიძლება და იმიტომო, თუ თვითონ ვერ მოდის კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ზუმ- პლატფორმით ჩემთან დაკავშირება და თავად გავესაუბრები და მივცემ დანიშნულებასო. ასე რომ, ევროპაში ასე მარტივად არაა პაციენტზე ინფორმაციის მოპოვება!!!.
– ჟურნალისტი ქარდავა ეთერში იმასაც ამბობდა, დასკვნა რომ ვანახე ექიმს, არაადეკვატურად მოიქცა, გაიქცაო, დაიბნაო და ა,შ…..
– კი ბატონო არაადეკვატურად მოქცეოდა ის პროფესორი აბა, რაა? შენ წარმოგიდგენია ავსტრიელი ექიმი, რომელმაც იცის, რომ მის ქვეყანაში ექიმზე ნებისმიერი სახის ზეწოლა, ადევნება, ზემოქმედება და ასე შემდეგ ისჯება რამოდენიმეწლიანი ციხით და 75 ათას ევროიანი ჯარიმით და მსგავს ქმედებას არც ერთი ავსტრიის მოქალაქე, რეზიდენტი თუ არალეგალურად ამ ქვეყანაში მცხოვრები არ ჩაიდენს, უცებ ხედავს, რომ ვიღაც მისდევს მიკროფონით და ინგლისურად ეკითხება რაღაცებს! ელემენტარულად შოკში ჩავარდა კაცი, მისი გონების მიღმა რაღაცები ხდებოდა მის გარშემო და დავაკვირდი, ისეთი გაოგნებული იყო, რომ პოლიციასაც ვერ დაუძახა, საკუთარი თავის გადარჩენის ინსტინქტზე მოქმედებდა, გამიგეე?
– რა მითხარი, იციი? ექიმს შეუძლია უჩივლოს ტელეკომპანია „იმედს“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის და მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის? თუნდაც გახარიასთან ერთად?
– კი, შეუძლია მისცეს მსვლელობა და არა ჟურნალისტი, არამედ ტელეკომპანია დააჯარიმოს საკმაოდ სოლიდური თანხით. კიდევ ვიმეორებ, აქ ჟურნალისტის დანაშაული არის ნული..
– ჟურნალისტმა არ უნდა იკისრო, თორემ ზოგ რედაქციაში მუდმივად რაღაცას ითხოვენ, ვითომ ექსკლუზივებს და ამაში საკმაოდ სოლიდურ თანხებსაც უწერენ მსგავს ჟურნალისტებს….
– ხანდახან არის რაღაცები, რასაც რედაქცია გთხოვს და ჟურნალისტი ვალდებულია ეს გააკეთოს!მაგალითად მე, არ გავაკეთებდი, ჯერ ერთი იმიტომ, რომ საკმარისზე კარგად ვიცი ევროპული კანონმდებლობა და მეორეც, იმიტომ ვარ აკრძალული ჟურნალისტი ქართულ მედიაში, მსგავს დაკვეთებს რომ არ ვასრულებ, გამიგეე? მაგრამ, ყველა გიორგი ფოფხაძე არაა….
არ ვიცნობ გიორგი გახარიას, არასოდეს მას არ შევხვედრივარ და უფრო მეტი კრიტიკოსი ვიყავი მისი, ვიდრე მომხრე მაგრამ, ქართულ ანდაზის არ იყოს, „სიმართლეს გაუმარჯოს“ და ამიტომ ვიცავ გახარიას, უფრო სწორად კი არ ვიცავ, იმ სიმართლეს ვამბობ, რაც ხდება!
აგერ ბატონო „ალიას“ ფურცლებიდან კიდევ გავიმეორებ – თუ სურვილი აქვს გიორგი გახარიას, ერთხელ და სამუდამოდ რომ მორჩეს მის ნარკოტესტზე საუბარი, ჩამოვიდეს საფრანგეთში, ქართველ ჟურნალისტებთან ერთად და მე გიორგი ფოფხაძე მივყვები მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ, პასტერის ინსტიტუტში (ნუ ამ ინსტიტუტზეც ხომ ვერ იტყვიან ქოცები, რომ ლიცენზია არა აქვს) ჩაიტაროს ანალიზი და პასტერის ინსტიტუტის პრესსამსახურსაც ვთხოვ რომ, რამდენი ჟურნალისტიც იქნება, ყველას სათითაოდ და პირადად გადასცენ ანალიზის პასუხები!!! ნუ ეს ნამდვილად შემიძლია გავაკეთო, თანაც უპრობლემოდ და დამიკავშირდნენ სიამოვნებით დავეხმარები!
– მადლობა ფოფხა, ამომწურავი ინფორმაციისთვის, დროებით…
– დიდი მადლობა შენ და გაზეთ „ალიას“, რომელსაც ვახსოვარ!
კომენტარები