ახალი სიცოცხლის სამსახურში ყოფნა ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის რეპროდუქტოლოგისა და მეან-გინეკოლოგის ქალბატონ ლელა ირემაძისთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა. უამრავი იმედგადაწურული წყვილი, მრავალწლიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ მისი წყალობით მშობელი გახდა და ასეთი შემთხვევები ლელა ექიმისთვის მთავარი მოტივაციაა. საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, არასდროს ჯერდება მიღწეულს და მუდმივად შემეცნებისა და განვითარების პროცესშია.
ლელა ირემაძე: რეპროდუქციის მიმართულების არჩევაში ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი ბატონი არსენი დამეხმარა, რომელსაც ზოგადად ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში, როდესაც უნივერსიტეტში რეპროდუქტოლოგიის კურსს გავდიოდი, ბატონი არსენი გვიკითხავდა ლექციას, ძალიან მოვიხიბლე ამ პროფესიით და სწორედ აქ დავინახე საკუთარი თავი. ეს არის სათნო, შემოქმედებითი და ახალ სიცოცხლესთან დაკავშირებული საქმე, რომელსაც უდიდესი ბედნიერება მოაქვს. ჩემი წარმატება განაპირობა სწორმა არჩევანმა, მონდომებამ და უდიდესმა შრომამ, 24 საათიანმა მუშაობამ საკუთარ თავზე, რასაც დღემდე ვაგრძელებ. დღეს რომ თავიდან ვაკეთებდე პროფესიულ არჩევანს, ისევ რეპროდუქტოლოგობას ავირჩევდი, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სწორი არჩევანია რაც საკუთარი შვილებივით მიყვარს, ვზრუნავ და ვუფრთხილდები.
– რა განცდაა როდესაც ახალ სიცოცხლეს ჩუქნი ოჯახს რომელიც წლების მანძილზე იბრძოდა ამ მოვლენისთვის?
– საოცარი განცდაა როდესაც მრავალწლიან უნაყოფო წყვილს ანიჭებ ამ ბედნიერებას. პროფესიული გამარჯვება და ადამიანური ბედნიერებაა, თითქოს ახლიდან იბადები. რთული ქეისების ამოხსნა განსაკუთრებული აზარტია ჩემთვის, რატომღაც სულ რთული პაციენტები იყრიან ჩემთან თავს და მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ბოლომდე გამოვიყენო მათთან.
– თქვენს პაციენტებს შორის იყო ინვალიდის ეტლში მჯდომი ქალბატონი, რომელსაც ყველა ინ ვიტრო კლინიკამ უარი უთხრა და თქვენ მიეცით შანსი დედა გამხდარიყო…
– ქალბატონი ეკა ქაჯაიას შემთხვევა ჩვენი კლინიკის გამარჯვებაა, რადგან მის შემთხვევაში მხოლოდ მე არ ვიყავი ჩართული, მთელი გუნდი ვიბრძოდით ამ შედეგისთვის. თითოეული გამარჯვება ჩვენი კარგი გუნდური მუშაობის სიმბიოზია. მის შემთხვევაში ბევრი რისკი იყო, მაგრამ ჩვენ მასთან ერთად შევძელით ამ პრობლემაზე გამარჯვება და დღეს ის ძალიან ბედნიერია.
– ყველაზე ხანდაზმული ორსული თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ?
– მყავდა 52 წლის ქალბატონი, რომელსაც ტყუპი ბიჭები შეეძინა, ასეთი შემთხვევები ამტკიცებს, რომ გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობს, მთავარია პაციენტმა ჩვენთან ერთად იბრძოლოს.
– ძალიან ბევრი ახალგაზრდა შევნიშნე თქვენი კაბინეტის წინ რიგში, რას უკავშირდება უშვილობის პრობლემის გაახალგაზრდავება და რამდენად მეტია შანსი დროული მომართვიანობის დროს პრობლემის მარტივად გადაწყვეტის?
– სტატისტიკურად, სხვადასხვა ფაქტორების გამო უნაყოფობის მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად გაზრდილია, მაგრამ მომართვიანობის გაზრდა, ვფიქრობ, პაციენტების მსოფლმხედველობის ცვლილებას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტთა დიდი ნაწილი უკვე ადრეულ ასაკშივე მოდის და აღარ უცდის როდის გადააბიჯებს მაგ: 40 წელს, რაც ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან შედეგის მისაღებად საჭიროა ფოლეკულური რესურსი, +საკვების მარაგი და კვერცხუჯრედის ხარისხი, რაც ასაკდამოკიდებულია, ასაკი კი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფაქტორია კვერცხუჯრედებთან მიმართებით. დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიას სჭირდება დროული მიმართვიანობა.
– ხშირად უშვილობის პრობლემის მქონე ქალბატონებს აქვთ მოწესრიგებული მენსტრუაციული ციკლი და ამით იმშვიდებენ თავს და თავს იკავებენ ექიმთან მისვლისგან…
– ხშირად სწორედ ამას შეყავს ისინი შეცდომაში, ეს არაფერს ნიშნავს, მთავარია ფოლიკულური აპარატი და ასაკი.
– როდის ხდება აუცილებელი რეპროდუქტოლოგის ჩარევა?
– რეპროდუქტოლოგის ჩართვა საჭიროა როდესაც 35 წლამდე ასაკის ქალი ერთწლიანი რეგულარული, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების ფონზე ვერ იღებს ორსულობას, 35-39 წლამდე ეს ერთწლიანი პერიოდი 6 თვემდე მცირდება, 39-42 წლამდე 3 თვეზე. ამ ვადების გასვლის შემდეგ საჭიროა სწორედ რეპროდუქტოლოგთან ვიზიტი.
– ეს პრობლემა როგორც წესი ძალიან რთულად აისახება ქალის ნერვულ სისტემაზე, ამ დროს რეპროდუქტოლოგს გარკვეულწილად ფსიქოლოგის როლის შეთავსებაც უწევს.
– აბსოლუტურად განსხვავებულია უნაყოფო პაციენტების ფსიქოემოციური მდგომარეობა, იმიტომ რომ აქ საქმე ეხება შვილს, ექიმის მხრიდან ძალიან დიდი ენერგია და ნერვული გამძლეობაა საჭირო, მნიშვნელოვანია რომ თითოეულ პაციენტს, დიდი მოთმინებით, ძალიან დეტალურად აუხსნა მდგომარეობა, დღის ბოლოს გამოწურული მივდივარ სახლში, მაგრამ ჩემი პაციენტები ვერასდროს გრძნობენ ჩემს დაღლას, თითოეულ მათგანს ზუსტად ისე ვექცევი, როგორც მე თავად მინდა მომექცნენ.
– რამდენჯერაა შესაძლებელი ინ ვიტრო განაყოფიერების გაკეთება?
– მყავს პაციენტი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში გაკეთებული ჰქონდა თერთმეტი წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერება, მეთორმეტე გავუკეთე და ტყუპები – ქალ-ვაჟი გაუჩნდა. ამიტომ დოგმა არ არსებობს რამდენი ინ ვიტრო განაყოფიერებაა დასაშვები, თუ რა თქმა უნდა, რაიმე წინააღმდეგობა არ გამოჩნდა ჩატარებულ კვლევებში.
– ევროპა და დასავლეთი ცდილობს, რომ ორი ემბრიონი არ გადაიტანოს საშვილოსნოს ღრუში, საქართველოში თუ იზიარებთ ამ პრაქტიკას და რატომ ერიდებიან ერთდროულად რამდენიმე ემბრიონის გადატანას?
– ჩვენი კლინიკაც ამ მიმართულებით მუშაობს და ძირითადად ერთი მაღალი ხარისხის ემბრიონი გადაგვაქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებში და ასევე იმ ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც დონაციით აკეთებენ ინ ვიტრო განაყოფიერებას. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ტენდენციაა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მრავალნაყოფიანი ორსულობა. პაციენტებს როგორც წესი, ტყუპების გაჩენის დიდი სურვილი აქვთ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ტყუპი ორსულობის მართვა ძალიან ბევრ გართულებებთანაა დაკავშირებული – ნაადრევი მშობიარობა, ორსულობის შეწყვეტა და ა.შ. ამიტომ მეც მივესალმები ერთი ემბრიონით ორსულობას. როდესაც ამ ყველაფერს ვუხსნით პაციენტებს, გვეთანხმებიან რომ გადავიტანოთ ერთი ემბრიონი. თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის ისტორიაზე, თუ მას ერთი ემბრიონით რამდენიმე წარუმატებელი ციკლი აქვს ამ შემთხვევაში განიხილება ორი ემბრიონით ტრანსფერი.
– თავად სამი შვილის დედა ხართ, როგორ უთავსებთ ოჯახს და ასეთ დატვირთულ სამუშაო რეჟიმს?
– სამივე ორსულობის დროს ბოლომდე სრული დატვირთვით ვმუშაობდი, მქონდა ტოქსიკოზიც მაგრამ ჩემს პაციენტებთან ერთად გავდიოდი ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მოტივაციაა ის რასაც ვაკეთებ და ეს მაძლევს საოცარ ძალას, რომ უფრო და უფრო მეტი შევძლო ჩემი პაციენტებისთვის.
– რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
– ჩემი წარმატების მთავარი ფორმულაა მუდმივი მუშაობა კიდევ და კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის, არასდროს ვჩერდები, სულ ვსწავლობ, ვცდილობ არ ჩამოვრჩე თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს და ეს მაძლევს საშუალებას, ვიყო წარმატებული და მქონდეს ისეთი შედეგები, რითაც ვიამაყებ.
ნინო მახარაძე