“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ნუკრი ქანთარია:
რამდენიმე დღეში ჩვენ საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს, არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ. იმედი მაქვს, უმრავლესობის არჩევანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობას წაადგება. პოლიტიკაში აღარ ვარ, მაგრამ როგორც მოქალაქემ საჭიროდ მიმაჩნია ჩემი პოზიცია დავაფიქსირო.
ვფიქრობ, რეალობა ასეთია. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა დამაჯერებელი, სანდო ოპოზიციური ფლანგი. ამიტომაც ვხედავთ ისევ (მცირე გამონაკლისის გარდა) მეწვრილმანე, ხელისუფლებაში მოსვლის ვნებით შეპყრობილ, სასოწარკვეთილ, გაცვეთილ სახეებს. ნაც.მოძრაობის და მისი თანამზრახველი პარტიების, უბადრუკ პროვოკაციებს და ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის უსუსურ მცდელობებს. ამ სახეთა გალერეას შეუერთდა ,,ოცნებიდან,, წასულ შტრეიკბეხერთა გუნდიც, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ თავიანთი ქმედებით და მეცადინეობით ნაც.მოძრაობის მავნებლური ზრახვების წისქვილზე ასხამენ წყალს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი იმ დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ მიუხედავად გარკვეული შეცდომებისა ,,ქართულ ოცნებას,, არც ამ არჩევნებზე ჰყავს საპირწონე ძალა და მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას პრემიერის მეთაურობით შეუძლია ქვეყანაში შეაჩეროს რყევები, შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლება პირველად ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში გადავიდა არა ქვეშევრდომულ, არამედ პარტნიორულ რეჟიმში, რაც ერთის მხრივ, მისასალმებელი და ქვეყნის სუვერენიტეტის აღმნიშვნელია, მაგრამ მეორეს მხრივ, სახიფათოც არის და მოითხოვს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის განსაკუთრებულ მხარდაჭერას, რათა გაგრძელდეს ქვეყნის დამოუკიდებლად მართვის, სტაბილურად განვითარების, ეროვნული ფასეულობების და ტრადიციების დაცვით, დემოკრატიისკენ მიმავალი, მშვიდობიანი გზა.
იმედია, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ამ არჩევნებზეც ქვეყნისთვის და ხალხისთვის სწორ არჩევანს გააკეთებს.”
კომენტარები