ოპოზიციური პარტიები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ შეექმნათ დესტრუქცია და ხელოვნური დაძაბულობა. ოპოზიციის წარმომადგენლები დაძაბულობას ქმნიდნენ თითოეულ საარჩევნო უბანზე, – ამის შესახებ გადაცემაში „არჩევნები 2021“ რუსთავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
„მთელი საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, რომ ოპოზიციას არც გეგმა ჰქონდა, არც აქტივობა, არც მოსახლეობასთან შეხვედრები, არც ქალაქის განვითარების გეგმა და რატომღაც, დღეს მთელი ოპოზიცია და მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ შეკრებილი იყო რუსთავში. მათი მთავარი მიზანი, სამწუხაროდ, არის ის, რომ პატივი არ სცენ რუსთაველებს და რაც შეიძლება მეტი ნეგატივი შემოიტანონ ქალაქში. ვანო მერაბიშვილი მე პირადად არ მინახავს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ უბნებზე გადანაწილებული, იმისთვის, რომ არეულობა გამოეწვიათ“, – აღნიშნა ლაცაბიძემ.
ამასთან, ლაცაბიძემ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები მიდიოდნენ უბნებზე და ქმნიდნენ ვითარებას, რომ ირღვეოდა კანონი და იწყებდნენ ხმაურს. „საპატრულო პოლიციას იძახებდნენ, იმ მოტივით, რომ საარჩევნო უბნებზე არეულობა იყო“, – განაცხადა ლაცაბიძემ.
კომენტარები