ნაციონალური მოძრაობის წევრი მედეა ვასაძე:
„ერთ-ერთი საარჩევნო შეხვედრის დროს გავიცანი – სადა, მოღიმარი, ლამაზი აღნაგობის, ქცევაში მოკრძალებული, მშვენიერი, შენელებული ქართულით მოსაუბრე, აქცენტით, მაგრამ ისეთი ქართულით, თითოეული სიტყვისა და სასვენი ნიშნის ადგილი და მნიშვნელობა რომ იცოდა…
მშვენივრად აეწყო ის ხანმოკლე, ნაუცბათევი ურთიერთობა. სადილობის დროს რამდენიმე ადამიანი სუფრასთან შევიკრიბეთ…თამადამ დედის სადღეგრძელო წარმოთქვა… სანდრასკენ თვალი გამექცა ხელის მკვეთრი მოძრაობის გამო, რომლითაც ცხვირსახოცს იშველიებდა. თვალები და ღაწვები სველი ჰქონდა და თეფშს ჩაშტერებოდა. ხომ მშვიდობაა-მეთქი, ვიკითხე მორიდებულად… დედა მენატრებაო, ჩურჩულით თქვა და ემოციისთვის ბოდიში მოიხადა…
შემდეგი შეხვედრა ასევე საარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდა, რომელსაც გიული ალასანია ესწრებოდა. ღონისძიების დამთავრების შემდეგ ქალბატონმა გიულიმ რამდენიმე მეგობართან ერთად „უკრაინოჩკაში“ დამპატიჟა. ადგილზე საინტერესო ქალბატონები დამხვდნენ. თურმე ქალბატონი გიულის დაბადების დღე ყოფილა. როცა სუფრის წევრები ერთმანეთს გავუშინაურდით, სანდრა ადგა, ყვავილების თაიგულთან მივიდა, საყვავილედან ამოიღო, გულზე მიიკრა, ხელი გადაუსვა და მითხრა, ჰოლანდიურია, ჩემი სამშობლოს ენერგეტიკას ვიღებო…
დიდხანს დავყავით ერთად, მიშაც გვესაუბრა კიევიდან. ისეთი ვითარება იყო, რომელზედაც არა მარტო თვალი უნდა გედევნებინა, არამედ მაგალითადაც უნდა აგეღო, კერძოდ, სანდრას დედამთილისადმი ურთიერთობის ფორმა-მორიდებითა და პატივისცემით გამსჭვალული და დედა-შვილს შორის სიყვარულითა და მადლიერებით გაჟღენთილი სატელეფონო საუბარი…
რამ გამახსენა ან რატომ გაგიზიარეთ ეს ყველაფერი? მგონი, სიტყვა ,,ყოფილმა” რაღაც მატკინა, რაღაც კი არა სული მატკინა… ჩემო ქართველ-ჰოლანდიელო, თქვენ ყოველთვის გერქმევათ ჩემი სამშობლოს სურნელით, სიყვარულითა და ტკივილით გაჯერებული ჩემი ქვეყნის პირველი ლედის სახელი“ –
კომენტარები