პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ წინასაარჩევნოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება შეაფასა და “ინტერპრესნიუსთან” თქვა:
“მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და მისმა იზოლირებამ „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუწყო, შეიძლება ვთქვათ, რომ სააკაშვილის მთელმა ვოიაჟმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავა
რადგან ოპოზიციამ გადადგა ნაბიჯი, რომ მეორე ტურში სერიოზულად ჩაერთოს, ჩემი აზრით, მისი სტრატეგია აბსოლუტურად გამართლებულია. პერმანენტული აქციები უნდა გააგრძელოს, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველში მებრძოლი სულისკვეთება შეინარჩუნოს, მაგრამ პარალელურად, უნდა გააგრძელოს საარჩევნო კამპანიაც. ეს ორი მიმართულება აქვს დღეს ოპოზიციას დარჩენილი და ორივე მიმართულებით მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოს, იმდენად აქტიური, რომ წონასწორობა დაიცვას. არ იქნება მომგებიანი, მხოლოდ პერმანენტულ აქციებზე გააკეთოს აქცენტი და საარჩევნო კამპანია მიატოვოს, ე.წ. ოქროს შუალედი უნდა დაიცვას.
ჩემი აზრით, ეს იქნება სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ შეინარჩუნოს აქტივობაც და ამომრჩევლის მობილიზაციაც მოახდინოს. ამ შემთხვევაში ამას ვუყურებ, როგორც არჩევნებში შედეგის მიღწევის საშუალებას და არა იმას, რომ სააკაშვილი ამ აქტივობით ციხიდან გაათავისუფლოს. არ ველოდები, რომ საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდ ძალისხმევას გამოიჩენს იმისთვის, რომ სააკაშვილი ციხიდან გათავისუფლდეს, თუმცა, არსებობს იმის ალბათობა, რომ შესაძლოა, უკრანულმა მხარემ მეტი აქტივობა გამოიჩინოს, ვიდრე აქამდე იჩენდა.
არჩევნებამდე ვამბობდი, რომ წვრილი პარტიების ხმები განახევრდებოდა და განახევრდა კიდეც, ზოგი საერთოდ 25% დარჩა. როდესაც შენი ამომრჩეველი არ იცი, ვინ არის, მაშინ მას კარგავ. ამ წვრილი პარტიების ამომრჩეველი ის ამომრჩეველი იყო, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ უნდოდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“. დღეს ერთობლივი ბრძოლა, მხარდაჭერა და აჟიოტაჟი საერთოდ გაანულებს ამ პარტიებს. მათ მეტი არაფერი დარჩებათ შემდეგი არჩევნებისთვის, რომ ან ბლოკი გააკეთონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ან საერთოდ 2%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავენ. ამიტომ, მცდარად მიმაჩნია მოწოდებები და ერთიანობის დემონსტრირება, თუ მათ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება უნდათ“
კომენტარები