კორუფციის ბრალდებით მოლდოვაში თანამდებობიდან გაათავისუფლეს და 72 საათით დააკავეს გენერალური პროკურორი, ალექსანდრ სტოიანოგლო. მის მიმართ საქმე აღძრულია პასიური კორუფციის, თანამდებობის ბოროტად გამოყენების, უფლებამოსილების გადამეტებისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით.
ალექსანდრ სტოიანოგლო გენერალური პროკურორი 2019 წლის ნოემბერში გახდა. ის თანამდებობაზე მაშინდელმა პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა დანიშნა.
მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტ მაია სანდუს გენერალური პროკურორი არაერთხელ გაუკრიტიკებია და არაერთხელ უთქვამს, რომ სტოიანოგლოს ხელმძღვანელობით პროკურატურას არ შეუძლია კორუფციასთან ბრძოლა.
სტოიანოგოს საქმიანობის შემოწმება დეპუტატ ლილიან კარპისა და იუსტიციის მინისტრის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. დეპუტატი კარპი ამბობს, რომ სტოიანოგლოს კორუფციული კავშირები აქვს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენთან, ვიაჩესლავ პლატონთან, რომელმაც ზაფხულში ქვეყანა დატოვა და იძებნება. კარპის მოსაზრებით, გენერალურმა პროკურატურამ უკანონოდ გაუუქმა პლატონს ბრალი, რის შემდეგაც გათავისუფლდა.
თვითონ სტოიანოგი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ის ამტკიცებს, რომ მოლდოვის მოქმედი ხელისუფლება არწმუნებდა მას, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ საქმე აღეძრა, უარის შემდეგ კი მისი დევნა დაიწყეს.
კომენტარები