ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა შეამცირა.
მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნების შედეგების შემდეგ პარლმანეტმა ოპოზიციის ჩართულობით მუშაობა უნდა განაგრძოს და პარტიებმა მაღლა დააყენონ ეროვნული ინტერესები.
ამის შესახებ მარინა კალიურანდმა ონლიან გამართული დისკუსიისას ისაუბრა, რომელშიც მასთან ერთად ევროპარლამენტარები – პეტრას აუსტერვიჩიუსი და მიჰაილ გალერი, ISFED-ის დირექტორი ნინო დოლიძე და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია მონაწილეობდნენ.
კალიურანდი, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე ერთ-ერთი დამკვირვებელი იყო, ამბობს, რომ ევროკავშირს რაც შეეძლო, გააკეთა და საქართველოს შიდა პრობლემებს ვერც ის მოაგვარებს.
“[საქართველოს] ქუჩებში მეკითხებოდნენ – ევროკავშირს ძალიან მყარი პოზიცია ჰქონდა შარლ მიშელის შეთანხმებაზე. პრობლემა თუ შეგვექმნა, კიდევ ერთხელ ჩამოხვალთ? რა თქმა უნდა, ევროკავშირის უმაღლესი პირების სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ არა. ვცადეთ, რაც შეგვეძლო – გავაკეთეთ, ჩვენი მედიაციის [შედეგი] მაგიდაზე დევს და ახლა საქართველოს პოლიტიკური ძალების ჯერი დადგა, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პარტიული ინტერესები და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს მიაქციონ ყურადღება”, – ამბობს მარინა კალიურანდი.
ევროპარლამენტარის თქმით, ქვეყნის მისწარაფებებისთვის აუცილებელია, რომ პარლამენტი ფუნქციური იყოს, სადაც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ძალაუფლება იქნება გადანაწილებული.
“ამ მომენტისთვის, მსურს ვიყო და ვარ კიდეც ოპტიმისტი, როცა ვხედავ [არჩევნების] მეორე ტურს, მაგრამ მსურს ვნახო, როგორ დაიწყებს მუშაობას პარლამენტი ოპოზიციით. ვერ ვხედავ გზას საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისთვის და ევროპული ინტეგრაციისთვის ფუნქციური პარლამენტის გარეშე, რაც ოპოზიციის ჩართულობას გულისხმობს. ერთ-ერთი შემდგომი ნაბიჯი, რასაც ველით, ძალაუფლების განაწილებაა პარლამენტში, რომლის დაწყებამდე ადგილობრივ არჩევნებს ელოდნენ.
ვფიქრობ, შეიძლება, ადგილობრივმა არჩევნებმა შეამცირა მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე, რაც პარლამენტში ერთად მუშაობის დაწყების შანსია. შემდეგი არჩევნები ხომ 2024-შია? თითქმის 2022-ია. ამიტომ, შემდეგი წინასაარჩევნო ფაზა მალეა. დადგა დრო ერთად დადგომის. მე თვალს ვადევნებ ორივე მხარეს — “ქართულ ოცნებას” და ოპოზიციურ პარტიებს, რომ დაასრულონ პოლიტიკური ზიზღი, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და ყველაზე მაღლა ეროვნული ინტერესები დააყენონ”, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.
წყარო – ნეტგაზეთი
კომენტარები