პოლიტოლოგი, გია ნოდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩემთვის ძალიან უცნაურია, როცა სამართლიანობაზე ორიენტირებულ ადამიანებს ეჭვი შეაქვთ იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. ჩემი აზრით, გაუგებრობას იწვევს ორი ტიპის გავრცელებული აღრევა; ეს ბევრჯერ თქმულა და მეც მითქვამს, მაგრამ, როგორც ჩანს, კიდევ ბევრჯერ უნდა გავიმეოროთ.
1. ვინმეზე რომ ამბობ, რომ პოლიტპატიმარია, ეს არ ნიშნავს იმის თქმას, რომ ის უდანაშაულოა. “პოლიტპატიმარი” ნიშნავს პირს, ვისი დევნაც ხდება პოლიტიკური მოტივით.
2. თუ ამბობ, რომ პოლიტიკური ლიდერის რაიმე ქმედება პოლიტიკურად არასწორია, ეს არ ნიშნავს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულიცაა. პოლიტიკური პასუხიმგებლობა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ორი სრულიად სხვადასხვა რამეა.
რაც შეეხება პირველ პუნქტს, ვინც ამტკიცებს, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, უნდა სწამდეს, რომ ხელისუფლებას გავლენა არ მოუხდენია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების შექმნაზე და რომ მოსამართლეები, ვინც მას რაღაც მიუსაჯა, პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ ყოფილან. ვისაც ასე გწამთ, ღმერთმა ეს რწმენა შეგარგოთ.
რაც შეეხება მეორე თემას, ვინც ამტკიცებს, რომ მიშა სწორად ზის, უბრალოდ ის კი არ უნდა თქვას, რომ მას რაღაც არასწორად გაუკეთებია, არამედ ის, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებში არის კონკრეტული მტკიცებულება, რომ სააკაშვილმა კონკრეტული კანონი დაარღვია.
ნამდვილად ვერ ვამტკიცებ, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილს არაფერი გაუკეთებია ისეთი, რასაც კომპეტენტური და მიუკერძოებელი მოსამართლე დანაშაულად არ ჩათვლიდა – მაგრამ ვერც იმას ვამტკიცებ, რომ გაუკეთებია. დასაბუთების ტვირთი ყოველთვის დამბრალებელზეა.
ბევრი დამბრალებელი ზოგადად ამბობს: აბა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლა სწორი იყო? ან ვალერი გელაშვილის ცემა სწორი იყო? აბა რანაირადაა მიშა უდანაშაულო? ასე ლაპარაკს ქვია ზერელობა. დამბრალებელს ან საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს უპირობო რწმენა უნდა ჰქონდეს, ან კონკრეტულ საქმეებში უნდა იყო ჩახედული (რასაც ვერ ვამჩნევ).
7 ნოემბრის აქციის დაშლა მე მაშინვე საჯაროდ გავაკრიტიკე, მაგრამ ვგულისხმობდი ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ მიზანშეწონილებას. ეს არ ნიშნავს, რომ ის კანონს ეწინააღმდეგებოდა; ავტორიტეტულ საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებსაც კი ასეთი შეფასება არ გაუკეთებიათ. სააკაშვილის გადაწყვეტილებას აქციის დაშლაზე შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ აქედან არანაირად არ გამომდინარეობს, რომ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
ვალერი გელაშვილის ცემა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაქაა ნაციონალური მოძრაობის რეპუტაციაზე. ეს შეფასებაც მაშინვე საჯაროდ გავაკეთე. რაკი სააკაშვილი იყო ქვეყნის პრეზიდენტი, მას ზოგადი პოლიტიკური პასუხიმგებლობა ეკისრება იმაზე, რაც მისი მმართველობის პერიოდში ხდებოდა. მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ მან პირადად “შეუკვეთა” ეს ცემა. მე ვერ განვსჯი, არსებობს თუ არა, მაგრამ ვინც დამბრალებელია, ასეთი საბუთი უნდა ჰქონდეს. აქვს? არ ვიცი.”
კომენტარები