ირინე გოგოსაშვილი, ალია
კობა ლაგაზიძე – „თუში“, 2021 წლის 17 ოქტომბრის ფეისბუქ სტატუსი:
„გარკვეული რაოდენობის თანხა დამერიცხა ანგარიშზე, ოდენობას არ ვამბობ არ დამაყაჩაღოთ. გავხედე და მთავრობის წარმომადგენლებით სავსე მანქანა საჩუქრებით დატვირთული მომადგა, ყველა ვეტერანთან უნდა მოვასწროთო, თითო ჭიქაზეც არ გაჩერდნენ, ტელევიზორი ჩავრთე და გვილოცავს მთელი საჰალსტუხეთი ათასი რეალური დაპირებებით, გული ამიჩუყდა, ცრემლი მომადგა თვალზე, ვახ რა კაი ქვეყანა მაქვს მეთქი და არ გამეღვიძაა, მაგის დედა ვატირე!“
1992 წლის 16 ოქტომბერი…..
სოხუმიდან ოჩამჩირეში ფრანგული გამოცემა „ფიგაროს“ ჟურნალისტ ფრენ მორუასთან ერთად, ვერტმფრენით ჩავფრინდი და მაშინვე იმ სახლს მივაშურე, სადაც ჩემი 13 წლის, ყველაზე უმცროსი მებრძოლი შვილი სხვა მებრძოლებთან ერთად ცხოვრობდა…
მიუხედავად ომისა, ბიჭებმა სახელდახელო სუფრა გაშალეს და, რადგან ციოდა, ბუხარიც დაანთეს… წარმოუდგენლად სწრაფად დამყარდა კომუნიკაცია ფრანგ ჟურნალისტსა და ჩვენ ბიჭებს შორის, რადგან ენობრივი ბარიერი უცბადვე მოიხსნა ფრენკის ცოტა რუსულითა და სუფრასთან მსხდომი რამდენიმე მებრძოლის მეშვეობით, რომლებისთვისაც არც ინგლისური იყო უცხო ხილი და თურმე არც ფრანგული.
პირდაფჩენილი ფრენკი შეჰყურებდა ლამაზ ქართველებს, რომელთაც ავტომატები იქვე, თავისთან ახლოს ედოთ და ფრანგს, ფრანგულ თუ მსოფლიო კლასიკის შედევრებზე ლექციას უკითხავდნენ… ცოცხალი კლასიკოსის შვილია-თქო, ირაკლი ამირეჯიბზე ვუთხარი – გაგიჟდა! ისიც ვუთხარი, ხვალ იმ კლასიკოსის დაბადების დღეა, მაგრამ მისი შვილი აქ არის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად-მეთქი….
მომიტრიალდა და მეუბნება – ესენი გიჟები არიან, ხოო? რატომ ომობენ ასეთი ლამაზი და განთლებული ბიჭები? ასეთები მხოლოდ შთამომავლობის გამრავლებას და მათ აღზრდას უნდა ემსახურებოდნენ, დიდი დანაშაული იქნება, რომელიმე მათგანი სიკვდილმა რომ დაისაკუთროსო…
17 ოქტომბერი გათენდა… შტაბიდან ჯარისკაცმა მოირბინა ირაკლის და ზაზას იბარებენ, სოხუმში უნდა გაუშვანო…
მე და ფრენკიც გავყევით…
შტაბის წინ 2 ერთნაირი ფერის და მარკის სატვირთო მანქანა იდგა… რომელზეც მიგვითითეს, იმაზე ავძვერით და დავიძარით სოხუმისკენ! გზად ტამიში უნდა გაგვევლო, რომელიც იმჟამად მტრის კონტროლქვეშ არ იყო… გზად „მოსკვიჩის“ მარკის ავტომობილით, ადგილობრივი მაცხოვრებელი 2 ქალი და მძღოლი მამაკაციც დაგვემგზავრნენ უსაფრთხოების მიზნით, ერთი ახალგაზრდა კაციც ამოხტა ძარაზე და წავედიიით…
ყოფილი „გაის“ საგუშაგოს გავცდით, შემაღლებულ გორაკზე ფერმის გრძელ თეთრ ნაგებობამდე მშვიდობით მივედით, მაგრამ….
ჯერ ჩვენს უკან მომავალ „მოსკვიჩს“ მოხვდა ყურმბარმტყორცნი, შემდეგ ჩვენი სატვირთო მანქანის კაბინას და ატყდა, მაგრამ რა ატყდა? დაჭრილი ქალების კვნესა-გოდება, წვიმასავით დაგვაყარეს ტყვიები „მინამიოტები“, სნაიპერებიც ჰყავდათ… ბიჭები ეგრევე გადახტენ მანქანიდან, მათ შორის ფრანგი ჟურნალისტიც, დაიკავეს პოზიციები და დაიწყეს სროლა იმ მიმართულებით, საიდანაც გვესროდნენ, ანუ ფერმიდან… მაგრამ მე და დამგზავრებული ახალგაზრდა კაცი ვერ ვახერხებდით ჩამოსვლას ძარიდან იმიტომ, რომ სნაიპერი „გვეკაიფებოდა“… უეცრად შევნიშნე, რომ სისხლში ვწევარ, გავიხედე უკან და ის ახლგაზრდა კაცი მკვდარია… არავინ დაიჯერებს, მაგრამ, გარდაცვლილი მამაჩემის ხმა გავიგონე, ნელა გაცურდი, როცა მე გეტყვი, გადახტიო… ასე მეგონა, ვიდეო კამერა, რომლითაც ყველაფერს ვიღებდი, მამაჩემის ხმასაც ჩაიწერდა…
შემეშინდა…. ,,ირააააა, ჩამოხტი, ცოცხალი ხარ? – ზაზა, ვერ ჩამოვდივაარ – ავტეხე ყვირილი და კვლავ მამაჩემის ხმა – ,,გასრიალდი „კუზაოს“ ბოლომდე“…. სნიპპერი ჯვარს მსახავს ძარაზე და უცბად მამაჩემის მკაცრი ხმა, – ,,გადახტი“!!!
დღემდე ვერ მოვდივარ აზრზე, რა ძალამ ამიტაცა და როგორ აღმოვჩნდი გზისპირად ჩაღრმავებულ ადგილას, სადაც ჩვენები იყვნენ გამაგრებულები, მაგრამ…..
პირველი რაც თვალში მომხვდა, მიწაზე დაწოლილი ირაკლი ამერიჯები იყო, ყურთან სისხლი სდიოდა და ზედ დამხობილი ზაზა ხუნდაძე უყვიროდა – ,,ირააა, თვალი გაახილე ბიჭოო, ახლავე გაგიყვანთ, გადარჩები ოღონდ თვალი გაახილე“… რამდენიმე წამში „მინამიოტების“ წვიმა წამოვიდა, ნამსხვრევმა ბათინკი გაგლიჯა და მარჯვენა ტერფში ჩამეჭედა, მეორე ნამსხვრევი იღლიაში, ჩემი ხელით ეგრევე ამოვიგლიჯე… გავიხედე, ზაზა ირაკლის თვალებს უხუჭავს და განწირულივით ღრიალებს… ყველა ვღრიალებთ, ირაკლის სიკვდილს ვერ ვიჯერებთ, რაციით შველას ვითხოვთ, მაგრამ კავშირი არ არის…. შებინდდა და მტერმა იქ, სადაც ჩვენ ვეგულებოდით ცაზე მანათობელი ,,გირლანდები“ დაკიდა, სათითაოდ რომ ჩავეხოცეთ, თუკი ამოვიდოდით, ანდა დაჭრილების გაყვანას დავიწყებდით და ცოცხლებს დაგვინახავდნენ…
მოულოდნელად, „ბეემპე“ შემოგრიალდა, თურმე ჩვენებს ვიღაცამ მიაწოდა ინფორმაცია, ბიჭები ჩახოცეს მტერს „ზასადა“ მოუწყვია ფერმებთანო….
გუშინდელი დღესავით მახსოვს ყველაფერი და მათ შორის ერთ-ერთი მშველელის ზედმეტი სახელი – ,,თუში“, რომლის სახესაც იმ სიბნელეში ვერ დავინახავდი და ვერც დავიმახსოვრებდი… მიუხედავად სროლებისა, დაჭრილები ელვისებურად ბეემპეში შეიტანეს, მეც მითხრეს, მოდი ჩქარა, სამშვიდობოს გაგიყვანთო, მაგრამ არ დავთანხმდი, რადგან არც ადგილიღა იყო და ფრანგიც მისახედი მყავდა…
კობა მალევე პირადად გავიცანი….
,,თუში“ – კობა ლაგაზიძე უვაჟკაცესი ბიჭია და ვაჟკაცურადაც იბრძოლა აფხაზეთში! არც ჩინ-მედლები და არც რაიმე სამსახური მოუთხოვია სხვებისგან განსხვავებით! ფიზიკურად შრომობდა და ასე გააქვს თავი დღემდე..
ამასწინათ, ახმეტაში თავისი ძველი და ავარიული სახლის განახლება გადაწყვიტა….. მადლიანმა უცნობმა ადამიანმა სახლთან საამშენებლო ბლოკით სავსე მანქანა მიუყენა და აჰა, ძმაო, ბედნიერებაში მოიხმარეო! დღემდე არ იცის „თუშიმ“, იმ ადამიანის ვინაობა… ზოგმაც ცემენტი აჩუქა, სილა ბევრია კობას სახლთან მდინარესთან და მეგობრებთან ერთად დაიწყო კიდეც კედლების ამოყვანა….სახლის გადახურვამდე რომ მივიდა საქმე, მეგობრება ურჩიეს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიემართა, რადგან ხე-მასალა და თუნუქი ძვირია – იქნებ დაგეხმარონ, ბოლო-ბოლო, ომის ვეტერანი ხარ, ჩვენც შეგაწევთ სიტყვასო…
მიმართა და რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ მიაკითხეს, აზომეს, მაგრამ საკმარისი რაოდენობის მაინც ვერ გაიმეტეს… ანუ, სახლის ნაწილი გადაიხურა, მცირე ნაწილში კი წვიმს და მალე თოვლსაც უხვად ჩაყრის „თუშის“ სახლში…
„შენა კომფორტი მოგდომებია, გაგიდიდებია სახლის კვადრატულობაო“ – მიუგეს მეორედ „შეწუხებულმა“ ჩინოვნიკებმა, რომლებსაც საქართველოსთვის თითი თითზე არ დაუდიათ და ეს იმ დროს, როცა ბიუჯეტიდან მოპარული ფულებით საკუთარ სახლ-კარს არამხოლოდ აშენებენ, არამედ ახალსაც უპრობლემოდ ყიდულობენ ზღვაზე, დედაქალაქსა თუ სულაც უცხოეთში!!!
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვაჟკაცებსა და გოგოებს გაგვიმარჯოს!!!
დიდება უფლის ლაშქარში აფრენილ მხედრობას!!!
ცოცხლებს ჯანმრთელობა და გაძლება !!!
ომებს ჯარისკაცები არ აგებენ!!!
ომებს გმირები ეწირებიან და შემდეგ ბოზებს მიჰყავთ პარადი!!!
გილოცავთ ვეტერანის დღეს!!!
კომენტარები