მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.
როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, ისინი კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ და 75 ლარი გადაიხადეს, ხოლო როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს. მათივე თქმით, ინექცია გაუკეთეს ბავშვებსაც.
პაციენტები ყვებიან, რომ მათი მხრიდან პრეტენზიების წაყენების შემდეგ, კლინიკის წარმომადგენლებმა შენობა სასწრაფოდ დატოვეს. ისინი ვარაუდობენ, რომ მათ ცე ვიტამინი გაუკეთეს.
მოქალაქეებმა ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია, ამასთან, “ექიმს, რომელმაც იმუნიზაცია ჩაატარა, არ აქვს აცრის ჩატარების სერტიფიკატი და ამასთან, შარშან გამოვლინდა მის მიერ სერტიფიკატების გაყალბების ფაქტები, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეც აღიძრა“, – აცხადებენ უწყებაში.
წყარო – 1ტვ
კომენტარები