„ალიას“ ესაუბრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი
-ათეულ წელზე მეტია, ცესკოში მუშაობთ, თუმცა, თავმჯდომარის პოზიციიდან, ეს თქვენთვის პირველი არჩევნებია – რთული იყო?
-მთავარია მიზანი იყოს ცხადი. მრავალწლიანი და დიდი გამოცდილება დავაგროვე საარჩევნო ადმინისტრაციაში და ჩამოვყალიბდი საარჩევნო ადმინისტრატორად. საარჩევნო სფერო არის ძალიან სპეციფიკური, განსაკუთრებული მიმართულებაა, სჭირდება გარკვეული ცოდნა, უნარები, საარჩევნო კანონმდებლობაც მარტივი არ არის. როცა გადავწყვიტე კანდიდატურის დაყენება ამ პოზიციაზე, ჩემი მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ ეს დიდი გამოცდილება დამებრუნებინა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ისევ აქ გამომეყენებინა ეს ცოდნა. არჩევნები ზუსტად ის გზაა, რომლითაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები წარიმართება და ამ პროცესში ჩვენი სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ თავდაუზოგავი შრომით მივედით კენჭისყრის დღემდე და ასევე მივალთ მეორე ტურამდე. დიდი იმედი მაქვს, მეორე ტურიც დადებით შეფასებებს დაიმსახურებს. ორთვენახევარია, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას ვიკავებ და სიმართლე გითხრათ, ვერც კი გავიგე ამ პოზიციაზე ყოფნა ჯერ, იქიდან გამომდინარე, რომ 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას, განხორციელდა საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ეს ცვლილებები ძირითადად ეხებოდა გამჭვირვალობის გაზრდას, რეპუტაციის დაზღვევის კომპონენტებს, ინკლუზიურობის უზრუნველყოფას. რეალურად, რანგობრივი ცვლილება მართლა არ მიგრძვნია. ერთადერთი და მთავარი, რასაც ვგრძნობდი, ეს იყო, არის და იქნება მაღალი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოების, არჩევნებში ჩართული მხარეების წინაშე. 13 წლის განმავლობაში ადმინისტრაციაში ვიკავებდი სხვადასხვა წამყვან პოზიციას, ძირითადი, საკვანძო მიმართულებებით, მეტწილად ყველაფერთან მქონდა შეხება, ამან მომცა შესაძლებლობა და თუნდაც გამბედაობა, რომ შევძლებდი ამ პოზიციაზე საქმიანობის განხორციელებას.
როგორც იცით, 19 აპრილის შეთანხმებამ, ე.წ. მიშელის დოკუმენტმა უზრუნველყო მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა, რომელსაც სჭირდებოდა აღსრულება და იმპლემენტაცია, იყო ბევრი აქტივობა, იყო სიახლეები, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომების ლაივ რეჟიმში გადაცემა ჩვენი სოციალური გვერდის მეშვეობით, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, ონლაინ დასწრებოდა ცესკოს სხდომებს და ენახა რა გადაწყვეტილებებს იღებს კომისია და როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება. ეს ის მნიშვნელოვანი ნოვაციაა, რომელიც ეუთო ოდირის წინა განცხადებაში ძალიან დადებითად შეფასდა. ხაზგასასმელია ისიც, რომ საარჩევნო რეფორმის დამსახურებით, ყველა კომისიის დონეზე გაზრდილია შემადგენლობა 12-დან 17 წევრამდე, ამ 17 წევრში – 8 არის პროფესიული ნიშნით არჩეული, ხოლო 9 პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული, ამ 9 პირიდან ერთია მხოლოდ მმართველი პარტიის დანიშნული, ხოლო დანარჩენი 8 – ოპოზიციური გაერთიანებების, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალი და მრავალპარტიული წარმომადგენლობებია კომისიებში. ბუნებრივია, საარჩევნო პროცესისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყო, რომ ეს არჩევნები ჩაგვეტარებინა მაღალი სტანდარტებით, ამის კარგი დასტურია ეუთო ოდირის წინასწარი შეფასება საარჩევნო პერიოდის და კენჭისყრის დღის, ამის კარგი დასტურია ის შეფასებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის საელჩოდან, ბრიტანეთის საელჩოდან, ევროპარლამენტარებისგან, ასევე სხვა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისგან, საუბარი მაქვს ადმინისტრირების თვალსაზრისით და იმ ჭრილში, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციაა. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შეთავაზება ჩვენი ამომრჩევლებისთვის იყო საკვანძო მიმართულება და გულწრფელად მიხარია, რომ ამ კუთხითაც ჩვენ პოზიტიური შეფასებები დავიმსახურეთ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები, ერთი-ერთში მიყვებოდა სამართლიანი არჩევნების მიერ გაკეთებულ პარალელური დათვლის შედეგებს, მეტიც, ასევე ერთი-ერთში მიყვებოდა ერთ-ერთი კომპანიის მიერ განხორციელებულ ეგზიტპოლის შედეგებსაც, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა.
რა შემთხვევაშია ოქმში დისბალანსი ლეგიტიმური? – “პირიქით რომ ექნათ და ეს ბალანსები „გაესწორებინათ“ ეს იქნებოდა დარღვევა, ეს იქნებოდა ფალსიფიკაცია და ეს იქნებოდა პრობლემა და არა ის, რა სახითაც ეს ლეგიტიმური შემთხვევები არსებობს.”
-დიდი ხმაური გამოიწვია ოქმებში დისბალანსებმა, როგორც წესი, რა იწვევს ოქმებში ნაკლებობას და მეტობას? მოვისმინეთ თქვენი განმარტება პენიტენციურ დაწესებულებებთან დაკავშირებით, კიდევ რა შემთხვევაშია შეიძლება შეგხვდეს და როგორ გავარჩიოთ ხარვეზებისგან?
-ძალიან კარგი კითხვაა, აქტუალურია ეს თემა დღეს საზოგადოებაში, ე.წ. დისბალანსები არსებობს, არსებობდა და იარსებებს, მანამ, სანამ ასეთი ტიპის საკანონმდებლო გადაწყვეტა იარსებებს კენჭისყრის დღესთან მიმართებაში. პირველ რიგში, მინდა განვმარტო, რომ დისბალანსების ლეგიტიმური შემთხვევები არსებობს, ესაა შემთხვევები, როდესაც დისბალანსი ამ სახით რეალურად უნდა არსებობდეს. მაგალითად, დაახლოებით 65 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი ატარებდა ამ არჩევნებს, მათგან დაახლოებით 25500 – მდე ამომრჩეველი შეყვანილი იყო ე.წ. სპეციალურ სიებში და გეტყვით, რატომ – კომისიის წევრი, რომელიც არჩევნებს ატარებს, მისივე ფუნქციიდან გამომდინარე, თუ სხვა უბანზე არის რეგისტრირებული ამომრჩევლად, იქ ვერ წავა – კანონის მიხედვით მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იმ კონკრეტული უბნის სპეციალურ სიაში იყოს შეყვანილი, სადაც მუშაობს. აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე – იმისთვის, რომ სამივე ტიპის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა (პროპორციული, მერის და მაჟორიტარის), ამისთვის აუცილებელია პირი იყოს რეგისტრირებული იმ ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში, თუ ასე არ არის, ის მაჟორიტარულ ნაწილში ვერ იღებს მონაწილეობას. რასაკვირველია, ჩვენთვის და არჩევნებში ჩართული ყველა მხარისთვის, წინასწარ იყო ცნობილი რომ, 25500 ადამიანიდან (საარჩევნო ადმინისტრატორი საუბნო და საოლქო კომისიებიდან და დამხმარე პირები, რომლებიც შრომითი ხელშეკრულებით იყვნენ კომისიებში დასაქმებულები) მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა მხოლოდ 10,500 ამომრჩეველს დაახლოებით. 15 000-მდე ამომრჩეველს არ ჰქონდა მონაწილეობის მიღების უფლება მაჟორიტარულ ნაწილში – შესაბამისად, თუ ეს 15 000 პირი, მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ, თუ ყველა არა, მათი ნახევარი მაინც მიიღებდა მონაწილეობას, ყველა ასეთ შემთხვევაში, მაჟორიტარულ ნაწილში, ცხადია, იქნებოდა ნაკლებობა.
ასევე, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში არიან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები (მსჯავრდებულები, თანამშრომლები). 6250 მსჯავრდებულს გააჩნდა უფლება ამ არჩევნებში მონაწილეობის, თუმცა, მათგან, მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 5350 ადამიანს, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4356 ადამიანს! აქაც, იქნებოდა ლეგიტიმური დისბალანსი ოქმებში. სამხედრო პირების შემთხვევაშიც, კანონი განსაზღვრავს (კრიტერიუმი – დისლოკაციის ადგილზე მსახურობის პერიოდია) ამ სამხედრო პირების გარკვეული ტიპის არჩევნებში მონაწილეობას ან არმონაწილეობის. ყველა ეს ინფორმაცია, ბუნებრივია, წინასწარ იყო ცნობილი ჩართული მხარეებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საარჩევნო სუბიექტებისთვის! ზუსტადაც რომ საუბნო საარჩევნო კომისიებს, ასეთი ლეგიტიმური დისბალანსის შემთხვევაში, პირიქით რომ ექნათ და ეს ბალანსები „გაესწორებინათ“ და პირობითად, 10+10=20 და სამივე ტიპის არჩევნებში მათი მონაწილეობა დაეფიქსირებინათ, ეს იქნებოდა დარღვევა, ეს იქნებოდა ფალსიფიკაცია და ეს იქნებოდა პრობლემა და არა ის, რა სახითაც ეს ლეგიტიმური შემთხვევები არსებობს.
გულწრფელად ვამბობ, იყო ხარვეზები, მაგრამ ასევე იყო ამ ხარვეზების გამოსწორების კანონიერი გზები. საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, როდესაც შემაჯამებელ ოქმში გადასწორებაა და ეს დისბალანსს იწვევს, მეტობით, თუ ნაკლებობით და მას არ ახლავს შესწორების ოქმი – ყველა ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობა სავალდებულო წესით ითხოვს კომისიებმა გადაითვალონ შედეგები და მხოლოდ გადათვლის შედეგად შედგეს ახალი შემაჯამებელი ოქმი! კანონი ასევე ითვალისწინებს გარკვეული ტიპის ახსნა-განმარტებებს და ათასზე ცოტა მეტი ახსნა-განმარტება დაიწერა პროპორციულ, მერის და მაჟორიტარული არჩევნების ჭრილში. ჩვენ გავეცანით კომისიის წევრების დაწერილ ახსნა-განმარტებებს, სადაც აღწერილია კონკრეტული დისბალანსის გამომწვევი მიზეზი და ვნახეთ, რომ რამდენიმე ძირითადი მიზეზი იყო ამ ხარვეზის წარმომქმნელი: ძირითადად, შემაჯამებელ ოქმზე არასწორად იყო გარკვეული მონაცემი მითითებული თავად კომისიის წევრის ბრალეულობით, იყო რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისთვის ზედმეტი ბიულეტენის გადაყოლების შემთხვევა, მაგალითად, თუ ამომრჩევლისთვის უნდა მიეცა სამივე ტიპის ბიულეტენი, მისცა მხოლოდ 2 ტიპის ბიულეტენი, ან მეტი, ან ნაკლები და ცხადია, ეს იწვევდა გარკვეულ დისბალანსს. კანონის მიხედვით, სავალდებულოა შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერა კომისიის წევრების მხრიდან, თუმცა, თუ კომისიის წევრი არ ეთანხმება ამ შემაჯამებელ ოქმში მოცემულ მონაცემებს, ასეთ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ დაურთონ განსხვავებული აზრი. 63 ათასი კომისიის წევრიდან, მხოლოდ 8 შემთხვევაში მოხდა განსხვავებული აზრის წარდგენა. ჩვენ შევისწავლეთ შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერების სტატისტიკა, დაახლოებით 4 400-მდე ოქმზე იყო 17 წევრის ხელმოწერა, 3900-მდე ოქმზე – კომისიის 16 წევრის ხელმოწერა, 1900-მდე ოქმზე იყო კომისიის 15 წევრის ხელმოწერა და ა.შ. იყო კიდევ უფრო ნაკლები ხელმოწერის შემთხვევები, სადაც 13, 12, 11 წევრი აწერდა ხელს და მეტი არა – ესეც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ კომისიის წევრი ფიზიკურად არ იყო ამ კონკრეტული შემაჯამებელი ოქმის შედგენის დროს გამოცხადებული საარჩევნო უბანზე. ყველაფერი გავაკეთეთ ასეთი ტიპის ხარვეზების მინიმუმამდე დასაყვანად, 6 ეტაპიანი ტრენინგების ციკლი ჩაატარა ჩვენმა სწავლების ცენტრმა კომისიის წევრებისთვის, შემაჯამებელი ოქმის შედგენისა და ბალანსების ფორმულის პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდა. რეალურად საქმე გვაქვს მართლა ადამიანურ შეცდომებთან და სანამ ეს ადამიანური ფაქტორი იმოქმედებს ამ პროცესში, ბუნებრივია, ასეთი ტიპის შეცდომები გვექნება. გავეცანით წინასწარ შეფასებებს, საერთაშორისო, ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და მიგნებებს, ვაანალიზებთ და მეორე ტურისთვის ჩვენი სწავლების ცენტრი განახლებულ პროგრამას შესთავაზებს კომისიის წევრებს, განსაკუთრებით კომისიის მდივანს და თავმჯდომარეს, რათა მათთან ერთად კიდევ ერთხელ გავიაროთ ყველა საკითხი და გავაძლიეროთ მათი კომპეტენცია.
-ერთ-ერთი არასამთავრობოს წარმომადგენლის თქმით, შემაჯამებელ ოქმებში კლება გვხვდება ხოლმე, მაგრამ როცა მატებაა – ეს ცალსახად გაყალბების ნიშანია, რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სიმართლეს?
-ეს არ შეესაბამება სიმართლეს. 1000-ზე მეტი ახსნა-განმარტება დაიწერა და მათ შორის, მეტობით დისბალანსის შემთხვევისასაც. კომისიის წევრები ხსნიდნენ ზუსტად იმ გარემოებებს, რის გამოც იყო იმ კონკრეტულ შემაჯამებელ ოქმში გარკვეული მეტობა – ეს იყო ბიულეტენის გადაყოლა, ხელმოწერის გამოტოვება და სხვადასხვა შემთხვევები. ძირითადად მეტობის შემთხვევები მერყეობდა 5-დან 10-მდე, მიუხედავად ამისა, რომელ ოქმშიც იყო მეტობის შემთხვევა, თითქმის ყველა ასეთი შედეგის გადათვლა და ახალი შემაჯამებელი ოქმის შედგენა განხორციელდა, რათა ეს კითხვის ნიშნები მოგვეხსნა.
-კარგია, ონლაინ რომ იტვირთება ოქმები და ყველას გვაქვს შესაძლებლობა გავეცნოთ, საარჩევნო სუბიექტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, ჟურნალისტებსაც და მოქალაქეებსაც. თუმცა, მოქალაქეები, რომლებსაც, არ აქვთ გამოცდილება და ცოდნა, განსხვავებით არჩევნებში ჩართული პირებისგან, უყურებენ ბიულეტენს და ხედავენ ხილულად დისბალანსს. ცხადია, მათ მინიმუმ უსიამოვნო განცდა ეუფლებათ. ეს მოქალაქეები არ არიან ვალდებულნი, იცოდნენ სპეციალურ სიებზე და მათში შემავალ პირებზე – მე მაგალითად, ვისურვებდი, ამ ოქმის ბოლოს კიდევ ერთი გრაფა ყოფილიყო დატანილი, სადაც გაწერილი იქნებოდა სპეციალურ სიაში შემავალი პირების რიცხვი და მათგან რამდენმა მიიღო მონაწილეობა მაჟორიტარულ, თუ პროპორციულ ნაწილში. ასე ადამიანებისთვის ბევრად მარტივად აღსაქმელი იქნებოდა ბიულეტენი.
-ძალიან კარგი მოსაზრებაა, ჩვენ არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდგომ დავსხდებით, გავაანალიზებთ ყველა ხარვეზს, ადამიანური თუ ტექნიკური ფაქტორით განპირობებულს და ვეცდებით, გამოვკვეთოთ მოგვარების გზები. სწორად აღნიშნეთ, ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ, ცხადია, ინფორმაცია, მაგრამ საზოგადოებაში ლეგიტიმური დისბალანსიც არასწორ აღქმებს აჩენს, პრობლემური საკითხია, მესმის, ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებამდე მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია და დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, თქვენი გამოცემის მეშვეობით, კიდევ ერთხელ გავაკეთო განმარტებები მოქალაქეებისათვის.
-2021 არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რასაც ვხედავდი, საკმაოდ ბევრი ოქმის გადათვლა მოხდა, ზოგ შემთხვევაში კმაყოფილნი იყვნენ საარჩევნო სუბიექტები, ზუგდიდის შემთხვევაში – პირიქით, უკმაყოფილების მიზეზი გახდა გადათვლა. თქვენ გამოხვედით რეკომენდაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამატებით გადაეთვალათ ოქმები. რა შემთხვევაში ხდება გადათვლა და რამდენი ოქმის გადათვლა მოხდა მთლიანობაში?
-ჩემი აზრით, ამ საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ ახალი კანონის მიხედვით, კენჭისყრის დასრულებიდან 6 დღის ვადაში სავალდებულო წესით, უნდა გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბანი თითო მაჟორიტარულ ოლქში. საერთო ჯამში 360 საარჩევნო უბანი, მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო წესით გადაითვალა. საუბარია 1080 შემაჯამებელი ოქმის მონაცემების გადათვლაზე (სამი ტიპის ოქმი იყო თითო საარჩევნო უბანზე). მნიშვნელოვანია ის, რომ 360 საარჩევნო უბნიდან 239 უბნის შემთხვევაში საარჩევნო უბნის მონაცემები არ შეცვლილა, დანარჩენ შემთხვევაში იყო მხოლოდ მცირედი ცვლილებები. გარდა ამისა, რეფორმამ უზრუნველყო ისიც, რომ თუ ოქმში არის გარკვეული ხარვეზები და არ ახლავს შესწორების ოქმი, ესეც სავალდებულო წესით გადასათვლელია საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის. ასევე გადათვლა ხდება განცხადება-საჩივრების საფუძველზე და საოლქო – საარჩევნო კომისიების ინიციატივით, გარდა 360 უბნისა, დამატებით გადაითვალა 194 საარჩევნო უბანი. გადათვლის პროცესი, კანონის შესაბამისად, დასრულდა 8 ოქტომბერს. როცა შევხედე, კვლავ დარჩათ გარკვეული კითხვის ნიშნები რიგ საარჩევნო სუბიექტებს, გავცვალე რა ჩემი მოსაზრება 2 საერთაშორისო ორგანიზაციასთან, 9 ოქტომბერს გამოვედი ინიციატივით და მივმართე საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით, გადაეთვალათ დამატებით საარჩევნო უბნის შედეგები 3 კრიტერიუმის გათვალისწინებით – 1. არასამთავრობო ორგანიზაციების ის საჩივრები, რომლებიც არ იყო დაკმაყოფილებული, თუმცა, ქმნიდა უკმაყოფილებას, თვლიდნენ რომ შეიძლებოდა ხარვეზი ყოფილიყო; 2. ისეთი უბნები, სადაც მაღალი იყო ბათილი ბიულეტენების რაოდენობა და 3. ისეთი უბნის შედეგები, სადაც მეტობის შემთხვევა 5 და 5-ზე მეტი ხმით იყო. ჩემს ინიციატივას გამოეხმაურა საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 257 საარჩევნო უბნის შედეგი გადაითვალა. საერთო ჯამში, გადავითვალეთ 812 უბანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. უახლესი საარჩევნო ისტორიის მანძილზე, ასეთი რაოდენობის საარჩევნო ოქმების შედეგების გადათვლა პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად ოქმების შედეგების გადათვლის უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობისა, გადათვლებს საერთო ჯამში შედეგებზე გავლენა არ მოუხდენიათ. იყო ერთადერთი შემთხვევა, ეს იყო ზუგდიდი, სადაც ოქმის შედეგების გადათვლამ გამოიწვია საარჩევნო სუბიექტის შედეგის ცვლილება, პოლიტიკურ სუბიექტს ეგონა, რომ იგებდა მაჟორიტარულ ოლქს, გადათვლის შედეგად კი მონაცემები სხვაგვარად გადალაგდა, რამაც უზრუნველყო მეორე სუბიექტის გამარჯვება. იქ იყო სასამართლო დავები ასევე, ორივე ინსტანციაში, თუმცა, ზუგდიდის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. გადათვლებმა გვაჩვენა ისიც, რომ როგორც მატების, ასევე კლების ნაწილში, ტენდენციას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, ადგილი არ ჰქონია. პროპორციულ ნაწილში იყო სხვადასხვა შემთხვევები, როდესაც გარკვეულ სუბიექტებს ემატებოდათ და ისევ იგივე სუბიექტებს კი, სხვა შემაჯამებელი ოქმების გადათვლების შედეგად ასევე აკლდებოდათ ხმები. მაგალითად, 30 ხმა დაემატა, 33 ხმა დააკლდა, დაემატა 40 ხმა, 37 – დააკლდა. რომ შევაჯამოთ, მიუხედავად ლეგიტიმური, თუ ხარვეზიანი დისბალანსის შემთხვევებისა, საერთო ჯამში, ამას შედეგებზე გავლენა არ ჰქონია.
-ადამიანები თვლიდნენ, რომ ცესკოს დიდი დრო დასჭირდა პირველადი მონაცემის გამოსაქვეყნებლად, ადარებდნენ სხვა არჩევნებს, ამ კუთხით. რატომ ვერ მოხერხდა რამდენიმე საათით ადრე, მონაცემის გამოქვეყნება?
-პირველ რიგში, მინდა ვთქვა, 2014-17 წლებში, გასული თვითმმართველობის არჩევნების დროს, იყო ასეთი პრაქტიკა, რომ დაახლოებით 7-8 საათის პერიოდში ხდებოდა წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება. 2021 წლის არჩევნებში იყო სამი ბიულეტენი და მონაწილეობდა გაცილებით მეტი საარჩევნო სუბიექტი, ვიდრე 2014-17 წლებში. ამას გარდა, წელს კომისიებს უწევდათ არჩევნების ჩატარება და ხმების დათვლა პანდემიის პირობებში, ისინი ეკიპირებულები იყვნენ სხვადასხვა საშუალებებით, რაც სამუშაო პირობებს ართულებდა. დილის 7 საათიდან ოპერირებდნენ კომისიები და წარმოიდგინეთ, ზოგს დილის ხუთზე, ექვსზე და ცხრა საათზეც კი უწევდა შემაჯამებელი ოქმების დასრულება. არსად არ არსებობს დაწერილი წესი იმისა, როდის უნდა გამოქვეყნდეს წინასწარი შედეგები. პირველადი წინასწარი მონაცემი წარვადგინეთ დილის 7 საათზე, რვის წუთებზე, ეს იყო დაჯამებული მონაცემი და შესაბამისი პროცენტი იყო გამოყვანილი, თორემ, რეალურად, ყველა ოქმი რაც ჰქონდა იმ წუთებისთვის ცესკოს, იდო საიტზე ღიად, ყველასთვის ხელმისაწვდომად. საოლქო კომისიები ადგენდნენ შემაჯამებელ ოქმებს, ასკანერებდნენ და აგზავნიდნენ ცესკოში, ცესკოში ხდებოდა ამ დასკანერებული ოქმების მყისიერი განთავსება ვებ-გვერდზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ პირს, რომელსაც კონკრეტული მერის, კონკრეტული მაჟორიტარული ან პროპორციული შედეგები აინტერესებდა, თავადაც შეეძლო ამ ოქმების ნახვა, თუ დაჯამება. 2014-17 წლებთან შედარებით, მეტი დრო დაგვჭირდა მონაცემების გახმოვანებისთვის, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გამო, ყველა მაჟორიტარული ოლქიდან არ იყო ოქმების გარკვეული მონაცემები მოსული. პირობითად, იქს ქალაქიდან თუ გვქონდა ორი ოქმი, ამ დროს, პირობითად, ზეტ ქალაქიდან გვქონდა 40 ოქმი. ცხადია, ეს არ არის რეპრეზენტატული ციფრი, რომელიც მისცემდა საზოგადოებას რეალური პროცენტის, რეალური სურათის დანახვის შესაძლებლობას. ველოდებოდით, რომ მეტნაკლებად რელევანტური ყოფილიყო მონაცემები. როგორც კი ვნახეთ, რომ მეტ-ნაკლებად უკვე იყო ოქმები წარმოდგენილი, მაშინ გავაჟღერეთ, თუმცა, როგორც გითხარით, ყველა ოქმი მიღებისთანავე თავსდებოდა ვებ გვერდზე და ყველას შეეძლო ენახა.
-ყველაზე მძიმე ბრალდება, რაც 2021 არჩევნების პერიოდში მოისმინეთ.
-ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეს განსაკუთრებულად გამოვარჩევ, ჩვენ დეზინფორმაციის არაერთი შემთხვევა გამოვავლინეთ, გავრცელდა არაერთი ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართული იყო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისაკენ. იყო სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები, მათ შორის, ადმინისტრაციის თანამშრომელთა მიმართ, იყო გარკვეული ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე. რთულია, მაგრამ ესეც ადმინისტრაციის გამოწვევაა, რაოდენ არასასიამოვნოც არ უნდა იყოს ეს ფაქტი, ვიღებთ ამ გამოწვევას, რადგან დეზინფორმაცია არამხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის, ზოგადად, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ნებისმიერი უწყებისთვის. არაერთი უსაფუძვლო ბრალდების მოწმენი გავხდით, მაგრამ ვცდილობთ, გვქონდეს ადეკვატური და დროული რეაგირება.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები