ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის ოქტომბერში, წერდა, რომ მე-18 დაწესებულებში ადამიანთა წამება ხდება, მათ არ მიეწოდებათ მედიკამენტები, თუ პატრონი არ ჰყავთ, განწირულები არიან.
დღეს, როცა აქტიურად განიხილება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მე-18 დაწესებულებაში და ერთხმად გვიმტკიცებენ, რომ ყველა საჭირო პირობაა იქ შექმნილი ნებისმიერი პაციენტისთვის, კიდევ ერთხელ დავინტერესდით, რა ხდება რეალურად, მე-18 დაწესებულებაში? აქვე, არსებობს ლოგიკური ეჭვიც, რომ შესაძლოა, იგივე მდგომარეობა იყოს სხვა ციხეებშიც.
“ალია” დაუკავშირდა მარიამ კუბლაშვილს და ვკითხეთ მას, ხომ არაფერი შეცვლილა ბოლო ერთ წელიწადში? რატომ გვიმტკიცებენ დღეს მინისტრები, რომ მე-18 დაწესებულებაში პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაცულია?
მარიამ კუბლაშვილმა გვითხრა, რომ ტყუილია, არაფერი შეცვლილა, არანაირი ზომები არ მიუღიათ, არაერთ ბრალდებულს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და ფიზიკურად – მედიკამენტები არ არის! – “მე შევუძინე ჩემ ბრალდებულს წამლები. რითაც შეგვიძლია დაგეხმაროთ, იყიდეთ და შეუგზავნეთო, წინააღმდეგი არ ვიქნებით, რადგან დანიშნულება არისო. არაფერი სხვა, მადლობა ვუთხარი, რომ ჩემი თანხით ვყიდულობდი წამალს”
“ალია” გთავაზობთ, მარია კუბლაშვილის 2020 წლის წერილს, რომლის შემდეგაც მე-18 დაწესებულებაში, ადვოკატისვე თქმით, არაფერი შეცვლილა.
“საშინელი განუკითხაობა და ადამიანთა წამება ხდება სასჯელაღსრულების N18-ე დაწესებულებაში, პატიმრებმა შიმშილი დაიწყეს.
არაადამიანური ტკივილები აქვს ერთ-ერთ ჩემს კლიენტს, რომელსაც ფეხი მოკვეთეს იქვე და ახლა მეორე ფეხია მოკვეთის საშიშროების ქვეშ, წამალსაც არ აწვდიან გამაყუჩებელს.
ცხოველივით ღმუის და ტირის, ცოცხლად იტანჯება, ექიმი არ არის ელემენტარული რომ დაგჭირდეს, რა ვქნათო, ანალგინი ან ვალერიანი შეიძლება მიაწოდონ…
რა ჩვენი ბრალია, ესაა რაც გაგვაჩნიაო…
ელოდებიან როდის ვეღარ გაუძლებს და ტკივილისგან ხორცს დაიჭამს…
რა უბედურებაა ეს მინდა ხმამაღლა ვიყვირო უსამართლობის გამო.
რამდენჯერ წერილი მივწერე სამედიცინო დეპარტამენტს, ყავარჯენი მოვითხოვე, წამალი მე თავად ვუყიდე, მაგრამ გაუსაძლისია, ტკივილები იმატებს და ყველაზე დიდი უბედურება გულგრილობაა, სიბნელეში ვართ სიბნელეშიიიიიიი!!!!!!!!!!”
იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადვოკატის წერილს უპასუხა და თქვა რომ პატიმარს ბევრჯერ ჩაუტარდა მკურნალობა და ოპერაცია: “მსჯავრდებულისთვის 2018-2020 წლებში მხოლოდ სამოქალაქო სექტორის კლინიკებში ჩატარებული გამოკვლევები და ქირურგიული ჩარევები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 66 537.5 ლარი დაუჯდა. ამ ციფრებიდან გამომდინარე ადვოკატის მხრიდან მედიკამენტების მიწოდებაზე საუბარი რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.” ანუ, მაშინ, მინისტრმა თქვა, რომ მაგ პატიმარზე ბევრი ფული დავხარჯეთ, კლინიკებს ჩავურიცხეთ და წამალი როგორ არ ექნებაო… ბევრი ფული თუ დავხარჯეთ, აპრიორი კარგად უნდა იყოს, კი…
ადვოკატმა, მინისტრის წერილს მალევე უპასუხა და დაწერა:
“სამწუხაროა, პრობლემის აღმოფხვრის ნაცვლად პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუეშიც დამადანაშაულა. პატიმარმა ჟურნალისტებსაც (მაგ: Anuna Akhalaia) დაურეკა, აღნიშნა, რომ გაუსაძლის მდგომარეობაშია და რამდენიმე დღეა შიმშილობს. გატარებულ ღონისძიებებს და ისტორიას არც უარყოფს, სჯობდა მე დამკავშირებოდნენ ვიდრე ბრმად სამედიცინო ისტორიას გადმოაკოპირებდნენ.
ნათლად ჩანს დამოკიდებულება, პატიმრის მიმართ გულისხმიერების ნაცვლად ჩემი სიცრუეში დადანაშაულება დაიწყეს. რამდენი წერილი მაქვს გაგზავნილი პროთეზის თხოვნით, რათა პატიმარი გადაეყვანათ გეგუთში, მიჯაჭვულია ლოგინს და სავარძელს, ჰაერზე გაყვანას ითხოვს, სუნთქვას…
მე შევედი ადამიანი ტიროდა, ასეთი უსუსური და სასოწარკვეთილი მეც არასდროს ვყოფილვარ, როგორ დავხმარებოდი ვერ გავიგე. სამწუხაროდ დავის განხილვის დროს, განაჩენის დადგომამდე მისი ადვოკატი არ ვყოფილვარ.
პატიმრის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც გაუსაძლისი ტკივილები ეწყება ამ დროს არანაირი ყურადღების გამოვლენა არ ხდება, შემდეგ ცხოველივით ღმუის და ყვირის კაცი, ფაქტია, რომ გარდუვალია სულ მალე მეორე ფეხის ამპუტაციაც. ელემენტარულად მედიკამენტი არ დააფინანსა სახელმწიფომ და ჩემი ხარჯით შევუძინე, მომწერა სამედიცინო დეპარტამენტმა თავად შეიძინეთო.
ოჯახს საშუალება აღარ აქვს, ანუ მოკვდეს? მედიკამენტის სახელწოდება – პარკინია. არასდროს არაა საკმარისი ექიმი და მედიკამენტი ეს პირველად ჩემგან გაიგეთ? რამდენი პატიმარი იტანჯება სამედიცინო მომსახურების ხარვეზების გამო სასჯელაღსრულების სისტემაში, ან კლინიკა ,,ვივამედი” ვისია და რატომ არის მიჯაჭვული პენიტენციური სამსახური კონკრეტულად ამ კლინიკაზე? ჩემი პოსტის შემდეგ პატიმარი ,,ვივამედში” გადაიყვანეს, სადაც უამრავი ხარვეზია ქრონიკულად. საერთოდ ყველა პატიმარი იქ გადაჰყავთ, არ აქვს მნიშვნელობა რა ჩივილები აქვს მას. ყოვლისშემძლეა კლინიკა ,,ვივამედი”. სირცხვილია სხვა თუ არაფერი! სხვა დეტალებზე მოგვიანებით!”
“ალიამ” არაერთი წერილი გამოაქვეყნა ციხიდან, სადაც პატიმრები მედიკამენტების არქონის გარდა, კვების შემცირებაზეც საუბრობენ. არაერთხელ ვცადეთ მაშინ მინისტრ წულუკიანისგან, ან მისი უწყებისგან პასუხი მიგვეღო – მაგრამ, ამაოდ.
ეს ის მემკვიდრეობაა, რომელიც წულუკიანისგან რატი ბრეგაძემ გადაიბარა და რომლის გამოსწორება, არც წინა პრემიერს უცდია და არც ამჟამინდელს! პატიმრები გუშინაც ამ დღეში იყვნენ, დღესაც და ხვალაც იგივე ელით.
პრემიერი ღარიბაშვილი რიხით აკეთებს ციხეებზე განცხადებას და რატი ბრეგაძესაც იშველიებს ხოლმე, მაგრამ, იქნებ, განცხადებასა და განცხადებას შორის, ეს წერილიც წაიკითხოს!
კომენტარები