პოლიტოლოგი, გია ნოდია:
“დაახლოებით ათი დღის წინ შემხვდა, ჩემი ტერმინოლოგიით, ექტრემალური შუაშისტის, მერაბ მეტრეველის პოსტი, სადაც ის თავის პოზიციას იმით ამართლებდა, რომ მისთვის ბიძინას და მიშას შორის არჩევანი იგივეა, რაც სტალინს და ჰიტლერს შორის არჩევანი. მაშინ არ მეცალა რეაგირებისთვის, მაგრამ თავში ჩამრჩა ეს მაგალითი და მინდა ვუპასუხო.
თავი გავანებოთ იმას, რომ რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ მიშაზე და ბიძინაზე (ცხადია, სხვადასხვა რამეს ვფიქრობთ – ესეც გვერდზე გადავდოთ), სტალინამდე და ჰიტლერამდე, როგორც ბოროტების განსახიერებამდე, ორივეს ძალიან ბევრი უკლია. ჯანდაბას: პირობით მივიღებ ამ ჰიპერბოლას.
ამ შემთხვევაშიც კი, ექსტრემალური შუაშისტის პოზიცია ვერ მართლდება. „ექსტრემალურ შუაშისტს“ ვეძახი იმას, ვისაც არა მხოლოდ „არც ბიძინა უნდა და არც მიშა“, არამედ იმას, ვინც დაუშვებლად თვლის, ერთ-ერთს რაიმე უპირატესობა მიანიჭოს მეორესთან შედარებით (თუნდაც როგორც „ნაკლებ ბოროტებას“).
როცა დემოკრატიულ სამყაროს, ბრიტანეთისა და ამერიკის სახით, ზუსტად ეს არჩევანი დაუდგა, ორივე ქვეყანამ მკაფიო გადაწყვეტილება მიიღო: ამ წუთში ჰიტლერი უფრო სახიფათოა, ის უფრო აქტუალური პრობლემაა, ხოლო მისი დამარცხებისთვის აუცილებელია სტალინთან თანამშრომლობა. მერე, როცა ჰიტლერი დამარცხდა, უკვე სტალინი (საბჭოთა კავშირი) გახდა ძირითადი საფრთხე და მასთან დაპირისპირების („ცივი ომის“) პერიოდი დაიწყო (შეგახსენებთ: მასშიც დემოკრატიამ გაიმარჯვა).
ახლა წარმოვიდგინოთ, ჩერჩილი და რუზველტი რომ კოხტაპრუწა „შუაშისტები“ ყოფილიყვნენ და ეთქვათ, რომ მხოლოდ „კარგ ტიპებთან“ თანამშრომლობაზე იყვნენ თანახმა. რით დამთავრდებოდა მეორე მსოფლიო ომი და სად იქნებოდა მსოფლიო?
ვიმეორებ, სტალინის და ჰიტლერის ანალოგია მე არ მომიფიქრებია და ის ამ შემთხვევაში კორექტული არ არის. მაგრამ ეს მაგალითიც კი გვიჩვენებს, რომ აბსოლუტური განურჩევლობის „შუაშისტობა“ სხვა არაფერია, თუ არა ნარცისიზმის ძირზე აღმოცენებული სამოქალაქო უპასუხისმგებლობა.”
კომენტარები