მწერალი, ალექსანდრე შუღლაძე:
“სტუდენტობისას ერთი გოგონა მომწონდა, ის კი გამირბოდა, ვერაფერი გავაწყვე. ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ჩემი ყოფილიყო, მაგრამ ვერ იყო. ლაპარაკი ჭირდა, ნახვა ჭირდა, სიარული არ გამოდიოდა…
ურთიერთობა ერთხელ გამოვიდოდა და სამჯერ აღარ. თან ბევრს სწავლობდა, სულ მეცადინეობდა, ხუთოსანი იყო, არადა ისევ და ისევ მეგონა, რომ შეიძლება ჩემი გოგონა გამხდარიყო და ერთად ვყოფილიყავით დიდხანს.
მე გაერთიანებისკენ ვექაჩებოდი, ის კი – განცალკევებისკენ. სრულფასოვან მაზოხისტად ჩამოყალიბებამდე რამდენიმე დღე მაკლდა, როცა მითხრა, მორჩა, დამთავრდა, რაც იყო და რაც არა, ყველაფერი დასრულდაო. და შემდეგ ძალიან დიდი ბლეფი და სიტუტუცე მოაყოლა: მოდი, მეგობრებად დავრჩეთო.
გამწარებულმა ვკითხე, რა მეგობრებად დავრჩეთ, რისი თავი გაქვს, დღეს საღამოს სტადიონზე წამოხვალ ჩემთან ერთად და იქ ჩემსავით იყვირებ, თუ ხვალ პახმელია რომ მექნება, ლუდხანაში ჩამყვები, ლუდის ჭიქით არაყს დალევ, ანდა იქნებ სამედიცინოს უკან საქმის გასარჩევად გამომყვები და გვერდზე დამიდგები-მეთქი?
გაინტერესებთ, რა მოხდა ამის შემდეგ? არაფერი.
არაფერი. ამის მერე აღარაფერი მომხდარა. საერთოდ არაფერი. ეს იყო სრული დასასრული. ისედაც არაფერი იყო და ის „არაფერიც“ დასრულდა.
არანაირი ურთიერთობა, არავითარი შეხვედრები, როგორც ის წავიდა, ისე წამოვედი მე.
თითქმის 40 წელი გავიდა. საერთოდ წარმოდგენა არა მაქვს სად არის, ცოცხალია, მკვდარია, სამჯერ გათხოვდა, 6 შვილი ჰყავს და 12 შვილიშვილი თუ საერთოდ არავინ ჰყავს – არაფერი ვიცი. ბედნიერია თუ გამწარებული, ჯანმრთელია თუ ნაღველაამოჭრილი – არ ვიცი. სრული გათიშვა. ორ ადამიანს შორის სრული სიცარიელეა, ვაკუუმი, არარა.
გათიშვას, დაშორებას და სიცარიელეს რა უნდა? ადვილია ძალიან. ვიღაც ფიქრობს, რომ რადგან ეს მოვყევი, ალბათ მაინც მახსოვს, არა? არა. ანდა რა მოვყევი? არარას წინა ხანაზე ვისაუბრე გაკვრით.
შუნია – სიცარიელე. ვეღარასოდეს ვნახეთ ერთმანეთი. იყო და არა იყო რა კი არა… თურმე არც იყო და არც იქნებოდა. არარაში გადასვლა უფრო მარტივია, ვიდრე სისავსე და გრძნობები.
გაქრობა წამებში ხდება. მთლიანობა კი მთელი ცხოვრებაა.
რა? რას მეუბნებით, რა დროს ეს არის, ქალაქში მიტინგია? კეთილი, ბოდიშს ვიხდი, ფიქრისთვის ბოდიშს ვიხდი.”
კომენტარები