“ქართული ოცნების” დეპუტატის შვილს, სიძესა და მისი შვილის მეგობრებს მათივე ნათესავი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დაპირისპირება განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო მოხდა.
ბაჩო წიკლაური, რომელიც რამდენიმე დღით თბილისში იმყოფებოდა და ამ დროისთვის აშშ-შია, აცხადებს, რომ ხუნდაძე ახლა მის მოხუც ბებიასა და ბაბუაზე ახდენს ზეწოლას.
გიორგი ხუნდაძე და მირიან ოქროპირიძე ბაჩო წიკლაურს მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ, რომ ის Facebook-ზე საჯარო პოსტებს წერს და მცხეთაში ჩასულიც არ მალავდა, რომ მხარს მმართველ გუნდს არ უჭერს.
“განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა თვით დიმიტრი ხუნდაძის ვაჟი, გიორგი ხუნდაძე, მისი სიძე მირიან ოქროპირიძე და კიდევ ერთი იქ მყოფი პირი, მათთან დაახლოებული ვინმე სანდრო გიუტაშვილი. ჩემზე მსგავსი ზეწოლის განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი და განსხვავებული აზრის გამო მოხდა. საქმის კურსში იყო დიმიტრი ხუნდაძე, დანამდვილებით ვიცით, რადგან როდესაც ჩემი მოხუცები, ბაბუა და ბებია მეძებდნენ, მან ბებიას და ბაბუას უთხრა, რომ არ შეეძლო მისი შვილის შეჩერება”, – ამბობს ბაჩო წიკლაური.
დიმიტრი ხუნდაძე და მისი სიძე, მირიან ოქროპირიძე სკანდალში ადრეც გაეხვნენ. მედიის მტკიცებით, ხუნდაძემ სატყეო დეპარტამენტიდან 27 თანამშრომელი მოხსნა იმის გამო, რომ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ოქროპირიძე დაენიშნა.
კომენტარები