ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა – საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
კენჭისყრის პროცესი მთელი დღის განმავლობაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. თითქმის ყველა რეგიონში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის ინციდენტს, მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებს. დაძაბული ვითარების გამო, გარკვეული დროით ხმის მიცემა რამდენიმე უბანზე შეჩერდა.
საარჩევნო უბნებთან კვლავ მობილიზებული იყვნენ მმართველი გუნდის კოორდინატორები, რომლებსაც ამომრჩეველთა სიები ჰქონდათ. დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის არაერთი ფაქტი.
“ქართული ოცნების” მხარდამჭერები კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ისევ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. დღის განმავლობაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რამდენიმე ჟურნალისტს, არაეთხელ სცადეს ტექნიკის დაზიანებაც.
არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში, ასევე, 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა. ჯერჯერობით უცნობია, რომელ საათზე გამოაქვეყნებს პირველად შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
კომენტარები