ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში, ირაკლი მელაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა:
„ფაქტობრივად, ახლა გვაქვს პოლიტიკურად ორად გაყოფილი ქვეყანა. პროპორციულმა არჩევნებმა გვიჩვენა, რომ ძალაუფლებაზე პრეტენზიას ორი პარტია აცხადებს. ერთს 52% ვერ იტანს, მეორეს კი 70%. მე ვლაპარაკობ იმ პარტიებზე, ვინც პირველ ორ ადგილზეა და ვინც ძალაუფლებაზე პრეტენზიას აცხადებს. კი, ბატონო, სხვა პარტიებიც არიან, 2-3-4%-ით და გახარია 7%-ით, მაგრამ ვინც რეალურად პრეტენზიას აცხადებს, ერთსაც და მეორესაც უზარმაზარი ანტირეიტინგი აქვს საზოგადოებაში.
„ქართული ოცნების“ ამოცანა იყო, იმ ამომრჩევლის მობილიზება მოეხდინა, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური სარჩო – სააკაშვილი არ გვინდა, ვერ გამოკვებავს, მაგრამ პარტიამ მეორე ტურის წინ თავისი რიტორიკა იმდენად ხისტი გახადა, რომ უბრალოდ, შეუძლებელი გახდა დანარჩენი, შედარებით ნეიტრალური ხმების მოზიდვა.
ჩემი აზრით, პირიქით, განზიდვა მოხდა ხმების რაღაც ნაწილის. მე არ ვიცი, რა შედეგები იქნება და ძალიან საინტერესო იქნება შედარება, რამდენი ხმა აიღეს პირველ ტურში და რამდენი მეორეში.
პროცენტულად შეხედეთ, ყველგან ბრძოლაა. მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ეგზიტპოლის შედეგი გამართლდება და ვინმე 5-0-ს ნულს მოიგებს ან აქეთ, ან იქით. მე მგონი, ამ არჩევნებს 5-0-ს ვერც ერთი ვერ მოიგებს. საქართველოში ყოველთვის ასე იყო – ერთია, ხმას როგორ აძლევენ, მაგრამ მეორეა, ხმებს როგორ ითვლიან. სტალინის ცნობილი ფორმულაა, ხომ?! არ ვიცი, როგორ დაითვლიან, მაგრამ მე რასაც ვუყურებ, „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ სერიოზული საფიქრალი აქვს, რომ მხოლოდ ნეგატივზე აგებული კამპანიით, რაც მთელი ეს პერიოდი იყო, პოლიტიკაში ფონს ვეღარ გავა.”
კომენტარები