საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაადგინა. სახელად ღირსი მამა გაბრიელ სალოსი ეწოდა.
მამა გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა და ახლობლები მას მამის სახელს, ვასილს ეძახდნენ. იგი თბილისის 24-ე ვაჟთა გიმნაზიაში ექვსი წელი სწავლობდა. გასაოცარ სულიერებას მამა გაბრიელი ბავშვობიდან ამჟღავნებდა. 12 წლისამ კარგად იცოდა სახარება. ჯერ პატარა სენაკი, შემდეგ კი ეკლესია საკუთარ ეზოში თავად ააშენა. კომუნისტურ პერიოდში მისი ეკლესიის დანგრევას რამდენჯერმე შეეცადნენ.
მამა გაბრიელი დასაწყისში ორი წელი სიონის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. 1955 წელს კი ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელ ჩაჩანიძემ იგი მცირე სქემაში ბერად აკურთხა და სახელად მისი სურვილით, წმინდა გაბრიელ ათონელის მსგავსად, გაბრიელი ეწოდა.
მამა გაბრიელს გარკვეულ პერიოდში მღვდელმოქმედება შეჩერებული ჰქონდა. მისი რწმენის გამო კომუნისტურ პერიოდში იგი იდევნებოდა და რამდენჯერმე ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა. 1965 წლის 1-ელ მაისს მინისტრთა საბჭოს შენობაზე ლენინის 12 მეტრიანი სურათის დაწვის გამო კი იგი თბილისის #1 იზოლატორშიც მოხვდა.
მამა გაბრიელი 50-იან წლებში ბეთანიელ ღირს მამებს, იოანესა და გიორგის დაუკავშირდა. მამა გიორგი (იოანე) მხეიძე მისი სულიერი მოძღვარი იყო. ღირსი მამა ბოლო წლებში სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწეობდა, სადაც 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი მისი ანდერძისამებრ ჭილობში გაახვიეს და მონასტრის ეზოში დაკრძალეს. მისი საფლავი 2014 წელს 22 თებერვალს გაიხსნა. ამჟამად წმინდანის წმინდა ნაწილები სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარშია დასვენებული.
კომენტარები