ანი დვალიშვილი
ყველაფერთან ერთად, 2021 წლის ბიუჯეტია მისაღები, ბიუჯეტი, რომელიც აუცილებლად გახდება საკამათო თემა. გარდა იმისა, რომ ბიუჯეტი მილიარდი ლარით არის შემცირებული, ხელისუფლებამ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატების პირობა დადო და უხეში გათვლებით, დიდ ქალაქებს რომ თავი დავანებოთ, პატარა მუნიციპალიტეტებში წლიურად სამ მილიონ ლარამდეა. ანუ, მხოლოდ ხელფასების მატებისთვის ხელისუფლებას ნახევარ მილიარდამდე დასჭირდება და ეს ფული ინფრასტრუქტურას უნდა მოაკლოს. არადა, არც ეს გამოდის, იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაპირდნენ მოსახლეობას და მითუმეტეს რუსთავში, სადაც მაისში პარლამენტიდან წასული ნინო ლაცაბიძის შემცვლელის არჩევნები იქნება. ხელისუფლებაში ზუსტად იცციან, რომ მსხვილი უცხოური ინვვესტიციების შემოსვლა და შესაბამისად, ბიუჯეტში დამატებითი სახსრების მოზიდვა გამორიცხულია. გამოსავალი შესაძლოა, ვალის აღებაში იყოს, მაგრამ ვალების ზღვარი კრიტიკულ ნიშნულზეა და ამიტომ, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში უდიდესი რისკია.
„ერთ-ერთი სფერო, საიდანაც თანხების გადაქაჩვა შეიძლება, ჯანდაცვაა. მიუხედავად უმძიმესი კოვიდ-სიტუაციისა და 10 ათასზე მეტი გარდაცვლილისა, სწორედ ჯანდაცვის სისტემაში იგეგმება ძირეული ცვლილებები. დავიწყოთ იმით, რომ ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან 850 მილიონის გაქრობა კოვიდ-რეგულაციების შესუსტებით „გააპრავა“, აქაოდა ამდენი ფული აღარ გვჭირდებაო. ახლა კი, როცა ვირუსი მძიმედ მიდის, მაგრამ მოსახლეობის ერთი ნაწილი აცრილია, მეორე დიდი ნაწილი კი კოვიდ-გადატანილი, საავადმყოფოებში სულ უფრო ცოტა ადამიანი მიდის. შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისთვის ჭარბ საწოლფონდზე ფულს აღარ გადაუხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იმუშავებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ანუ, ჭარბი საწოლფონდის გამოყენება თუ დასჭირდებათ კლინიკებს, ისინი იძულებული იქნებიან, სრული თანხა პაციენტს გადაახდევინონ“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.
მართალია, პრემიერმა ლამის დაიგინა, სანამ მე ვიქნები, აცრა სავალდებულო არ გახდებაო, მაგრამ უკვე მუშაობენ კანონზე, რომლის მიხედვითაც, აცრის არმქონე პირები კოვიდზე მკურნალობის თანხას მთლიანად თავად დაფარავენ და საყოველთაო დაზღვევის პროგრამა არც ამ შემთხვევაში იმუშავებს. ეს კი მოსახლეობის და განსაკუთრებით ანტივაქსერების უკმაყოფილებას აუცილებლად გამოიწვევს, მაგრამ… მომდევნო არჩევნები 2024 წელს იქნებაო, რამდენჯერმე ტყუილად კი არ გაგვიმეორეს.
კომენტარები