აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია ambebi.ge-თან ამბობს:
საბედისწერო შემთხვევა იყო, როდესაც ვაქცინაციის დაწყებიდან ორ დღეში ჩვენი კოლეგა, 27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. ამან ძალიან ცუდად იმოქმედა ვაქცინაციის პროცესზე, ხალხი შეაშინა. ასეთი შემთხვევები მსოფლიოში იშვიათია, მაინცდამაინც ჩვენთან მოხდა. ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაზე, თუ როგორ გაგრძელდა შემდეგ ვაქცინაციის პროცესი.
დემოკრატიულ ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო ვერ გახდება, მაგრამ არსებობს მთელი რიგი წამახალისებელი საშუალებები. იგივე მწვანე პასპორტები, რომელიც აცრილ მოსახლეობას გარკვეულ უპირატესობას მისცემს. შეიძლება ეს სტატუსი მიენიჭოს კომპანიებსაც, რომელთაც ყველა თანამშრომელი აცრილი ეყოლებათ და გარკვეული შეღავათები ექნებათ. ამან იქნებ დააფიქროს აუცრელი მოსახლეობის ნაწილი, როდესაც სხვა მასზე უფრო მეტი უპირატესობა ექნება. როგორ წარმოგიდგენიათ სავალდებულო რომ იყოს, ცხვრებივით ხომ არ გარეკავენ ხალხს ასაცრელად. არადა, გადარჩენის ერთადერთი შანსი ვაქცინაციაშია, სხვანაირად წარმოუდგენელია.
როდესაც მირეკავენ კოვიდიანი პაციენტის მისაღებად, პირველ რიგში იმას ვკითხულობ აცრილი არის თუ არა. ძალიან მძიმეც რომ იყოს, აცრილი თუ არის, ისე არ ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ძალიან იშვიათია აცრილი პაციენტის შემთხვევაში ფატალური შედეგი დადგეს.
რეანიმაციაში მხოლოდ თითო-ოროლა აცრილი ავადმყოფი თუ გვყოლია და ისინიც სხვა მძიმე სნეულებებით გართულებული. მაღალი რისკის შემცველებად მიიჩნევიან მოხუცები და სხვა სომატური ავადმყოფები. რეანიმაციაში ცუდი პარამეტრების გამო მოხვედრილ მოხუც ავადმყოფს, ძალიან მცირე შანსი აქვს გადარჩენის. არ უნდა დავტოვოთ ეს ადამიანები უშანსოდ, უნდა ავცრათ…
კლინიკების ლანძღვა, უიმედო ავადმყოფს ვეღარ შველის, სამწუხაროდ. დიახ, ამბობენ კოვიდინფიცირებულზე “თავის ფეხით შევიდა და დამძიმდა…“ პაციენტების 99% თავისი ფეხით შედის, ფილტვის თუნდაც მძიმე დაზიანება სიარულს არ უშლის, მაგრამ აღმავალი პროცესი როდესაც მიდის, სწორედ კლინიკის პირობებში შეიძლება დამძიმდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად პაციენტიც ვერ ეხმარება ექიმს, ვერ ან არ იცავს დანიშნულ რეჟიმს, აუცრელია.
ყველაზე მძიმე კი მაინც კოვიდის მოულოდნელი გართულებებია. მოგეხსენებათ, ვირუსი აზიანებს ენდოთელიუმს, მათ შორის სისხლძარღვთა სისტემას. ნებისმიერ სისხლძარღვში შეიძლება მიმდინარეობდეს ფარულად ეს პროცესი და მედიცინის ახლანდელ ეტაპზე ვერ გავიგოთ. თუ ჩონჩხის კუნთებშია – ვიღებთ ჰემატომებს, რომელიც შეიძლება საოპერაციოც გახდეს. ხოლო თუ თავის ტვინის სისხლძარღვებშია პროცესი შეიძლება გასაწერი, თითქოს სრულიად გაჯანსაღებული ავადმყოფი უეცრად მოკლას. ამაზე მძიმე გადასატანი ექიმისთვის, მერწმუნეთ არაფერია…
რაც შეეხება ბუსტერ დოზას, ამას ვაქცინის მწარმოებლები წყვეტენ, როგორც მოხდა ეს “ფაიზერის“ შემთხვევაში. რაც შეეხება “ასტრაზენეკას“ მალე ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელი ვაქცინით მოხდება ბუსტერის გაკეთება. ზოგადად ძალიან ბევრია ორგანიზმზე დამოკიდებული. ვირუსი ჯერ მხოლოდ ორი წლის არის და შესწავლის პროცესშია. სამსახურში გვქონდა შემთხვევა, როდესაც ქალბატონმა გადაიტანა კოვიდი, შემდგომ აიცრა და მეორედ კიდევ შეხვდა, თუმცა რთულად არ გადაუტანია. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში კი შეიძლება იმდენად მყარი აღმოჩნდეს ორგანიზმში არსებული ანტისხეულები, რომ ერთი წელიც კი ეყოს.
წყარო – ამბები
კომენტარები