ყველასთვის ცნობილი ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა უამრავ ადამიანს ეხმარება საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში, მისი შედეგები გასაოცარია და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ადამიანები სიამოვნებით იშორებენ სასურველ წონას და დიეტით გამოწვეულ დისკომფორტს არ განიცდიან.
ნატა გაგუა: მე ვარ ჩემს პროფესიაზე შეყვარებული. ყოველთვის ვეძებ ახალ გზებს და განვითარების ახალ საშუალებებს. ბევრ დროს ვუთმობ ბულემიის, ანორექსიის, კვებითი ქცევის დარღვევის ჩამოყალიბების მიზეზების შესწავლას. სამედიცინო აკადემიაში სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გავიარე არა მხოლოდ დიეტოლოგიის, არამედ შინაგან სნეულებათა კლინიკური ორდინატურაც და ძალიან კარგად მესმის, თუ რა ფაქიზი თემაა წონის კორექცია.
დიეტოთერაპიის კურსის შემდეგ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი კარგავს მიღწეულ შედეგს. რადგან სასურველი წონის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კვებითი ქცევის მოდელის შეცვლა. მე ამ პრობლემას კომპლექსურად ვუდგები და ამის საფუძველზე ჩემს პაციენტებთან ერთად მაქვს ძალიან კარგი შედეგები. ექიმს უნდა ქონდეს ემპათიის დიდი დოზა. თითოეული ჩემი პაციენტი ჩემთვის წიგნია, მათ მოაქვთ ცოდნა და თავისი გამოცდილება, ხოლო ჩემგან მიაქვთ შედეგი და ახალი კვებითი ქცევის მოდელი. შემდეგ უკვე მათი ნებაა, გამოიყენებენ ამ ყველაფერს მომავალში თუ, დაიტოვებენ როგორც თეორიულ ცოდნას. პაციენტების უმრავლესობა პირველ კონსულტაციაზე მეუბნება: „ვაცნობიერებ რომ მაქვს წონის პრობლემა“, მაგრამ ამასთანავე მთავარია, ქცევაში რამდენად გეხმარება ეს.
ადამიანის ცხოვრების სტილი შინაგანი ფსიქიკიდან მოდის. გადაწყვიტეთ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება საკვების მიმართ? ექიმი დაგეხმარებათ გაპოვნინოთ გზა, გაანალიზოთ არაცნობიერში დამუხტული ძლიერი ენერგიით დალექილი ემოცია, ან ემოციები რატომ „გაკეთებინებთ“ იმას, რაც ასე ძალიან არ გინდათ.
მაგალითად, ოცნებობთ გახდომაზე, მაგრამ ამასთანავე ბევრ და კალორიულ საკვებს მიირთმევთ. რეალურად რა მოთხოვნილებაცაა წამყვანი (ცნობიერი ან არაცნობიერი) იმ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს პიროვნება. როდესაც პაციენტს მის საყვარელ პროდუქტებს უზღუდავ ან უკრძალავ, რას აძლევ სანაცვლოდ? მისთვის შეიძლება კვების პროცესი არის ორგანიზმის დაცვითი მექანიზმი და აკრძალვის შემდეგ გაუძლებს ემოციას? დიდი ალბათობით ვერ გაუძლებს, მითუმეტეს მოუმზადებლად. ამიტომაა დიეტოთერაპიის კურსი რთული, როგორც პაციენტისთვის ასევე ექიმისთვის. აუცილებელი პირობაა კვებითი ქცევის მოდელის საფუძვლიანი შეცვლა მიღწეული შედეგის შენარჩუნებისთვის.
– ყველაზე საინტერესო შემთხვევა თუ შეგიძლიათ გაისხენოთ თქვენი პრაქტიკიდან, როდესაც სასურველ შედეგს მიაღწიეთ?
ნატა გაგუა: არასდროს დამავიწყდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ურთულეს მდგომარეობაში მოვიდა. ორჯერ ჩაეძინა კონსულტაციის დროს, ეს საყურადღებო სიმპტომია. ასეთ დროს უკვე დაწყებულია ჰიპოქსია, უჯრედებს არ ყოფნით ჟანგბადი. მოტივაცია სუსტი ქონდა, ოჯახის წევრების თხოვნით მოვიდა და ურთიერთობის პროცესში გაიხსენა მისი ბავშვობის დროინდელი ფსიქოლოგიური ტრავმები და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული დისტრესები. ამას დაემატა არასწორად არჩეული პროფესიაც, საცხოვრებელი ადგილის ორჯერ შეცვლა, ახლობლის გარდაცვალება და ა.შ. თითქმის ათი თვე ვიმუშავეთ, გულწრფელი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ამ პერიოდში. წონაში დაიკლო 92 კგ, გადაწყვიტა შეეცვალა პროფესია, დაიწყო სისტემატიური ვარჯიში, შეუყვარდა მოგზაურობა. დღეს, ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრობს, ჯანსაღი ცხოვრების სტილი აქვს და მომწერა, რომ უპრობლემოდ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აგრძელებს ჯანსაღად კვებას და ვარჯიშს. თუ ადამიანი საკუთარი წონის პრობლემას ღებულობს როგორც გამოწვევას და იპოვის ადამიანს, ან ადამიანების ჯგუფს, რომლებიც დაეხმარებიან როგორ მართოს მადა, წონა და როგორ შეცვალოს დამოკიდებულება საკვების მიმართ აუცილებლად მიაღწევს შედეგს. შეუძლებელია ადამიანს დაეხმარო მისი სურვილის გარეშე. ყველა თავის თავს თვითონ შველის. ექიმი აღქმის კუთხეს გაპოვნინებს დანარჩენი უკვე თქვენზეა.
– როგორ ვმართოთ მადა და წონა?
ნატა გაგუა: კოვიდპანდემიის გამო რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ყოველდღიურება. ამ ყველაფერმა გამოიწვია შფოთვა, უიმედობის განცდა. ასეთ დროს უმეტესობა სიმშვიდეს საკვებში პოულობს და ყოველდღიურ ჩვევაში გადადის, რის გამოც იოლად იმატებს წონა ცხიმის ხარჯზე. სიმსუქნე სხვადასხვა დაავადებების გამომწვევია. როდესაც შფოთვის ფონზე გიძლიერდებათ მადა, ყოველთვის უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს არ არის ნამდვილი შიმშილი: გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიში 5 წუთი, დალიეთ წყალი, ან ენერგიულად იმოძრავეთ 10-15 წუთი, ან მიიღეთ კონტრასტული შხაპი. შეგიძლიათ დაურეკეთ მეგობარს და მოუყვეთ, რას გრძნობთ, რა ემოცია გმართავთ, ან თუ ძაღლი გყავთ გაიყვანეთ სასეირნოდ, ეთამაშეთ მას. მთავარია, გამოხატოთ ემოცია. ემოციის გამოხატვის ალტერნატივა უამრავია. პირველად გაგიჭირდებათ, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ ეს მარტივი ჩვევები ძალიან დაგეხმარებათ უმართავი მადის მართვაში.
– სიყვარული, ბულემია, ანორექსია…
ნატა გაგუა: ფსიქოტერაპევტები ამბობენ, რომ რასაც ვაცნობიერებთ, იმასვე ვაკონტროლებთ. ხოლო რასაც ვერ ვაცნობიერებთ, ის აქეთ გვაკონტროლებსო. მთავარია, შენივე მე არ იყოს შთანთქმული იმ შინაარსებით რაც არის ცნობიერების ველში, სამწუხაროდ ბევრი ვერ ანსხვავებს თავის მეს, თავის სხეულისგან.
თუ ზრდასრული ადამიანი ინფანტილურია (ბავშვურია), და ფსიქიკური დამოკიდებულებებით გამოირჩევა, ვერ ღებულობს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ან უჭირს პრობლემის გადაჭრა, მისი ფიზიოლოგია რეაგირებს არაადეკვატურად. მაგალითად, ბევრი სამუშაო აქვს და შეზღუდულია დროში, ის კი ამ დროს მუშაობის ნაცვლად იწყებს მადიანად ჭამას და უჭირს დანაყრება. ეს ფროიდის მიხედვით ორალურ სტადიაზე ფიქსირებაა. ამის კორექცია მხოლოდ დიეტოთერაპიით შეუძლებელია. ამ დროს ადამიანის პიროვნული სტრუქტურის შეცვლაა საჭირო. ეს არ არის მარტივი პროცესი, ასეთ ადამიანს რამდენიმე დაცვითი მექანიზმი აქვს. მთავარია არა პიროვნების „გადაკეთება“, არამედ დახმარება მისი სოციუმში ადაპტაციისთვის. პაციენტს უნდა გაუჩდეს სურვილი, რომ არ ავნოს საკუთარ თავს.
ანორექსიით დაავადებულს თითქმის არ ყავს მეგობრები. მათ აქვთ სქესთან იდენტობის სირთულე, უჭირთ ფემინური ფორმების მიღება. აქვთ არაცნობიერი სწრაფვა სიკვდილისკენ, (ინსტიქტი თანატოსი აქტიურდება). ასეთ პაციენტებს აქვს ფსიქიკის შიზოიდური წყობა, ამიტომ მათთან აუცილებელია ფსიქოთერაპიის და დიეტოთერაპიის კურსის ერთდროულად ჩართვა. გაგიკვირდებათ და მათი გამოჯანმრთელება არა მარტო წონის მომატებით, არამედ მეგობრის შეძენით იწყება. ბულემიით დაავადებულებს შიმშილის შეტევები ე.წ მგლური მადა მაშინ ეწყებათ, როცა მარტო არიან. ხალხთან ერთად ისინი თითქმის ყოველთვის გაურბიან საკვების მიღებას. კვება მათთვის არის სიყვარულის შევსების მცდელობა. მათი ფსიქიკა ისტერიული წყობისაა და ამ დროსაც აუცილებელია, არა მარტო კვების რაციონის კორექცია, არამედ ფსიქოთერაპიაც. თუ ბავშვობიდან გაკლდათ მშობლების მხრიდან სიყვარული და ყურადღება, შეიძლება გარკვეული ასაკიდან დაგეწყოთ კვებითი ქცევის დარღვევა. პირველ ძლიერ დადებით ემოციას ჩვილი საკვებით იღებს. ის იბადება ძლიერი სტრესით. დაბადების პირველივე წუთიდან ხვდება სინათლეში, ესმის მკვეთრი ხმები, პირველი რითიც მშვიდდება, ეს არის ბუნებრივი კვების პროცესი (დედის რძე). თუ სიყვარულით და მოფერებით აჭმევს დედა ჩვილს და ამ დროს მხოლოდ ჩვილითაა მოცული, ეს ძალიან კარგია ბავშვის მომავლისთვის. თუ კამათობს, შფოთავს და პარალელურად ასე კვებავს ჩვილს, ასეთი კვება არაკომფორტულია ბავშვისთვის და აუცილებლად გამოიწვევს მომავალში ქცევის ცვლილებას. ხშირად ზრდასრულ ადამიანს გონია, რომ ყველაფერი მისცეს მშობლებმა, განათლება, მატერიალურად უზრუნველყოფა, და ა.შ., მაგრამ როდესაც სიღრმისეული ფსიქოანალიზის კურსს გადის, აღმოაჩენს რომ თურმე მშობლებთან ჰქონდა ურთიერთობის დეფიციტი. არ უკითხავდნენ ზღაპარს, არ უმზადებდნენ საყვარელ კერძებს, არ ეთამაშებოდნენ და ა.შ.
– რატომ არის სიმსუქნე დაავადება?
ნატა გაგუა: სიმსუქნე ფართოდ გავრცელებული მეტაბოლური, მულტიფაქტორული, ჰეტეროგენული დაავადებაა. სიმსუქნის პირველად და მეორად ფორმებად დაყოფა პირობითია. სიმსუქნეს და მის გართულებებს უკავშირებენ მრავალრიცხოვან გენეტიკურ მარკერებს. თუმცა, ჰორმონალური, სინდრომული ან მოლეკულურ-გენეტიკური დარღვევების შესახებ არსებული მონაცემებით, შეიძლება აიხსნას სიმსუქნის შემთხვევათა მხოლოდ 5%. სწორედ ამიტომ მეცნიერთა აზრით სიმსუქნე პოლიეტოლოგიურია და რეალიზდება გენეტიკური და გარემო ფაქტორების რთული ურთიერთქმედების შედეგად. ის ჯანმრთელობის გლობალურ, ქრონიკულ პრობლემად არის მიჩნეული. სადღეისოდ სიმსუქნე განიხილება, როგორც ინვალიდიზაციის და ცხოვრების ხარისხის დაქვეითების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ზრდასრულ მოსახლეობას, არამედ ბავშვებსა და მოზარდებს. 2014 წლიდან მიღებული იქნა სიმსუქნის დიაგნოსტიკის ახალი ალგორთმი, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება: სხეულის მასის ინდექსის შეფასება ეთნიკური თავისებურებების გათვალისწინებით და სიმსუქნესთან დაკავშირებული გართულებების სიმძიმის შეფასებას. სიმსუქნესთან ასოცირებულ დაავადებებს მიეკუთვნება მეტაბოლური სინდრომი, პრედიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, დისლიპიდემია, ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დისტროფია, არტერიული ჰიპერტენზია, ღამის აპნოე, ინსომნია და სხვა. უმეტეს კვლევაშია დამტკიცებული სიმსუქნის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაკტორის როლი რეპროდუქციული დისფუნქციის გენეზში. ცხიმოვანი ქსოვილის მატება 20 %-ით იწვევს მენარხეს დარღვევას და პირველად უშვილობას.
– როგორ უნდა მოვიქცეთ მშობლები, რომლებსაც ძალიან დაკავებული დღის რეჟიმი გვაქვს, იმისთვის, რომ მომავალში ავირიდოთ ეს პრობლემები და რა მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმს?
ნატა გაგუა: ბავშვთან ურთიერთობისას მასთან გატარებული საათების რაოდენობაზე მეტად მნიშვნელოვანია ურთიერთობის ხარისხი. მათთან ყოფნის ყოველი წუთი უნდა გამოვიყენოთ და მაქსიმალურად გულწრფელები უნდა ვიყოთ. უნდა გავხდეთ მათი ცხოვრების თანამონაწილეები. ერთად უნდა გადავჭრათ მათი პრობლემები და ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ჩვენ გულწრფელად გვაინტერესებს მათი ყოველდღიური ცხოვრება.
აუცილებელია ბავშვის ძილის რეჟიმის მოწესრიგება. მელატონინის სინთეზი და ცირკადული რითმების ბალანსი, მხოლოდ სრულყოფილი ძილის დროს არის შესაძლებელი. ცირკადული რითმების ყველაზე ხშირ დარღვევას მიეკუთნება ამპლიტუდის დარღვევა, რაც განაპირობებს ძილის ხარისხის მკვეთრ გაუარესებას და დღის განმავლობაში მომატებულ დაღლილობას. მელატონინის სინთეზი მკვეთრად რეგლამენტირებულია, მისი რაოდენობის მატება იწყება სიბნელის დადგომასთან ერთად და პიკს აღწევს ღამის სამ საათზე. დილის საათებში მისი სინთეზი მცირდება და მინიმუმს აღწევს დღის მანძილზე. ამ ჰორმონის ფიზიოლოგიურ ქმედებებს განაპირობებს არა მხოლოდ მისი რაოდენობა, არამედ სეკრეციის რითმული ხასიათი. ხელოვნური განათების პირობებში ეპიფიზის მუშაობის ფიზიოლოგიური რითმი ირღვევა, რაც შესაძლოა გადაჭარბებულ კვებასთან და დაბალ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად გამოიხატებოდეს ინსულინრეზისტენტობის, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის და ა.შ განვითარების დამატებით ფაქტორად. მელატონინი წარმოადგენს მნიშვნელოვან ადაპტოგენს. როგორც ძლიერ ანტიოქსიდანტს და იმუნომოდულატორს, მას აქვს უნარი ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესში ჩაერთოს და უზრუნველყოს უჯრედების უნივერსალური დაცვა, ცენტრალური ნერვული სისტემის და პერიფერიული ორგანოების დონეზე. სწორედ ამიტომ არის ძილის ხარისხი და რეჟიმი ასე მნიშვნელოვანი წონის დასაკლებად.
– როგორ დავეხმაროთ ბავშვს სწორი კვების ჩამოყალიბებაში?
ნატა გაგუა: უნდა ვასწავლოთ ნელი კვება მშვიდ გარემოში, ეს კარგი ჩვევაა. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი (ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით მდიდარი), თუ ბავშვს არ უყვარს ხილი ან ბოსტნეული და არ აქვს ალერგია, უამრავი ტექნიკა არსებობს იმისთვის, თუ როგორ შეაყვაროთ, მაგალითად: დააჭრევინეთ ბოსტნეულიდან და ხილიდან ფიგურები, მასთან ერთად მოამზადეთ მისი საყვარელი კერძი. გახსოვდეთ, ბავშვმა კვებისგან უნდა მიიღოს სიამოვნება. მიაჩვიეთ სახლში მომზადებულ კერძებს. ბავშვმა ძირითადად სახლში უნდა იკვებოს თავის ოჯახის წევრებთან ერთად. არასოდეს არ უნდა „დაჯილდოვდეს“ ან „დაისაჯოს“ საკვებით, ეს უდიდესი შეცდომაა. ძლიერი ემოცია საკვებთან არ უნდა ასოცირდებოდეს, თუ ასე მოექცევით პატარას, ქცევის ეს მოდელი შეიძლება ზრდასრულობის ასაკში „გაყვეს“ და როგორც კი საკუთარი თავის დასჯას ან დაჯილდოვებას გადაწყვეტს, მაშინვე საკვებს აიკრძალავს, ან პირიქით უკონტროლო კვებით დაიზიანებს ჯანმრთელობას.
– როგორ უნდა მოვიქცეთ იმუნიტეტის ასამაღლებლად?
ნატა გაგუა: ტექნიკური პროგრესი, ურბანიზაცია, ხელოვნური განათება, მასიური კომპიუტერიზაცია, ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები, ხელს უწყობს ადამიანის ცხოვრების წესის ცვლილებებს ძილის ხანგრძლივობის შემცირების და ჰიპოდინამიის გაზრდის კუთხით. ამ პერიოდში ბევრს განუვითარდა ღამის კვების სინდრომი, რომელიც ხასიათდება კლინიკური სიმპტომების ტრიადით: დილის ანორექსია, ღამის ბულემია, ჰიპერსომნია (ძილის გაზრდილი მოთხოვნილება). ასევე დეპრესია შემოდგომა ზამთრის პერიოდში, ფსიქოგენური ჭარბი კვება, ღამის ჰიპერფაგია. ეს ყველაფერი იწვევს სხეულის წონის ცვლილებას. არ არის სასურველი მკაცრი, მონო დიეტები. აუცილებელია ადეკვატური კვება, ანუ როდესაც საკვები მისი შემადგენლობით, რაოდენობით, კალორაჟით შეესაბამება ორგანიზმის მოთხოვნებს და დამოკიდებულია ფერმენტული სისტემის მდგომარეობაზე, ბიორითმებზე, კვებითი მოტივაციის თავისებურებებზე და ასევე ფიზიკური აქტივობის ხარისხზე. ამ მექანიზმების ერთობლიობა მოიცავს კვების რეჟიმს, ტემპს და სუბიექტურ განწყობას კვების პროცესის მიმართ რომელიც დღეს განსაკუთრებით აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
ასევე აუცილებელია სრულფასოვანი ძილი: საერთო გრელინის (სხეულის მასის რეგულატორი პეპტიდური ჰორმონი) რაოდენობა იმატებს ძილის დროს. დღეღამური რითმის იძულებითი ცვლილებების პერიოდში მკვლევარები აკვირდებოდნენ ლეპტინის (მადის „მომთვინიერებელი“ პეპტიდური ჰორმონი) დონის შემცირებას, პოსტპრანდიალურ ჰიპერგლიკემიას (ჭამის შემდეგ მოთენთილობა), ინსულინის დონის მატებას, ასევე საშუალო არტერიული წნევის მატებას და კორტიზოლის სეკრეციის დარღვევას.
– რა პროდუქტები უწყობს ხელს წონაში კლებას და რას ნიშნავს ჯანსაღი კვება?
ნატა გაგუა: ცხიმების „ამოლაგებას“ კარგად უწყობს ხელს მოხარშული კვერცხის ცილა, ხორცისგან და მწვანე ფერის ბოსტნეულისგან უცხიმოდ მომზადებული კერძები. მადას აქვეითებს ერთი ჩ. კ. ქოქოსის კარაქი, ფერმენტირებული ნუში (წყალში 3-4 საათი მოათავსეთ 20 ცალი ნუში, წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის), როცა მოგშივდებათ დიდხანს დაღეჭეთ ნუში, ფაქტობრივად, თხევად მასად უნდა იქცეს პირის ღრუში. ნუში მდიდარია მაგნიუმით, შეიცავს რკინას, თუთიას და კარგად განაყრებთ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სეზონურ კვებას. კვების რაციონის შედგენისას ადამიანმა პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.
თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მიხედვით, ჯანსაღი კვება მოიცავს: ენერგიის ბალანსისა და ოპტიმალური წონის მიღწევას, მიღებული ცხიმების კალორაჟის შემცირებას, ნაჯერი ცხიმების შეცვლას უჯერი ცხიმებით და ტრანსცხიმოვანი მჟავეების ელიმინაციას. ასევე ხილის, ბოსტნეულის, მარცვლოვანი კულტურების, პარკოსნებისა და თხილის მოხმარების გაზრდას. შაქრისა და მარილის გამოყენების დოზირებას. ვენის დეკლარაციის ხელმომწერმა ქვეყნებმა აღიარეს, რომ ჯანსაღი, ბალანსირებული კვება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს, არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის 25%- ით შემცირებას.
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და სასურველ წონაზე ყოფნას, მაგრამ დაიმახსოვრეთ თუ დღეს გიჭირთ წონის დაკლება, მხოლოდ თქვენი ბრალი არ არის. ქრონიკული სტრესი პირველი ხელის შემშლელია წონის სამართავად, სამწუხაროდ პანდემიური ყოფა ჯერ-ჯერობით დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, იმედია ეს ყველაფერი მალე დამთავრდება და ჩვენც შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.
ნინო მახარაძე
კომენტარები