„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელსა და საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მიმართავს და მათთან შეხვედრას ითხოვს.
„საქართველოს მოქალაქეებმა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში დაამტკიცეს ტოტალიტარული რეჟიმის მიუღებლობა და მისწრაფება დასავლური ღირებულებების მიმართულებით, რისი გამოხატულებაც იყო დისიდენტური მოძრაობა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამ მისწრაფებებმა ფორმალიზებული სახე მიიღო საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების მიერ ხელმოწერილ არაერთ ხელშეკრულებასა თუ დოკუმენტში. საქართველოს დასავლური მისწრაფებების გამო, დღეს ქვეყნის ტერიტორიის 1/5 ოკუპირებულია, თუმცა ჩვენი მოქალაქეები არ ღალატობენ დემოკრატიულ იდეალებს და ამ მისწრაფებებში დასავლეთის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვთ.
ამ ფონზე ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები (აშშ და ევროკავშირის ქვეყნები) საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასებისას ეყრდნობიან მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიღებულ ინფორმაციას, ამასთან, ამ ორგანიზაციების ნაწილი პირდაპირ შეიძლება, ჩაითვალოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დანამატებად. აქედან გამომდინარე, ასეთი წყაროებისგან მიღებულ ინფორმაციებზე დამყარებული თქვენი განცხადებები არცთუ იშვიათად იძენს ცალმხრივ და მიკერძოებულ ხასიათს.
მოგიწოდებთ, რომ თქვენი განცხადებები დააფუძნოთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა უფრო ფართო წრისგან მიღებული ინფორმაციების ანალიზს, რათა გამოირიცხოს ამ განცხადებების ცალმხრივობის და მიკერძოებულობის განცდა.
ჩვენი სურვილია, რომ აღნიშნულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები პირადად შეგხვდნენ თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს“, – წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში
კომენტარები