Wizz Air-ი შექმნილი სიტუაციისა და სამგზავრო შეზღუდვებიდან გამომდინარე 2020 წლის 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისიდან ფრენებს აჩერებს: ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით.
კომპანიის განმარტებით, სამოგზაურო შეზღუდვები გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით.
მომხმარებლებს, რომლებსაც ეს ცვლილება შეეხოთ და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ-ფოსტაზე.
მათ ბილეთის ღირებულების 120%-იანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის Wizz Credit-ზე, რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ Wizz Air-ის პროდუქტებითა და სერვისებით, მაგრამ, ამასთანავე, ექნებათ შესაძლებლობა, მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება, რომელიც შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს.
მათ ელ-ფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ. ამ შემთხვევაში მომხმარებლებს აუნაზღაურდებათ ბილეთის ორიგინალური ღირებულების 100%.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები Wizz Air-ის მიზეზით არ არის გამოწვეული, კომპანია ბოდიშს გიხდით ფრენების გადადების გამო შექმნილი დისკომფორტისა და უსიამოვნებისთვის. მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ახლა კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აცხადებს კომპანია.
კომენტარები