პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, “ფორმულასთან” 2003 წლის 23 ნოემბერს იხსენებს და წერს:
“ვცდილობდი შევარდნაძეს დავკავშირვებოდი და მეთქვა, თუ გადაწყვეტდა ლეგიტიმაცია მიეცა არალეგიტიმური პარლამენტისთვის ამას მოჰყვებოდა მძიმე შედეგები, თუმცა, სამწუხაროდ, შევარდნაძემ ამ ზარს არ უპასუხა.
ჩვენ ვიყავით ნაციონალური მოძრაობის ოფისში, რათა ჩაგვერთო ტელევიზორი და გვეყურებინა პარლამენტის სხდომისთვის, იმედი, გვქონდა ახალი მემარჯვეენები არ შევიდოდნენ და კვორუმი არ შეიკრიბებოდა, როცა დავინახეთ რომ ახალი მემარჯვენეები შევიდნენ, ნამდვილად, სააკაშვილის პირველი რეაქცია იყო, რომ ალბათ, უნდა შევიდეთ, თუმცა, ის მარტო ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა, ვერ ბედავდა… და მე მახსოვს “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე აქტივისტის სიტყვები, მუშტები გვქონდა შეკრული, რას იტყვის ბურჯანაძეო, იმიტომ რომ ბატონი ზურაბი ჩუმად იჯდა… როცა შევხედე სიტუაციას, ვთქვი, რომ კი, უნდა შევიდეთ.
ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მეკისრებოდა მე, რადგან მე ვიყავი პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, რომელიც ჩემ თავზე ვიღებდი პრაქტიკულად კონსტიტუციურ გადატრიალებას, კი, კონსტიტუციურს, მაგრამ მაინც… მახსოვს, ბატონი ზურაბიც და მიშაც აღფრთოვანებულნი იყვნენ იმ ფორმულირებით, რომელიც მაშინ მე შევარჩიე, მე არ მითქვამს, რომ პრეზიდენტი გადავაგდეთ, ასეთი იყო, ისეთი იყო, რომ ქმედუუნარობაა, არ მივაყენე შეურაცხყოფა, ვთქვი, რომ პრეზიდენტის ქმედუნარიანობის საკითხის გარკვევამდე, მე ვიღებ ჩემ თავზე ამ პასუხიმსგებლობას-თქო, მიუხედავად ჩემი ახალგაზრდობისა, გაცნობიერებული მქონდა ის, რაც დღეს ოცნებას გაცნობიერებული არა აქვს, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ციხეში თმებით ათრევს. მე გაცნობიერებული მქონდა, რომ რევოლუციით გადაყენებული პრეზიდენტიც კი პრეზიდენტია და ინსტიტუტს, შენ თავს და შენ ხალხს პატივი უნდა სცე.
2003 წლის აპრილში ვუთხარი შევარდნაძეს, თუ ასე გააგრძელებთ, რევოლუცია მოხდება-თქო, ეს ინტუიციამ მათქმევინა, ვიცოდი, ხალხი როგორ ელოდებოდა ცვლილებებს და როცა დავინახე, შევარდნაძე მოწყვეტილი იყო რეალობას და ისევ იგივე ხალხით აპირებდა მართვის გაგრძელებას, ამან მათქმევინა ეს სიტყვები.
ჩვენ, სამი ლიდერი და ხალხი, ვითხოვდით ხელახალ არჩევნებს, კარგად გვქონდა გაცნობიერებული, განსაკუთრებით კარგად, მე და ბატონ ზურაბს, რომ მთელი ჩვენი გუნდი, არ ვიყავით მზად ხელისუფლების სრულმასშტაბიანად ხელში ასაღებად, მაგრამ მზად ვიყავით საპარლამენტო ძალაუფლების ხელში ასაღებად. პირველ პერიოდში, მიშაც ეუბნებოდა შევარდნაძეს, რომ ჩვენ არ ვითხოვთ თქვენ გადადგომას, ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებსო… მაგრამ ხელისუფლებამ ვერ გაიგონა… როდესაც შევარდნაძემ თქვა, რომ 500 ადამიანი იდგა ქუჩაში, მე მას ვუთხარი, ჩართეთ ტელევიზორი, ძალიან ბევრი ადამიანი დგას…
რა იყო რევოლუციის მიზეზი? მიზეზი იყო ქვეყანაში არსებული რევოლუციური სიტუაცია და ხელისუფლების უნარის არქონა ამ სიტუაცია გამკლავებოდა.”
კომენტარები