კორონავირუსის დროს ანთების საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატის მიღებამ შესაძლოა გამოჯანმრთელების ნაცვლად უფრო მეტად დაამძიმოს ადამიანის მდგომარეობა. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა დაწერა „ტვიტერში” საკუთარ გვერდზე და კონკრეტული მედიკამენტებიც დაასახელა, თუ რომლის მიღებაა განსაკუთრებით საშიში და რომლის – სასურველი.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანების ნაწილი ექიმის დანიშნულების გარეშეც იწყებს მკურნალობას „კოვიდ-19″-თვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ან, უბრალოდ, პროფილაქტიკისთვის და ისეთ მედიკამენტებს მიმართავს, რომელთა მოქმედებამ, შესაძლოა უარესი შედეგი გამოიღოს.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, კონკრეტულად საუბარია „იბუპროფენსა” და „კორტიზონზე”, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს ადამიანმა. მაღალი სიცხის შემთხვევაში, ვერანი რეკომენდაციას უწევს „პარაცეტამოლს”, რომელიც ასევე ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია:
„იმ შემთხვეაში, თუ უკვე იღებთ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, ან ფიქრობთ, რომ მათი მიღება გჭირდებათ, კონსულტაცია გაიარეთ ექიმებთან”, – განმარტა ოლივიე ვერანმა.
14 მარტს ევროპარლამენტის წარმომადგენელმა, დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი კრიზისი, როგორიც კორონავირუსმა გამოიწვია, არ ყოფილა:
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა მიიღო ზომები, რაც მსოფლიოს დაეხმარება კორონავირუსის პანდემიის ფონზე არსებულ სირთულეებთან გამკლავებაში – იგულისხმება როგორც კორონავირუსის პანდემია, ასევე „კოვიდ-19″-ის გავრცელების გამო შექმნილი ეკონომიკური პრობლემები. სასოლის განმარტებით, საკუთარი ძალებით და დამოუკიდებლად ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაუმკლავდება პანდემიის შედეგებს.
ამჟამად, მსოფლიოში 152 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ლეტალური შედეგით კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის 5 801 შემთხვევა დასრულდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 73 030-ს მიაღწია.
კომენტარები