“ჩემი ცოლის დაქალები” განაგრძობს სერიალში ახალ-ახალი პერსონაჟების შემოყვანას. ამ სეზონზე ბაქარ ორჯონიკიძის გმირს ახალი პატრნიორი ჰყავს – გოგონა მისივე სოფლიდან, რომელიც მოსწონს… ის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობი ნანცო ცხვირაშვილია:
– ყველა მსახიობისთვის საოცნებო ზარი მქონდა – ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა. ამ როლისთვის მსახიობ გოგოს ეძებდნენ. თეკლა ჯავახაძემ გამიწია რეკომენდაცია და დიდი მადლობა მას ასეთი ნდობისთვის. შემდეგ, ტრადიციულად, სცენარი გადმომიგზავნეს, ჩავწერე სინჯი და გავაგზავნე. მთელი ეს ისტორია ჩემთვის იღბლიანი გადაწყვეტილებით რომ დასრულდა, უკვე თქვენ და ჩცდ-ს მაყურებელმაც იცის.
– თქვენი თამაში დამაჯერებელია – ბევრს მოეწონა… თავად რას იტყვით პერსონაჟზე?
– მიხარია, თუ ეს ასეა, თუმცა ყველაფერს მაინც მაყურებელი გადაწყვეტს… ჩემს პერსონაჟს რაც შეეხება, პერსპექტიული გოგო მგონია, ვნახოთ, რა გზით განვითარდება მისი ამბავი. ჯერჯერობით დედის რჩევებს იზიარებს და თვითონაც საკმაოდ დაკვირვებულია, მოზომილი, თან, მეოცნებე, ვითომ ცოტა გულუბრყვილოც. ამ ეტაპზე პატარა სივრცეშია და ამიტომ რთულია, მთლიანად მისი ხასიათი გამოჩნდეს, თუმცა ამითაც საინტერესოა.
– სანამ ამ სერიალში მოხვდებოდით, უყურებდით თუ არა მას და გქონიათ თუ არა სურვილი მასში თქვენც გეთამაშათ? აქვე რას იტყვით პარტნიორებზე და გადამღებ ჯგუფზე?
– საქართველოში ყველაზე პოპულარული სერიალი როგორ შეიძლება არ მომწონდეს და მოხიბლული არ ვიყო. ძალიან მომწონს და პირველივე დღიდან ყველა სეზონს ვუყურებ. რაც შეეხება პარტნიორებს და გადამღებ ჯგუფს, ყველას უდიდეს მადლობას ვეტყვი. რადგან რთულია, უცხო გარემოში დებიუტი (არ მქონდა კამერასთან მუშაობის გამოცდილება). მეშინოდა წარმოდგენის – როგორ დამხვდებოდნენ. როგორია ამდენ გამოცდილ ადამიანთან ერთი ამოსუნთქვით შეხვიდე და ითამაშო, ახალი პერსონაჟი დაამახსოვრო მაყურებელს, გაამართლო. მაგრამ ისე მიმიღეს, ისეთი ატმოსფერო იყო, უცხოდ და გამოუცდელად არ მიგრძვნია თავი. ესეც კარგ გამოცდილებას მოაქვს ალბათ. მეც რომ არ ვთქვა, ფაქტია, საუკეთესო პროექტია და საუკეთესო გუნდის გარეშე ვერ გამოვიდოდა, თან ამდენი წლის მანძილზე ასეთი რეიტინგით.
– თქვენი გმირი საკმაოდ სკანდალური პერსონის ბაქარ ორჯონიკიძის რჩეული გოგონაა… მოგწონთ ბაქარის პერსონაჟი?
– ცალსახად საინტერესო სახეა, არაერთგვაროვანი. ადვილად ვერ ახსნი, როგორია და თუ ეპითეტია საჭირო, ალბათ უფრო პატივმოყვარე, კარიერისტი. მომწონს პარტნიორის რანგში და არა ბაქარის ტიპი ცხოვრებაში.
– ე.ი. ბუბა, როგორც მსახიობი, კარგი პარტნიორია…
– პერსონალური მადლიერება ბუბას. კარგი პარტნიორის დამსახურებაა, თუ მაყურებელს ჩემი პერსონაჟიც მოეწონა. მისმა ბუნებრივობამ გამათამამა.
წყარო: ambebi.ge
კომენტარები