ისრაელში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი შტამით ინფიცირებული პირი ისრაელის მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში მალავიდან დაბრუნდა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ეჭვი არსებობს, რომ კიდევ ორი პირია აღნიშნული შტამით დაინფიცირებული და მათი ტესტის საბოლოო შედეგებს ელოდებიან.
სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
დიდი ბრიტანეთი სამხრეთ აფრიკასა და აფრიკის კიდევ 5 სახელმწიფოსთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს, ხოლო ისრაელმა სამხრეთ აფრიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. წითელ სიაში შეიყვანა.
კომენტარები