რას წერდა “ალია” ოცნების გეგმების შესახებ 22 ნოემბერს? სცენარი, რომელიც კარგა ხნის წინ არსებობდა, “ოცნებამ” დღეს წარმატებით განახორციელა.
ანი დვალიშვილი, ალია
წესითა და რიგით, ახლადარჩეულმა საკრებულოებმა პირველი სხდომა 25 ნოემბერს უნდა გამართონ. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო დაგეგმილი და საამისოდ ყველაფერიც მზად გახლდათ. უფრო მეტიც, საკრებულოს ახლადარჩეული წევრები გააფრთხილეს კიდეც, რომ ისინი 25 ნოემბერს უნდა გამოცხადებულიყვნენ, თუმცა…
მოგეხსენებათ, რამდენიმე მუნიციპალიტეტისა თუ თვითმმართველი ქალაქის საკრებულო ოპოზიციურია, ანუ უმრავლესობაში სწორედ ოპოზიციის წევრები არიან. მაგალითისთვის, წალენჯიხის საკრებულო ლამის მთლიანად ოპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს სწორედ ისინი დაგეგმავენ და როგორც უნდათ, ქალაქსა თუ რაიონს ისე მოარგებენ. აი, სხვაგან კი, მაგალითად რუსთავში, არის უდიდესი ალბათობა იმისა, რომ ოპოზიციურმა საკრებულომ (16 წევრი ოცნებას ჰყაავს, 16 ნაციონალურ მოძრაობას და 3 გიორგი გახარიას პარტიას) ახალი ბიუჯეტი ზედიზედ სამჯერ ჩააგდოს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ახლადარჩეული მერის, ანუ ქალბატონი ნინო ლაცაბიძის იმპიჩმენტს. იგივე შეიძლება მოხდეს სხვაგანაც.
„სწორედ ამიტომ, იმ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში, სადაც ოპოზიცია უმრავლესობაშია და შესაძლებელია ბიუჯეტი ჩავარდეს, ახალი საკრებულოები 3 დეკემბერს შეიკრიბებიან. 3 დეკემბერი არის ბოლო ვადა, სადამდეც ძველ საკრებულოს აქვს ფუნქციონირების უფლება. ჰოდა, 3 დეკემბრამდე 2022 წლის ბიუჯეტს სწორედ ძველი საკრებულო დაამტკიცებს, რითიც ოპოზიციურ საკრებულოებს შესაძლებლობას მოუსპობს ბიუჯეტი ჩააგდონ და ახლადარჩეული მერების იმპიჩმენტის საკითხი დააყენონ“, – ეუბნება „ალიას“ წყარო.
თეორიულად, „ოცნება“ უკანონოს არაფერს ააკეთებს, პრაქტიკულად კი, მომავალი წლის ბიუჯეტს იღებს ის ხალხი, ვინც მას აღარ განკარგავს, მაგრამ ეს კანონდარღვევა არ არის და ამიტომ, ნაციონალების ფიქრები (განსაკუთრებით რუსთავის მიმართულებით) რომ არეულობას მოაწყობდნენ და მერის იმპიჩმენტს მოითხოვდნენ, ფიქრადვე დარჩება.
კომენტარები